
ისლამისტთა აქციების ტალღა ევროპასაც მოედო…
16:41:13     17-09-2012
ისლამისტთა აქციებმა ევროპაშიც გადაინაცვლა. ყველაზე აგრესიული არასანქცირებული მანიფესტაცია 250 ადამიანის დაკავებით დასრულდა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. პოლიციის მონაცემებით, აქციის დროს პოლიციის ოფიცერიც დაშავდა.
სტიქიური საპროტესტო აქციები ჩატარდა ქალაქ ბორგერჰაუტში, სადაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა ცხოვრობს. თვითმხილველთა თქმით, ისინი ყვიროდნენ ლოზუნგებს: „გამყიდველო ძაღლებო“, „აღვდგეთ ერთად“.
არაბებმა უარი თქვეს პოლიციის მოთხოვნაზე, დამორჩილებოდნენ და დაშლილიყვნენ, ამიტომ სამართალდამცველებმა აქციის ყველა მონაწილე დააკავეს.
ოფიციალური ცნობით, ანტვერპენში აქციისა და არეულობების მოწოდებით ადგილობრივი ადგილობრივი სალაფიტური დაჯგუფება „შარიათი ბელგიისათვის“ გამოვიდა. მანვე მოუწოდა თავის მომხრეებს, აქციები მოეწყოთ ჰოლანდიის ამსტერდამში აშშ-ის საელჩოსთან.
დემონსტრაცია ბელგიის კიდევ ერთ ქალაქში, გენტში ჩატარდა, თუმცა ის სანქცირებული იყო მშვიდად ჩაიარა კიდეც. ახალგაზრდები სკანდირებდნენ ლოზუნგს: „ჩვენ გვსურს პატივისცემა“, „ალაჰი დიდია!“.
საპროტესტო გამოსვლები დანიის მუსულმანებმაც მოაწყვეს. ისლამისტურმა ორგანიზაციამ „ხიზბ უტ-ტახრირმა“კოპენჰაგენში აშშ-ის საელჩოსთან ჩაატარა მანიფესტაცია, რომელშიც ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი ლოზუნგიც „ალაჰი დიდია“ იყო. საპროტესტო აქციის დასასრულს ინცინდენტები მოხდა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
საფრანგეთშიც ასობით მუსულმანი გამოვიდა არასანქცირებულ დემონსტრაციაზე აშშ-ის საელჩოსთან. 150 ადამიანი პოლიციამ დააკავა. პარიზში დასავლეთის სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების დაცვა გაძლიერებულია, შს მინისტრმა მანუელ ვალსმა კი განაცხადა, რომ არ დაუშვებს მუსულმანთა ანტიამერიკულ აქციებს.
„მე არ დავუშვებ, რომ ჩვენს ქუჩებში იარონ სახედაფარულმა ქალებმა და იძახონ ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოებისადმი მტრული ლოზუნგები. ადამიანთა ეს ჯგუფი არ უნდა აგვერიოს ჩვენს თანამოქალაქე უმრავლესობა მუსულმანებში. ეს ადამიანები მხოლოდ კარიკატურაა იმ ისლამზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში აღიარებენ“ - განაცხადა მან.
ევროპის მასშტაბით, საფრანგეთში, მუსულმანთა ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრეობს, ისინი დაახლოებით 4 მილიონს შეადგენენ.
დიდ ბრიტანეთში კი მუსულმანთა გამოსვლები ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო და ყოველდღიურად ძალას იკრებს. მეტ-ნაკლებად მასობრივი დემონსტრაციები ლონდონში ტარდება. ამერიკის საელჩოსთან ათასამდე მუსულმანი შეიკრიბა. ისინიც ისლამური ორგანიზაციის „ხიზბ უტ-ტახრირის“ ნაწილს შეადგენენ, რომლის მთავარი მიზანიც არაბულ სამყაროში გაერთიანებული ისლამური ხალიფატის შექმნაა. აქციის მონაწილეთა პლაკატებზე ეწერა: „ამერიკა, გაეთრიე მუსულმანთა მიწიდან“.
პარალელურად, გაცილებით აგრესიული აქციები გრძელდება თავად მუსულმანურ ქვეყნებში. პაკისტანის ყარაჩიში, სადაც რამდენიმე ასეული რადიკალი ისლამისტი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადა, პოლიციამ ჯერ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა ბოლოს მაინც გახდა იძულებული ცეცხლი გაეხსნა. შედეგად აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.
ანტიამერიკული აქციები პაკისტანის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა - პეშევარში, ლახორსა და ისლამაბადში. პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის გარკვეულ რაიონებში სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიცვას თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობები. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ აზიის ქვეყნებში ვიზიტისას განაცხადა.
აშშ-მა ლიბიაში ორი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. ორივე გემს შეიარაღებაში აქვს ფრთოსანი რაკეტები „ტომაჰავკი“ და მათი გამოყენება შესაძლებელია ადამიანთა ევაკუაციის მიზნითაც. მანამდე კი ბენღაზიში ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც ჩავიდნენ.
ლეონ პანეტამ არ გააკეთა კომენტარი კითხვაზე, ხდება თუ არა რეგიონში ამერიკის დამატებითი ძალების გადასროლა. თუმცა თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ნებისმიერ წინააღმდეგობას გაუმკლავდება, რომელიც მათი დიპლომატიური მისიებისა და საკუთრების მიმართ წარმოიქმნება.
პანეტას თქმით, აშშ თავისი ჯარების დილოცირებას ისე ახდენს, რომ მათ რეაგირება 18 სხვადასხვა მიმართულებაზე შეძლონ, თუმცა რა საკვანძო მიმართულებებზე საუბრობდა, მას არ დაუზუსტებია.