აშშ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავადაცვის სისტემას შეუქმნის

  14:28:28     17-09-2012

საქართველოში ჩამოვიდა ექსპერტთა პირველი ჯგუფი, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხებს შეიმუშავებს. ვიზიტი 2009 წლის იანვარში თბილისსა და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი ქარტიის ფარგლებში მიმდინარეობს. არსებითად, აქ საუბარია საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნის თაობაზე.

თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, ამერიკელ ექსპერტთა ეს ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს და სპეციალისტები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მდგომარეობას შეისწავლიან. მეორე ეტაპზე კი „პოტენციური საფრთხეებიდან გამომდინარე“ შეიქმნება შესაბამისი დოქტრინა, ხოლო მესამეზე მოხდება „დოქტრინის იმპლემენტაცია, რომელიც რეალურად გაწერილი იქნება საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების ღონისძიებებიდან გამომდინარე“.

მინისტრისვე თქმით, თბილისი ვაშინგტონისგან ასევე მოელის  სამხედრო ვერტმფრენთა პარკის მოდერნიზაციასა და ამ სფეროში სპეციალისტების, ასევე სამხედრო ინჟინერიის ხაზით მომზადებას. საქართველოში ამ  პროექტების სარეალიზაციოდ უახლოეს მომავალში ჩამოვლენ პროფილური ექსპერტთა ჯგუფები.

ჩამოსვლისთანავე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკელი ექსპერტები შეუდგნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის საზღვაო აკვატორიაზეც, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებებათა ანალიზს. ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ . რომ მათი ვიზიტი ძალზე მნიშვნელვანია ქვეყნისთვის, რადგანაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს“.

როგორც ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „მტრულად განწყობილი მეზობლის არსებობის შემთხვევაში ამ სისტემის აწყობა წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის მთავარ საკითხს“. „სწორედ სუსტი ჰაერსაწნააღმდეგო თავდაცვის სისტემა გახდა 2008 წლის ომში დამარცხების მიზეზი“, – მიაჩნია მას.