
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
12:14:01     17-09-2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ტელეკომპანია „რეალ ტვ“-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინცინდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოხდა.
როგორც ცნობილია, გუშინ, ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ტელეხიდი გაიმართა, სადაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. „რეალ ტვ“-ს გადამღები ჯგუფი ზესტაფონში სწორედ იმ ადგილას მივიდა, საიდანაც ტრანსლაცია ხორციელდებოდა. ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოჩენა უსიამოვნო აღმოჩნდა „ინფო 9-ს“ ჟურნალისტის, ეკატერინე დუგლაძისთვის.
ადგილზე მისული ეკატერინე თავის პროფესიული მოვალეობის შესრულებას დაცვის თანამშრომლის ფუნქციასაც უთავსებდა. სწორედ დუგლაძემ გააპროტესტა ადგილზე კოლეგების მისვლა და ცდილობდა ისინი შენობაში არ შეეშვა.
„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე ყვება, რომ ადგილზე მისულებს იმის გარკვევა აინტერესებდათ, თუ რა შეკითხვების დასმა სურდათ მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილისთვის.
„როდესაც მივედით, მანქანიდან გადავედი. როგორც ჟურნალისტს, მიკროფონი მეჭირა. ადგილზე მოვიდა „ინფო 9“-ს ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე, რომელიც ცდილობდა გავერიდებინე იქაურობისთვის. „ქართული ოცნების“ აქტივისტები გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და გვეძახდნენ, რომ აქ თქვენ არაფერი გესაქმებათო. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“რამდენიმე აქტივისტმა გვერდით გამიყვანა და სიტყვიერი შეურაცხოფა მომაყენა, რასაც ანალოგიურადვე ვუპასუხე“-ამბობს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის მონაყოლით, ამ ინცინდენტის შემდეგ, სამმა ადამიანმა გაიყვანა ცოტა მოშორებით. ამ დროს კი ერთ-ერთი „მეოცნებე“ გაიქცა და ჟურნალისტს თავში ბოთლი ჩაარტყა.
თორნიკე კოშკაძემ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ. სამართალდამცავებს აქვთ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.