მოსე

  09:07:21     17-09-2012

4 (ახალი სტილით 17) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველისა და ღვთისმხილველის - მოსეს ხსენების დღეს (დაახლოებით +1531 ქრისტეს შობამდე).

მოსე ლევიტელთა ტომიდან იყო. იგი ეგვიპტეში დაიბადა, ტყვეობაში, ძვ. წ. XIV საუკუნეში. მისი დაბადების ჟამს ფარაონის ბრძანებით უნდა დაეხოცათ ებრაელთა ახალშობილი ვაჟიშვილები, რომ ებრაელთა ერი არ გამრავლებულიყო. ფარაონის ბრძანების შიშით დედამ კიდობანში ჩააწვინა პატარა მოსე და ნილოსის დინებას, ანუ ღმერთს მიაბარა, სადღაც, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგვიპტეს დელტაში. მისი უფროსი და და ძმა, აარონი და მარიამი საკუთარ ოჯახში იზრდებოდნენ. ნილოსს გაყოლებული ჩვილი მდინარის პირას საბანაოდ ჩასულმა ფარაონის ქალიშვილმა იპოვა, იშვილა და დაარქვა მოსე, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს.

ფარაონის ასულის შვილობილი მდიდრულად ცხოვრობდა, ფუფუნებაში. მიიღო შესანიშნავი განათლება. მაგრამ, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ებრაელი იყო წუხილმა შეიპყრო თავისი მშობელი ხალხის ბედის გამო. ერთხელ მან იხილა, რომ ეგვიპტელი მონათა ზედამხედველი  ჩაგრავდა, სცემდა ებრაელს. მოსე გამოესარჩლა თანამემამულეს და შემოაკვდა ეგვიპტელი.  ფარაონის შიშით ვეღარ გაჩერდა ეგვიპტეში და მადიამის ქვეყანაში გაიხიზნა. იქ იოთორ მღვდელთან მსახურად დადგა, შემდეგ მისი ასული შეირთო ცოლად.

ერთხელ მოსეს გამოეცხადა ღმერთი ალმოდებული მაყვლის ბუჩქის სახით, რომელიც არ იწვოდა. მოსემ გაიგონა უფლის ხმა:

„მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.

ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.

და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.

და აწ ესერა, ღაღადებაჲ ძეთა ისრაჱლისათა მოიწევის ჩემდა და მე ვიხილე ჭირი მათი, რომელსა ეგჳპტელნი აჭირვებდეს მათ.

აწ უკუე მოვედ და მიგავლინო შენ ფარაოჲსა, მეფისა მის ეგჳპტელთასა, და გამოიყუანო ერი ჩემი - ძენი ისრაჱლისანი - ქუეყანით ეგჳპტით“...

მოსეს განსამტკიცებლად უფალმა დახმარება აღუთქვა მას. ღვთის რჩეული წინასწარმეტყველი დაემორჩილა უფლის ნებას და ეგვიპტეში დაბრუნდა.

მოსემ მოსთხოვა ფარაონს გაეთავისუფლებინა მისი ხალხი. ფარაონი უარზე იყო. უფალმა 10 უბედურებით დასაჯა ეგვიპტე, რის შედეგად ფარაონი იძულებული გახდა გაეშვა ებრაელები ეგვიპტიდან.

ებრაელები მოსეს მეთაურობით დაადგნენ გზას აღთქმული ქვეყნისაკენ. მაგრამ პატივმოყვარეობით ატანილი ფარაონი გამოედევნა მათ თავისი ჯარით. მეწამულ ზღვასთან
მოსემ კვერთხი დაჰკრა და ზღვა  ორად გაიპო. ებრაელებმა გაიარეს, მდევრები კი წალეკა მეწამულმა ზღვამ.

ღმერთმა კიდევ არა ერთი სასწაულის მომსწრე გახადა ებრაელები, რომელთაც მოსეს ხელით აღასრულებდა...

როდესაც გზად მიმავალი ებრაელები სინას მთას მიუახლოვდნენ, უფალი გამოეცხადა მოსეს და მისი მეშვეობით ებრაელებს ხალხს: „აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა“. შემდეგ უფალმა ათი მცნება მისცა ებრაელებს, ვითარცა ღვთის რჩეულ ხალხს და სხვა კანონები...

ორმოცი წელი იარეს ებრაელებმა უდაბნოში მოსეს მეთაურობით და მიუახლოვდნენ აღთქმულ ქვეყანას. ბოლოს მოსემ იხილა აღთქმული მიწა და ისე გარდაიცვალა. მისი ხალხი კი შევიდა აღთქმულ ქვეყანაში...

წმინდა წინასწარმეტყველი მოსე იყოს ქართველი ერის შემწე, რათა შევძლოთ ხალხთა საპყრობილის, ახალი ეგვიპტის - რუსეთის იმპერიის დამარცხება და ჩვენი ოკუპირებული მიწების დაბრუნება! საქართველო ჩვენი აღთქმული მიწაა!

ტროპარი:

მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

კონდაკი:

სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყელთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

კონდაკი:

გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

გავიხსენოთ მოსეს ბავშვობისა და ეგვიპტიდან გახიზვნის თავგადასავალი ძველი აღთქმიდან.

ძველი აღთქმა

წიგნი გამოსლვათა, რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ

2

1. ხოლო იყო ვინმე ტომისაგან ლევისა, რომელმან გამოიყუანა ცოლი ასულთაგან ლევისთა და ესუა იგი ცოლად.

2. მუცლად-იღო და შვა მან წული, ვითარცა იხილა იგი მკჳრცხედ, მალვიდეს მას სამ თუე.

3. და ვითარ-იგი ვერღარა ეძლო დამალვად, მოიღო დედამან მისმან კიდობნაკი და მოფისა იგი და შთააწვინა ყრმაჲ იგი მას შინა და დადგა იგი შამბსა შინა მდინარის, კიდესა მას.

4. და ხედვიდა დაჲ მისი შორით, რათა უწყოდის, რაჲძი შეემთხჳოს მას.

5. შთავიდოდა ასული ფარაოჲსი ბანად მდინარესა მას და შიმუნვარნი მისნი უვიდოდეს იმიერ და ამიერ მდინარის კიდესა მას. და იხილა კიდობანი იგი შამბისა შორის და მიავლინა შიმუნვარი თჳსი და მოიღო იგი.

6. აღაღო და იხილა ყრმაჲ იგი, ტიროდა კიდობანსა მას შინა და განარინა ასულმან ფარაოსმან და თქუა: ყრმათაგანი ებრაელთასა არს ესე.

7. ჰრქუა ასულსა ფარაოსსა დამან მის ყრმისამან: გნებავს, მოგიხადო დედაკაცსა მზარდულსა ებრაელთაგანსა და გიწოებდეს ყრმასა მაგას?

8. ხოლო ასულმან ფარაოსმან ჰრქუა: წარვედ, უწოდე. წარვიდა ქალი იგი და უწოდა დედასა მის ყრმისასა.

9. და ჰრქუა მას ასულმან ფარაოჲსმან: დამიმარხე მე ყრმაჲ ესე, აწოებდ მაგას და მე მიგცე სასყიდელი შენი. მიიქუა დედაკაცმან მან ყრმაჲ იგი და აწოებდა მას და, ვითარცა აღორძნდა ყრმაჲ იგი, შეჰგუარა იგი ასულსაა ფარაოსსა.

10. და იყო იგი მისსა შვილად და დასდვა სახელი მისი მოსე და თქუა: წყლისაგან გამოვიღე ეგე.

11. და იყო, დღეთა მრავალთა განჰმწჳსნა მოსე და განვიდა ძმათა მისთა ძეთა ისრაჱლისათა ხილვად ჭირისათჳს მათისა. და იხილა კაცი ეგჳპტელი, სცემდა რაჲ კაცსა ვისმე ებრაელსა ძმათაგან მისთა, ძეთა ისრაჱლისაგანისა.

12. მიიხილა აქა და იქი და არა ვინ იხილა, მოკლა ეგჳპტელი იგი და დაფლა ქჳშასა შინა.

13. ხოლო გამო-რა-ვიდა იგი მეორესა დღესა და იხილნა ორნი კაცნი ებრაელნი, იბრძოდეს და ჰრქუა: რომელ-იგი ავსებდა მოყუასსა თჳსსა, რაჲსათჳს, სცემ შენ მოყუასსა თჳსსა?

14. ხოლო მან ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ანუ მოკლვაჲ ჩემი გნებავს შენ, ვითარცა მოჰკალ გუშინ ეგჳპტელი იგი? შეეშინა მოსეს და თქუა: უკუეთუ ესრეთ განცხადნა სიტყუაჲ ესე?

15. ესმა ფარაოს სიტყუაჲ ესე და ეძიებდა მოკლვად მოსეს, წარივლტოდა მოსე პირისაგან ფარაოჲსსა და დაემკჳდრა ქუეყანასა მადიამისასა, და მოვიდა იგი ქუეყანასა მადიამისასა და დაჯდა ჯურღმულსა ზედა.

16. ხოლო მღდელსა მადიამისასა ესხნეს შჳდ ასულ და მწყსიდეს ცხოვართა მამისა მათისა იოთორისთა, ვითარცა მოვიდეს, აღმოავსებდეს, წყალსა, ვიდრემდე აღავსეს ისარნები იგი, რათა ასუან ცხოვართა მამისა მათისათა.

17. მოვიდეს მწყემსნი და წარასხნეს იგინი, აღდგა მოსე და განარინნა იგინი და აღმოასხა წყალი და ასუა ცხოვარსა მათსა.

18. და შევიდეს იგინი რაგოელ, მამისა მათისა, ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲსათჳს ისწრაფეთ შემოსლვად დღეს?

19. და მათ ჰრქუეს: კაცმან მეგჳპტელმან განმარინნა ჩუენ მწყემსთაგან და მივსო ჩუენ წყალი და ასუა ცხოვართა ჩუენთა.

20. ხოლო მან ჰრქუა ასულთა თჳსთა: სადა არს? და რაჲსათჳს დაუტევეთ კაცი იგი? მოუწოდეთ მას, რათა ჭამოს პური.

21. და დაემკჳდრა მოსე კაცისა მის თანა და მისცა სეფორა, ასული თჳსი, მოსეს ცოლად.

22. მიუდგა დედაკაცი იგი და შვა ძე და სახელი უწოდა მას გერსამ და, თქუა: რამეთუ მწირ ვარი მე ქუეყანასა უცხოსა, ხოლო სახელი მეორისა მის უწოდა ელიეზერ და თქუა: ღმერთი მამისა ჩემისა შემწე ჩემდა და მიჴსნა მე ჴელთაგან ფარაოჲსთა.

23. შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტელთა და სულთ-ითქუმიდეს ძენი ისრაჱლისანი საქმეთა მათგან ფიცხელთა და ღადადებდეს.

24. და მიიწია ღაღადებაჲ მათი წინაშე ღმრთისა და შეისმინა სულთქუმანი მათნი და მოიჴსენა ღმერთმან აღთქუმაჲ იგი თჳსი აბრაჰამის მიმართ, ისაკ და იაკობისა.

25. და მოხედნა ღმერთმან ძეთა ისრაჱლისათა და გამოეცხადა მათ.