თამარ ლომიძის „გალატეა“ - „ხვარამზეობა 2012-ის“ მესამე პრემია

  09:03:21     17-09-2012

ჩატარდა პოეტ ქალთა ტრადიციული კონკური „ხვარამზეობა 2012“.

ხვარამზეს პრემიის 2012 წლის ლაურეატები გახდნენ:

მესამე პრემია - თამარ ლომიძე ლექსისათვის "გალატეა";

მეორე პრემია - ლელა ცუცქირიძე ლექსისათვის "შემოიარე სიყვარულო";

პირველი პერმია - ქეთი დიდიშვილი ლექსისათვის "ჭრიჭინობელებმა რა იციან";

დიდი პრიზი - ლია ლიქოკელი ლექსისათვის "აშექალის ქორწილი".

დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ წლევანდელი „ხვარამზეობის“ მე-3 პრემიის ლაურეატის, თამარ ლომიძის ახალ ლექსებს. ამათგან ლექსი „გალატეა“ წელს დაჯილდოვდა „ხვარამზეობაზე“.

სხვა გამარჯვებულების შესახებ ამ დღეებში მოვუთხრობთ მკითხველს.

თამარ ლომიძე დაიბადა 1969 წლის 27 ივნისს. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1993 წელს წარჩინებით დაამთავრა.

1988-1990 და 1990-1993 წლებში სწავლობდა თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე, ფერწერისა და ხელოვნებათმცოდნეობის განხრით, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

თამარ ლომიძის პირველი პერსონალური გამოფენა და პოეზიის საღამო მოეწყო 1993 წელს უნივერსიტეტში. იმავე წლიდან არის პოეტური ორდენის "მარადახალი ქნარის" წევრი.

თამარის პირველი კრებული "მოვედი... ერთი სიტყვა რომ მეთქვა" გამოიცა 1995 წელს.

1995 წლიდან თარგმნის ნორვეგიული ენიდან და ეწევა ნორვეგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კულტურულ საქმიანობას. არის ხელოვნებათმცოდნეებს შორის საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული.

1999-2003 წლებში მუშაობდა სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართულ კოლეჯში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

2003 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა და ლექსების კრებულის ,,ჟამი კვირტობის” პრეზენტაცია თბილისში, გალერეაში ,,ჰობი”.

2007 წელს ნორვეგიაში მოეწყო თამარ ლომიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

2009 წელს თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა მისი პოეზიის საღამო და მისი ნამუშევრების გამოფენა.

2010 წელს თარგმნა თურბიორნ ეგნერის საბავშვო წიგნი ,,კარიუსი და ბაქტუსი”.

2010 და 2011 წლებში გაიმარჯვა მესხეთში სახალხო დღესასწაულ ,,შოთაობასთან” დაკავშირებით გამართულ ლიტერატურულ კონკურსში.

მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ ენაზე.

გალატეა

შენ
ღამესავით მარტოს მტოვებ საკუთარ თავთან,
მეც არ გიგზავნი
აყვავებულ მყინვარის სურნელს...
გალატეა ვარ...
სიყვარულით გაცოცხლებული,
ნუ გიკვირს ქვასაც
გაზაფხულის სურნელი მსურდეს.
დაბრუნდი...
ახლა დარია და
მე სუნთქვას ვიწყებ,
მზეს გულში ვინთებ,
როგორც ლამპარს ყოფნა-არყოფნის,
ჩემს თვალებში რომ მთვარე დაგრჩა დატყვევებული,
იმ მთვარესავით ვწრიალებ და
სივრცე არ მყოფნის.
დაბრუნდი...
ზეცა არ იმეტებს ჩემგან წასულებს,
წყალს როცა სძინავს,
მთელი გულით ვგრძნობ, როგორ მნატრობ...
ამ კოშკზე
სარკმელს ვეღარ ნახავ,
ეჭვებით  ვკემსავ,
ვბზარავ ცრემლებით
ჩურჩულს შენსას -
წვიმად ნაამბობს...
დაბრუნდი...
ისევ დამიბრუნე მთრთოლვარე ვნება,
შენ  შემქმენი და
შენვე მინდა მომიღო ბოლო...
მე სხეულიდან
შენს ხელებში მოვედინები -
მარადისობად,
უკვდავებად,
სიტყვის სიმბოლოდ.
ნახე -
გულ-მკერდზე გვირილები ამომეზარდნენ,
ნახე -
ბაგეზე ყაყაჩო რომ ყვავის ბავშვივით...
მე დუმილს ვწირავ შენს სიმღერას
და ვფერადდები,
მე ვმეორდები,
ვუბრუნდები სამყაროს შეშლილს.
არ მეშინია...
აღარაფრის არ მეშინია...
შენ და  სიცოცხლეს
ერთნაირად მსურს დაგეუფლოთ,
რადგან უფალი
სიყვარულად მომავლენს ქვეყნად
მე
ჩემი თავის მეშინია
უ ფ რ ო დ ა უ ფ რ ო ...