რა მიზნით ტარდება და ვინ მონაწილეობს „კავკასია 2012“–ის სწავლებებში?!

  08:52:56     17-09-2012

სტრატეგიული სამეთაურო–საშტაბო სწავლებები „კავკასია–2012“ შემოდგომაზე რომ ჩატარდება, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. თუმცა გარკვეული ეჭვები მაინც არსებობს, რომ იგი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, რადგანაც  სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

13 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ ალიანსს რუსეთისგან არანაირი ოფიციალური ინფორმაცია  ამ სწავლების ჩატარების შესახებ ჯერ კიდევ არ მიუღია. „ჩვენ არა ვართ მანევრების ჩატარების წინააღმდეგნი, ჩვენ მოვუწოდებთ გამჭვირვალეობისკენ, რადგან ეს ურთიერთნდობის საფუძვლად მიგვაჩნია. ასე რომ, როგორია სწავლების მიზანი, სად და როგორც ჩატარდება იგი?“ –ასეთი შეკითხვა დასვა ანდერს ფოგ რასმუსენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული გაზეთის „კრასნაია ზვეზდას“ მტკიცებით „კავკასია–2012“ ჯერ კიდეც 2011 წელს დაიგეგმა და მსგავსი მასშტაბის სწავლების ჩატარება მანამდე ჩატარებული სწავლების ლოგიკური გაგრძელებაა. გაზეთი ტრადიციულად ირწმენება, რომ მანევრები რომელიმე ქვეყნის, ან ბლოკისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. გაზეთს ამის დასტურად, სხვათა შორის, მოჰყავს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ–პოლკოვნიკ ალექსანდრე პოსტნიკოვის მიერ აგვისტოში „ინტერფაქსის“ ოფისში გაკეთებული განცხადება.

„ამ თემაზე შესაძლო სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სწავლების მონაწილეთა შემადგენლობიდან  გამოვრიცხეთ „სამხრეთ ოსეთში“, აფხაზეთსა და სომხეთშიც კი  ჩვენი ბაზების ქვედანაყოფები“, – განაცხადა მაშინ გენერალმა. თუმცა რუსების სიტყვები რომ სანდო რომ არასოდეს არაა, ამის შესახებ ცნობილია და, მით უმეტეს, ანდერს ფოგ რასმუსენისთვის ეს სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს. სავარაუდოდ, ამიტომაც გააკეთა მან ზემოთნახსენები განცხადება.

რაც შეეხება თავად სწავლების მიზნებს, პოსტნიკოვის თქმით, მისი ერთ–ერთი მიზანია ავტომატირებული სისტემების, პირველ რიგში, ზეზუსტი იარაღის ცეცხლით მართვის ეფექტურობის შემოწმება. ზეზუსტი სისტემის იარაღს შორის, რომლებიც მანევრებში მიიღებენ მონაწილეობას, არის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერ–მ“, სხვადასხვა ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ასევე სანაპირო გემთსაწინააღმდეგო კომპლექსები „ბასტიონ“ და „ბალ“.

ცნობილია, რომ „კავკასია–2012“ ჩატარდება 17–დან 23 სექტემბრამდე პერიოდში პრუდბას, კაპუსტინ იარის. აშულუკისა და რაევსკოეს პოლიგონებზე ვოლგოგრადისა და ასტახანის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მანევრებში მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვისა და კასპიის ფლოტილიის ძალები, რომლებსაც ევალებათ საზღვაო საქმიანობის, უსაფრთხოების, ასევე სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ქვეითთა დაჯგუფებებთან ერთობლივი ქმედებებისას ხელსაყრელი ოპერატიული რეჟიმის უზრუნველყოფა. შავი ზღვის ფლოტის შტაბის მონაცემებით, სწავლებებში კერძოდ ჩართული იქნება სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, რამდენიმე დიდი სადესანტო გემი, ორი ნავსაწინააღმდეგო გემი, სარაკეტო და სადესანტო კატარღები, ასევე საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფი.

სწავლებებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საჰაერო–სადესანტო ჯარები. როგორც მანამდე „კრასნაია ზვეზდას“ აცნობა საჰაერო–მედესანტეთა ჯარების სარდალმა, გენერალ–პოლკოვნიკმა ვლადიმერ შამანოვმა, კაპუსტინ იარის პოლიგონზესწავლების დროს მოხდება მე–7 სადესანტო–მოიერიშეთა დივიზიის (სამთო) ქვედანაყოფების დესანტირება. ამ შენაერთის 247–ე სადესანტო მოიერიშეთა პოლკი მონაწილეობას მიიღებს აშულუკის პოლიგონზე მე–5 ცალკეულ მოტომსროლელთა ბრიგადასთან ერთად ორმხრივ ტაქტიკურ სწავლებებში. ერთდროულად დივიზიის ნაწილები შავი ზღვის ფლოტთან ურთიერთქმედებით რაევსკის პოლიგონზე რიგ ამოცანებს შეასრულებენ.