ამერიკელი დიპლომატები სუდანს და ტუნისს ტოვებენ
08:50:25     17-09-2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში მუჰამედ წინასწარმეტყველზე ფილმის გამოსვლის შემდეგ მუსულმანური ქვეყნების უმეტესობა მთელს მსოფლიოში მღელვარებებმა მოიცვა. ანტიამერიკული საპროტესტო ტალღა განსაკუთრებით მძლავრია ლიბიაში, ეგვიპტეში, ტუნისსა და სუდანში. თვით ავსტრალიაშიც კი მუსულმანებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
ლიბიაში ბენღაზის საკონსულოზე თავდასხმისას ოთხი ამერიკელი დიპლომატი რომ დაიღუპა, ყველასათვის ცნობილია. ამერიკის საელჩოს თავს დაეხსნენ ეგვიპტეშიც, მაგრამ, საბედნიეროდ, იქ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა. 14 სექტემბერს ტუნისში ამერიკის საელჩოსა და მის გვერდითა ტერიტორიაზე მყოფ ამერიკულ სკოლას თავს დაეხსნენ. უწესრიგობას აქ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამი ადამიანი, სუდანის დედაქალაქ ხართუმში დაიღუპა, სადაც დემონსტრანტები აშშ–ის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს დაესხნენ თავს.
ამის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა სუდანიდან და ტუნისიდან საელჩოს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია დაიწყო. იქ მხოლოდ ის თანამშრომლები დარჩებიან, ვისი ყოფნაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მუშაობისთვის.
აშშ–ის საელჩოებზე ტუნისსა და სუდანში თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ანტიისლამურმა ფილმმა უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. თვით ავსტრალიაშიც კი მუსულმანებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
ეგვიპტის პრემიერ–მინისტრმა, ხიშამ კანდილსმა კი აშშ–ის მოუწოდა არ დაუშვას ისლამის შეურაცხყოფა.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ფილმის გადაღების ორგანიზაციაში ეჭვმიტანილი პირი, კალიფორნიის მცხოვრები ნაკულა ბაცელი ნაკულა, ეგვიპტელი კოპტი აშშ–ში უკვე დაიკითხა. ცნობილი გახდა,რომ მას საბანკო საქმესთან დაკავშირებით მანამდეც ჰქონდა სამართალდამცველებთან უთანხმოებანი. ნაკულა ბაცელი ნაკულა 15 სექტემბერს დილით დაიკითხა და იგი ფილმის გადაღებასთან, რომლის ეპიზოდები ინტერნეტით გავრცელდა, ყოველნაირ კავშირს უარყოფს.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განკარგულებით, საკუთარ დიპლომატთა დაცვის მიზნით, საზღვაო ქვეითები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უკვე გააგზავნეს.
თუმცა, სუდანის სასამართლომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები, რომლებიც იქ თავიანთი დიპლომატების დასაცავად გეგმავდნენ შესვლას, თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა. სუდანის ხელისუფლების განცხადებით, ისინი თავად უზრუნველყოფენ ამერიკელ დიპლომატთა დაცვას.