
რატომ ცხრილავენ და აფეთქებენ ცხინვალელი ჩინოვნიკები საკუთარ სახლებს?
05:33:53     16-09-2012
ცხინვალელებს არ სჯერათ, რომ მათი ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე მართლაც თავდასხმა განხორციელდა და ამბობენ, რომ ზოგადად, მათ ჩინოვნიკებს სჩვევიათ, განსაკუთრებით,რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, თავად „აიფეთქონ თავი“ ან საკუთარი სახლის კარები ავტომატით დაცხრილონ...
როგორც ცნობილია, ორიოდე დღის წინ იბრაგიმ გასეევის სახლის კარი აფეთქდა. ყველა სახლში იყო, თუმცა არავინ დაშავებულა.
- ეს არ არის ოსური ყაიდის დანაშაული. თუ ვინმეს მართლაც სურდა მოეკლა ის, ამას ჩვეული ფორმით გააკეთებდა - ავტომატით და ბრძნული მექანიზმების - დისტანციური პულტების გარეშე, ხოლო თუ ამ აქციის აზრი გაფრთხილება იყო, გააფრთხილებდნენ ჩვეულებრივად - ერთი-ერთზე - ამბობენ ცხინვალში.
ადგილობრივი ექსპერტი ალან პარასტაევი ამბობს, რომ მოსახლეობამ გასეევის სახლის კარის აფეთქების შემდეგ მაშინვე გაიხსენა ადგილობრივ „მოღვაწეთა“ წინააღმდეგ „ტერაქტები“.
„მე მყავდა მეზობელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. და მისთის მნიშვნელოვან ყოველ არჩევნებზე ავტომატიდან ან ყუმბართმტყორცნიდან ესროდა თავის სახლს. როგორღაც ხომ უნდა შექმნა საკუთარი თავისგან გმირი. ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილობრივი მეთოდია გმირული მითის შესაქმნელად - უფრო მეტზე ფანტაზია არ ეყოთ. აი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმაც დაცხრილა ყუმბართმტყორცნიდან თავისი სახლი, თუმცა, თითქოს, უმაღლესი განათლების კაცია... “ - ამბობს პარასტაევი.
„ოფიციოზი“ ამტკიცებს, რომ გასეევის სახლის კარის აფეთქება დიდი „საერთაშორისო ჩანაფიქრის შედეგია“ და არც მეტი, არც ნაკლები, უცხოური სპეცსამსახურების ნახელავია“, რადგან გასეევი, მთელს ცხინვალში სამხედრო საქმის ყველაზე კარგად მცოდნე ყოფილა და თანაც, რუსეთის გენშტაბის აკადემია დაუმთავრებია.
ადგილობრივ ინტრიგებში კარგად გაცნობიერებულ ცხინვალელებს კი ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავთ იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომ გასეევს თავს დაესხნენ: მისი სიკვდილი ვის რაში სჭირდებოდა - იღიმიან ადგილობრივები. მათი აზრით, გასეევმა თავი იმიტომ აიფეთქა, რომ უბრალოდ, თანამდებობის შენარჩუნება სურს.