ივანიშვილს აქტივისტების გარეშე ბაგრატში მისვლის ეშინია

  18:56:51     15-09-2012

საქართველოს პატრიარქის მოწოდებისამებრ, ხვალ, ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება. ილია მეორემ, ბაგრატის ტაძრის განახლებასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვაზე დასწრება ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს სთხოვა. 

შესაბამისად, ხვალ, ბაგრატის ტაძარში პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, გიორგი თარგამაძე, ლეიბორისტთა უცვლელი თავკაცი, შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ჩავლენ.

დაესწრება თუ არა, სადღესასწაულო წირვას კოალიცია „ქართული პარტიის“ ბელადი, ბიძინა ივანიშვილი? ივანიშვილს, ალბათ იმის გამო, რომ ბაგრატის ტაძარი მისი ფულებით არ განახლდა, წირვაზე დასწრება არ სურს. მან, ამ თემასთან დაკავშირებით, პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა.

თავდაპირველად, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, კოალიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წირვაზე ჩავლენ. მოგვიანებით კი აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა, ბოლოს, „როგორც იქნა ჩამოყალიბდნენ“ და ბიძინას ურჩიეს, ბაგრატის ტაძარში მისულიყო, რადგან მისი სადღესასწაულო წირვაზე არ მისვლა, პატრიარქის მოწოდების წინააღმდეგ წასვლად აღიქმებოდა საზოგადოებაში.

რას აპირებს ივანიშვილი?

მას შემდეგ, რაც მერყევი ივანიშვილი კოალიციის წევრებმა დაითანხმეს (ბაგრატის ტაძარში მისვლაზე), „ქართული ოცნების“ ბელადმა, მხარდამჭერების მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან დაიწყო.

ივანიშვილის გეგმით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ქუთაისში ჩაყვანილ აქტივისტებს „ქართული ოცნების“ მაისურები უნდა გადააცვან, რათა ბაგრატის ტაძარში გამართული სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, პარტიულ ყრილობად გადააქციონ.

რამდენად მორალურია განახლებულ ბაგრატში, წირვის დროს, პლაკატებით, ბუკლეტებით, ბიძინასსურათებიანი დროშებითა და „ქართული ოცნების“ მაისურებით მისვლა, ეს საკითხი კოალიციაში არ აწუხებთ.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთა განცხადებით კი, ხვალ, ბაგრატის ტაძარში, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა, წირვა-ლოცვა არა პარტიული თავყრილობისთვის, არამედ სრულიად ერისთვის უნდა აღევლინოს...

„შესაბამისად, პერსონალურად უნდა გადაწყვიტოს ყველამ, ეთიკურია თუ არა, პარტიული ატრიბუტიკის მიტანა ბაგრატში“ - აცხადებენ საპატრიარქოში. როგორ მოიქცევა ივანიშვილი და გადააქცევს თუ არა, ხვალინდელ წირვას პოლიტიკურ შოუდ, ამას ერთად დავინახავთ.

თუმცა, გამორიცხული არც ისაა, რომ ოლიგარქმა, რომელიც პოზიციებს ხშირად იცვლის, განახლებულ ბაგრატის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე მისვლა ისევ გადაიფიქროს.