ვახტანგ VI – „ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა“
13:57:47     15-09-2012
1675 წელს (სავარაუდოდ 15 სექტემბერს) დაიბადა ქართლის მეფე, პოეტი ვახტანგ VI. ქართლის მეფის გიორგი XI ძმის, ლევან ბატონიშვილისა და თუთა ქაიხოსროს ასული გურიელის ვაჟიშვილმა შესანიშნავი განათლება მიიღო ბიძამისის სამეფო კარზე. მისი ერთ-ერთი პედაგოგი სულხან-საბა ორბელიანი გახლდათ. მომავალი მეფე სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და 1680 წლიდან დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა.
1700-1712 წლებში ის ქართლის გამგებელი, „ჯანიშინი“ იყო, ვინაიდან ჯერ მისი ბიძა გიორგი XI და მერე მისი უფროსი ძმა, ქაიხოსრო, ქართლის მეფეები, ირანის შაჰს, თავისთან, სამხედრო სამსახურში ჰყავდა დატოვებული. 1709 წელს გიორგი XI, ხოლო 1711 წელს მეფე ქაიხოსრო ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
თავისი მმართველობის ხანაში ვახტანგმა მეექვსემ ბევრი დიდებული საქმე გააკეთა. შეადგინა სწავლულ კაცთა კომისია, დაარსა სტამბა, გამოსცა წიგნები, მათ შორის „ვეფხისტყაოსანი“ კომენტარებით; დაიწერა XIV-XVII საქართველოს ისტორია („ახალი ქართლის ცხოვრება“), შეიქმნა საკანონმდებლო წიგნები; აშენებდა მონასტრებს, აღადგენდა ქალაქებს, სოფლებს, ქარვასლებს, ხიდებს, გაჰყავდა გზები, არხები... აკრძალა ტყვეთა სყიდვა. 1707 და 1711 წელს ოთხჯერ ილაშქრა ოსეთში (ნამდვილ ოსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში) და დაანგრია მრავალი იქაური ციხე.
მეფე ქაიხოსროს დაღუპვის მერე, 1712 წელს ვახტანგი ისპაჰანში ჩავიდა ქართლის მეფედ, „ვალად“ დასამტკიცებლად. შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა უარი უთხრა. მაშინ ვახტანგის მაგიერ მისი ნახევარძმა, გამაჰმადიანებული იესე ალი-ყული ხანი გამოაგზავნა შაჰმა ქართლის მეფედ. ვახტანგი გადასახლებული იყო ქირმანში. ბევრი ეცადა, სამეფო ტახტი დაებრუნებინა სარწმუნოების შეცვლის გარეშე, ამ მიზნით ევროპაში მივლინებული ჰყავდა სულხან-საბა ორბელიანი, რათა საფრანგეთის მეფეს და რომის პაპს მოეთხოვათ ირანის შაჰისთვის გამაჰმადიანების გარეშე ასულიყო ტახტზე...
მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს იძულებული გახდა 1716 წლის 1 ივლისს, შაჰის წინადადებას დათანხმებოდა. იმ დღესვე გაუკეთეს წინადაცვეთა. პოლონელ მისიონერს თადეუშ კრუსინსკის ვახტანგ მეფემ უთხრა: „ქრისტე მაცხოვარს ეკუთვნის ჩემი სხეული, ხოლო მაჰმადს კი სხეულის ის ნაწილი (მოკვეთილი), რომელიც მისი სექტის ნიშანიაო“.
მიიღო სახელი „ჰუსეინ-ყული ხანი“, სპარსეთის მთავარსარდლობა, თავრიზისა და ბარდის ბეგლარბეგობა. 1716 წლიდან ქართლის მეფეა. 1721 წელს დადო სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება რუსეთან, ირანის წინააღმდეგ საომრად. მაგრამ, პეტრე I-მა აღმოსავლეთ საქართველო თურქეთის საკუთრებად ცნო. თურქებს არ აწყობდათ ვახტანგ მეფე, მათ თავისი კანდიდატი იესე ჰყავდათ...
მეფე ვახტანგ მეექვსე 1200 კაციანი ამალით რუსეთს გაემგზავრა, რათა იქ პოლიტიკური დახმარება მიეღო. მაგრამ დიდი ხნის ცდამ ფუჭად ჩაიარა და 1737 წლის 27 მარტს, ასტრახანში ვახტანგ მეექვსე გარდაიცვალა. დაკრძალეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
უდიდესია ვახტანგ VI დამსახურება ქართული ლიტერატურისა და საერთოდ კულტურის წინაშე. წერდა, თარგმნიდა, სხვებსაც ავალებდა ეწარმოებინათ ლიტერატურული თუ სხვა კულტურულ-ინტელექტუალური საქმიანობა.
თარგმნა დიდაქტიკური „ქილილა და დამანა“, რომლის წინა ქართული თარგმანი მას არ მოსწონდა. ქირმანში გადასახლებისას თარგმნა ეს იგავ-არაკთა კრებული. მერე კი რედაქტირება ონანა მდივანს და სულხან საბა ორბელიანს მიანდო.
გამოკრებით თარგმნა ქეი-ქაუსის დიდაქტიკური „ყაბუს-ნამე“, რომელსაც „ამირ-ნასარიანი“ უწოდა. ჯერ დედნისეულად გადმოიღო, მერე კი გალექსა.
ვახტანგ მეფემ გალექსა ერასტი თურქესტანიშვილის მიერ რუსულიდან პროზაულად გადმოღებული დიდაქტიკურ-განმანათლებლური შინაარსის თხზულება „აპოფთეგმატა“ და „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი შესანიშნავი პოეზია, გამსჭვალული ქრისტიანული მრწამსით. ვახტანგ მეექვსის პოეზიამ დიდი გავლენა იქონია ქართული ლიტერატურის განვითარებაზე. ის ახალი ქართული ლიტერატურის სათავეებთან დგას.
გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა“.
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა
1
მე შევამკე ცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი,
აბრამს უხმე საყვარელად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი,
განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
2
შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი,
აღვაშფოთე სასწაულით, მოუვლინე მკალი, მყვარი,
განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად განაგვარი,
ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.
3
ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი,
ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი,
არ განუცვდათ სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი,
ნაცვლად...
4
შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი,
სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი,
მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი,
ნაცვლად...
5
ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი,
ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი,
სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი,
ნაცვლად...