
აკაკი მინაშვილი: რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის არევის უფლებას არ მივცემთ
11:54:43     15-09-2012
მმართველი გუნდის წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ 1–ელ ოქტომბერს საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდება. მისი თქმით, სიტუაციის დაძაბვა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სურვილია და ფაქტია, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება, თუმცა, ქართული საზოგადოება გაიზარდა და მათ დაპირისპირების საშუალებას არავინ მისცემთ. დეპუტატის შეფასებით, რომელი პოლიტიკური ჯგუფიც კანონს დაარღვევს და არეულობას გამოიწვევს, ამას კანონდასჯადი ქმედებები მოჰყვება. წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
– თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვის მიზნით, მმართველმა გუნდმა ქცევის კოდექსი შეიმუშავა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხელს არ აწერს. რატომ?
– მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერისგან კოალიცია თავს იკავებს. იცით, რატომ? ბოლო პერიოდმა დაადასტურა, რომ მათი მიზანი არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არამედ მათი სურვილია, მთელი ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინონ. კოალიცია არცერთ სანდო კვლევით ორგანიზაციებს არ ენდობა და საკუთარ კვლევებს იმ მოტივით აქვეყნებს, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პროგრამის – „მეტი სარგებელი ხალხს“ განხორციელებას ცდილობს, „ქართული ოცნება“ კი, ამის საპირისპიროდ სამოქალაქო ომზე საუბრობს და ქვეყანას სირიას ადარებს. საქართველო დასავლური ოჯახის გვერდით დგას, კოალიცია კი, ჩამორჩენილი და გაღატაკებული რუსეთის. ივანიშვილის რიტორიკა იდენტურია ლავროვის, პუტინისა და მედვედევის. მათ ერთი ტონალობა გააჩნიათ. ვხედავთ, რომ ივანიშვილი პუტინს არ აკრიტიკებს და მას დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს. რა წარმოდგენა გააჩნია ივანიშვილს დემოკრატიაზე, ეს ნათლად ჩანს და ფაქტია, რომ ეს ქვეყანას არ წაადგება.
– თუმცა, აკრიტიკებს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც „მამაძაღლი“ უწოდა. . .
– ამ შეფასების გაკეთება ისეთი ადამიანისგან, როგორიც ივანიშვილია სასაცილოა. როგორი კრიტიკული დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია, მაშინ როდესაც პუტინს აქებ. იმ ადამიანს, რომლის აგრესიასაც ასობით ქართველი ჯარისკაცი შეეწირა, მაგრამ ამით კარგად ჩანს, ივანიშვილი რომელ მხარეს დგას. საინტერესოა, ივანიშვილი რუსეთთან მეგობრობას რის ხარჯზე აპირებს? ეს ძალიან გაურკვეველია, მაგრამ ალბათ გარკვეულიც, რადგან რუსეთის ერთადერთი მიზანია, რომ საქართველო მთლიანად დაიმორჩილოს და მისი დასავლური განვითარება შეაჩეროს. თუ ივანიშვილს პუტინთან მეგობრობა სურს, ე.ი ის მზად არის ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა დათმოს. „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდეს. ასეთი სახეებია – თამაზ თამაზაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე და ოთარ ხუფენია. კოალიციის წარმომადგენლები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ და ამით წყალს პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამენ. ამის საპირისპიროდ კი, თურქეთის წინააღმდეგ აქტიურად საუბრობდნენ, იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.
– ევროსაბჭოს წინასაარჩევნო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის პოლარიზაცია და ანტაგონიზმი შეიმჩნევა. სუბიექტებს შორის იდეოლოგიურ შეუსაბამობაზე საუბარი ადრეც იყო, მაგრამ პროცესებისთვის რამდენად საშიშია ანტაგონიზმი?
– პოლარიზაცია და ანტაგონიზმი გამოწვეულია „ქართული ოცნების“ რიტორიკით. როდესაც, მასწავლებლებს ემუქრები, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს გამიზნულად აკნინებ, ომს გამოვლილ ქვეყნის მოქალაქეებს „ვაშლის გამყიდველებს“ უწოდებ, ხოლო ჯარისკაცებს – კრიმინალურ ბანდებს, სწორედ ეს არის მთავარი საფუძველი დაპირისპირებისა და ანტაგონიზმის. რაც შეეხება სიტუაციის დაძაბვას, დაპირისპირება მხოლოდ „ქართული ოცნების“ სურვილია, რაც ბოლო პერიოდში ნათლად გამოიკვეთა. ფაქტია, რომ ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, მაგრამ ქართული საზოგადოება გაიზარდა და მათ ამის საშუალებას არავინ მისცემთ. მიუხედავად პრობლემებისა, საზოგადოება რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ სიტუაციის არევის უფლებას არ მისცემს.
– ასევე ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ 1–ელი ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ლაკმუსის ტესტი იქნება. ქვეყანა ამ გამოცდას ჩააბარებს?
– კარგი გაგებით საქართველო ამბიციური სახელმწიფოა და ჩვენ ნატოსა ევროკავშირის წევრები გავხდებით, რადგან რეფორმებს ძალიან სწრაფად ვახორციელებთ. იყო არჩევნები და ყველა ტესტი ჩავაბარეთ, ასე იქნება საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი იქნება. ეს არჩევნები პულარისტული და კონკუნეტუნარია, სადაც კამპანიის წარმართვის საშუალება ყველას აქვს.
– კახა კუკავამ განაცხადა, რომ „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ სისხლის დაღვრის შიშით ჩვენ არ გავჩერდებით“. ამასთან, კუკავა აქციებს მიესალმება. . .
– კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გეტყვით, რომ ოპოზიცია სწორედ არჩევნების შემდგომ პერიოდისა და არეულობისთვის ემზადება. მათ შორის პროვოკაციების მოწყობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, არამედ ჩვენი პარტნიორების. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგის აღიარებას არ აპირებს, რაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ფუნდამეტის უარყოფაა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და ხალხი გაიზარდა და ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას არავინ მისცემს. ჩვენი მიზანია, ამ თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვოთ.
– პოლიტიკური დაძაბულობის შემთხვევაში, რამდენად ფრთხილი იქნება ხელისუფლება?
– შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილტის განცხადებაზე (ბილდტმა საქართველოში ვიზიტისას, ქართული ოპოზიცია ქუჩის დემონსტრაციების უშედეგობაზე გააფრთხილა) რუსეთის საგარეო უწყება გამოვიდა და თქვა, რომ ხალხს აქვს პროტესტის უფლება, რაც მათი მხრიდან მხოლოდ სასაცილოა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთსა და „ქართულ ოცნებას“ ერთიანი გეგმა აქვთ, თუმცა, პროტესის გამოხატვის უფლება დემოკრატიულია, მაგრამ რომელი პოლიტიკური ჯგუფიც კანონს დაარღვევს და არეულობას გამოიწვევს, ამას კანონდასჯადი ქმედებები მოჰყვება.