
ბიგვავას მონათხრობი ივანიშვილსა და „ფორსაზე“...
18:08:20     14-09-2012
გერმანული სოციოლოგიური კვლევის კომპანია „ფორსა“ ოლიგარქის ახალი „რჩეულია“. ამ ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ, ვითომდა კვლევის შედეგებად, ისეთი ციფრები ააფრიალა, ყველაზე ღრმად მეოცნებეც რომ არ დაიჯერებს.
„პრესა.ჯი“ იქამდე, სანამ „ფორსა“ რამეს გამოაქვეყნებდა, ამ კომპანიის ბნელ საქმიანობაზე წერდა. ვიკიპედია აჭრელებულია „ფორსას“ თაღლითური საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტებით.
„ფორსასთან“ თავიდან ოლიგარქის მრჩეველი ზურაბ ბიგვავა თანამშრომლობდა, მერე მას მაია ფანჯიკიძე ჩაენაცვლა. ოლიგარქი გერმანული ორგანიზაციისაგან კონკრეტული ციფრების ჩვენებას მოითხოვდა.ბიძინამ, თავად შეადგინა კვლევის შედეგებად გასასაღებელი მონაცემთა ცხრილი, თუმცა „ფორსამ“ ვაჭრობა დაიწყო. საბოლოოდ, დაიდო ის, რაც დაიდო. ამ შემთხვევაში, ჩვენი განხილვის საგანი კონკრეტული ციფრები არ გახლავთ...
„ფორსამ“, კვლევის შედეგები დადო საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით. ანუ, საქართველოში "ფორსას" კვლევები არ ჩაუტარებია. იგი დაეყრდნო იმ ორგანიზაციის მიწოდებულ მონაცემებს, რომლის ხელმძღვანელიც ივანიშვილის მრჩეველი, ზურაბ ბიგვავა გახლავთ.
ეს კიდევ არაფერი. მას შემდეგ, რაც ბიგვავამ საკუთარი „ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით მიაწოდა მასალები „ფორსას“, მოგვიანებით, ამავე ორგანიზაციას, ასევე გადასცა ის მონაცემებიც, რომელიც რეალურ შედეგს ასახავდა, სადაც ნათლად ჩანდა, თუ რა დაბალი რეიტინგი აქვს ოლიგარქს სინამდვილეში...
ოლიგარქმა ეს ყველაფერი თავად ბიგვავასგან შეიტყო. ოლიგარქი აღშფოთდა ბიგვავას თვითნებური საქციელით. ცხადია, ბიძინა ვერ აიტანდა, მასთან შეთანხმების გარეშე, ბიგვავას მიერ გადადგმულ სარისკო ნაბიჯს.
შესაბამისად, ბიგვავა კიდევ ერთხელ გახდა ოლიგარქის მხრიდან წინაპრების „საინტერესოდ“ მოხსენიების ობიექტი. დიდი აყალმაყალის შემდეგ, ბიგვავამ ზემოთნახსენები ასოციაცია დახურულად გამოაცხადა, თუმცა ბიძინასთვის ეს ვერაფერი ნუგეშია.
„ფორსა“ ყველაფერზეა წამსვლელი. გამორიცხული არაა, ბიგვავას მიერ მიწოდებული მასალები დაამუშაონ და სულ მალე, საზოგადოება მოროგი სკანდალის მოწმე გახდეს.
ბიგვავა შუშის სასახლიდან კი გაისროლეს, "არყისბოთლებიანად", თუმცა „ფორსასი“ არ იყოს, ვერც მას ენდობა კაცი ბოლომდე... ამიტომ, როცა ოლიგარქმა გინებით გული იჯერა, ბიგვავასგან მოსალოდნელი პროვოკაციებით დამფრთხალმა, იგი ისევ თავისთან იხმო. სწორედ გუშინ ეახლა დარცხვენილი ბიგვავა პატრონს. ვინ რა მოინანია, ვერ დავაზუსტეთ...
P.S: მართალია, ოლიგარქის მიერ ნაგინებ-შეურაცხყოფილი ბიგვავა ჟურნალისტებთან საუბრისას, ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს. თუმცა, როცა ჭიქა არაყს გადაჰკრავს მეგობრებთან ერთად, ენას ვერ აჩერებს და დეტალურად ჰყვება ივანიშვილის დირექტივებისა და მისი ახირებების შესახებ.