გამოძიებას კალაძესთან კითხვები კვლავ აქვს...

  12:38:46     14-09-2012

გაპოლიტიკოსებულ კახი კალაძეს სამართალდამცავებთან პრობლემები არ ელევა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მის პოლიტიკაში მარტის მზესავით გამოჩენას არ უკავშირდება. საქმე ეხება მის საფეხბურთო კარიერას. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ დაკითხავენ. საქმე ეხება განვლილ სეზონში, 22 აპრილს ჯენოა–სიენას მატჩისას მომხდარ ინციდენტს.

ჯენოა ანგარიშით 3:0 მარცხდებოდა, როდესაც გუნდის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურების გახდა მოსთხოვეს. 40 წუთის განმავლობაში თამაში შეჩერებული იყო და მათ მიმართ სხვადასხვა დამამცირებელი შეძახილები ისმოდა.

გამოძიება მიიჩნევს, რომ პროვოცირება თავად ფეხბურთელებმა მოახდინეს.

ამასთან  იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობს  რომ „ჯენოას“ ყოფილი მცველი კახი კალაძე ჩაწყობილი და გაყიდული მატჩების საქმეში იყო გარეული.

„Goal.com“ იუწყებოდა, რომ „ზენიტის“ მცველთან, დომენიკო კრიშტოსთან ერთად კალაძე შეთანხმებული თამაშების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.

უფრო ადრე, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო მასშტაბური გამოძიება ე.წ. ჩაწყობილი მატჩების თაობაზე. ეჭვმიტანილი იყო 61 ადამიანი 22 კლუბიდან. ამ საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს კიდეც „ლაციოს“ კაპიტანი სტეფანო მაური და „პადოვას“ ნახევარმცველი ომარ მილანეტო, ასევე დაკითხეს „ზენიტის“ მცველი დომენიკო კრიშტო. ამის გამო მან, შესაძლოა, "ევრო-2012-იც" კი გამოტოვოს.

მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ იტალიის პოლიცია კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის ალტიკ საფეტის ურთიერთობითაც  დაინტერესდა.

იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩაწყობილ მატჩებთან და სხვა თაღლითურ საქმეებთან დაკავშირებით, ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი ალტიკ საფეტი დააკავეს, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა კავშირი.

ქართულმა ტელეკომპანიებმა რამოდენიმე თვის წინ ამის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერიც წარადგინეს.

აუდიოჩანაწერში ირკვევა, რომ კალაძესა და საფეტის ერთმანეთთან დაკავშირებაში „ჯენუას“ ფეხბურთელი ჯუზეპე სკული ეხმარება. ჩანაწერის იმ ნაწილში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, შეხვედრის მიზეზებზე საუბარი არ არის. გთავაზობთ „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს:

ალტიკ საფეტი: ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ დამირეკოს?

ჯუზუპე სკული: შენ სად ხარ, სახლში?

ალტიკ საფეტი: კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს

ჯუზუპე სკული: კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...

კახი კალაძე: როგორ ხარ?

ალტიკ საფეტი: კარგად, შენ?

კახი კალაძე: არამიშავს.. შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?

ალტიკ საფეტი: გარეთ ხარ?

კახი კალაძე: შენ სად ხარ?

ალტიკ საფეტი: შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?

კახი კალაძე: მე დაგირეკავ.

მაშინ პრესა.ჯი“- სთან საუბრისას ნარკოტრეფიკიორთან კავშირი კახი კალაძემ კატეგორიულად უარყო და ინფორმაცის პოლიტიკურ საქმიანობას და „შავ პიარს“ დაუკავშირა.

პრესა.ჯი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერთან დღესაც შეეცადა დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენთან საუბარს ტრადიციულად თავს არიდებს.