აკაკი ბობოხიძე: ახალ პარლამენტში, თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობები იქნება...

  09:59:31     14-09-2012

1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუთაისის საკანონმდებლო ორგანო საპარლამენტო ცხოვრებას ახალ ფურცელს გადაშლის და მერვე მოწვევის დეპუტატებს უმასპინძლებს, მაგრამ მანამდე, ახალი შენობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ახალ შენობაში, აპარატის თანამშრომლები საქმიანობას   სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს შეუდგებიან. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის ისტორიულ შენობას, უწყებიდან ავეჯი და ინვენტარი უკვე გააქვთ. ილია ჭავჭავაძის, პირველი რესპუბლიკისა და პლენარული სხდომების დარბაზებში დემონტაჟი განხორციელდა. შენობაში ამ ეტაპზე, დაკეტილია დეპუტატებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ოთახები, თუმცა, ამ დრომდე, მუშაობს - ბიუროს ოთახი, მედიაცენტრი და ბრიფინგრუმი. ასევე ხელუხლებელია სპიკერის, დავით ბაქრაძის კაბინეტი. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრესა.ჯი უმრავლესობის წევრს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

- პრესა.ჯი-ს ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ 2 ოქტომბერს ქუთაისში იყვნენ და საქმიანობას შეუდგნენ.  ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

- ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგან 2 ოქტომბერს თანამშრომლები ახალ პარლამენტში უნდა იყვნენ და მუშაობა დაიწყონ. ამ დროს, არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება და ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს აპარატი მომავალი საქმიანობისთვის უნდა მოემზადოს.

- ადრე პარლამენტის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ 600 თანამშრომელი საქმიანობას სურვილისამებრ ქუთაისში გააგრძელებდა, მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველა თანამშრომელი შესაძლოა ახალ საკანონმდებლო ორგანოში  აღარ დასაქმდეს. თქვენი ინფორმაციით, ქუთაისში რამდენი ადამიანი წავა?

- არის გადაწყვეტილი, რომ ქუთაისში ყველა მოდის, მაგრამ მთავარია, მათ ამის სურვილი თავად ჰქონდეთ. ამ ეტაპზე, შეიძლება რომელიმე თანამაშრომელს ქუთაისში წასვლა არ სურს, რადგან სამსახურს ეძებს, მაგრამ შეიძლება მათ გადაწყვეტილება შეცვალონ. კიდევ გავიმეორებ და გეტყვით, რომ ქუთაისში წამოვა ყველა, ვისაც ამის სურვილი ექნება.

- აპარატის თანამშრომლები ქუთაისში ბინების პრობლემებზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ ბინების ქირაობა უკვე გართულებულია, რადგან ფასები გაზრდილია...

- არ ვიცი, ფასები რამდენად მომატებულია, მაგრამ გლდანიდან რუსთაველის გამზირამდე გაცილებით უფრო დიდი მანძილია, ვიდრე ქუთაისის ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან წყალტუბომდე ან ხონამდე. ამასთან, ტრანსპორტიც რეგულარულად მუშაობს და თან წყალმომარეგებაც 24 საათიანია. შესაბამისად, ბინების პრობლემას ვერ ვხედავ. ასევე იყო გაძვირებული ბინები პარლამენტის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც თბილისში არ ცხოვრობდნენ და დედაქალაქში ქუთაისიდან და საგარეჯოდან ჩამოდიოდნენ. მათთვის ბინების ფასები ისევე მძიმე იყო, როგორც ახლა თბილისელებისთვის იქნება.  

- რაც შეეხება პარლამენტის ახალ შენობას, რა ეტაპზეა მშენებლობა და თუ მოესწრება მისი დასრულება 2 ოქტომბრამდე?

- არ ვიცი, რადგან ეს ჩემი კომპეტენციის სფერო არ არის. გეტყვით, რომ დეპუტატებისთვის, ჟურნალისტებისთვის და თანამშრომლებისთვის გაცილებით კარგი პირობები იქნება, ვიდრე იყო თბილისის პარლამენტში. ეს კი, ახალ დარბაზს უკვე ეტყობა.  

- თქვენ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. როგორ შეაფასებთ თქვენს შანსებს?

- ჩემი შანსები როგორც ხელისუფლების ბევრი კანდიდატის, რეალური და მაღალია. რაც შეეხება წყალტუბოს, ამ საკურორტო რაიონის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს იქნება წარმატებული ქალაქი.  

- პოლიტიკური წრეები და ზოგიერთი ექსპერტი არჩევნების შემდგომ  არეულობასა და დაძაბულობას პროგნოზირებენ. თქვენ როგორ გესახებათ 1–ელი ოქტომბრის შემდგომ პოლიტიკური პროცესები?  

- ვფიქრობ, რომ ყველაფერს ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს. მართალია, პოლიტიკური პარტიები მიტინგებსა და არჩევნების  გაყალბებაზე დაიწყებენ საუბარს, მაგრამ არჩევნებზე საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა მოვიდეს, თავისი ბიულეტინი გამოიყენოს და ამ თემაზე აღარც იქნება საუბარი.  არჩევნების გაყალბებას არავინ აპირებს, რადგან ყველამ ვიცით, ამ მოვლენას ქვეყნისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს.