დაღესტანში „ცოცხალი ბომბების“ საწრთვნელი ბაზა აღმოაჩინეს

  09:01:26     14-09-2012

დაღესტანში აღმოაჩინეს ბაზა, სადაც სავარაუდოდ, მომზადება გაიარა დაღესტნის სულიერი ლიდერის, შეიხ საიდ აფანდის მკვლელმა ამინატ საპრიკინამ. სოფლის სახელს არ აკონკრეტებენ.

რუსული მედია იუწყება, რომ ამ პატარა სახლს, სადაც ბაზაა განთავსებული, ადგილობრივი მოსახლეობაც კი შიშით უვლის გვერდს. ბაზის ბინადარნი კი მუდმივად იცვლებიან.

ეს არის ადგილი, სადაც თვითმკვლელი-ტერორისტი ქალები გადიან წრთვნას.
ქალები იქ თავიდან ფეხებამდე დაფარულები მიჰყავთ, გარკვეული დროის შემდეგ ისინი სადღაც ქრებიან და უკან აღარასოდეს ბრუნდებიან.

ახლა ამ სახლში 4 ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს. ისინი არატრადიციულ ისლამს სწავლობენ და არავის ეკონტაქტებიან.

სახლზე თვალთვალი მიმდინარეობს. გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ ტელეფონის ნომრები, მაგრამ სახლის ბინადარნი ნომრებს მუდმივად ცვლიან. სახლი, რომელიც ოპერმუშაკებმა აღმოაჩინეს, დარეგისტრირებულია ვინმე აბაკარ გატაგაჯევზე, რომელსაც ბინა გაქირავებული აქვს.

ქალების ასაკი, რომლებიც აქ ცხოვრობენ, 23-დან 28 წლამდეა. ისინი არ არიან ნასამართლევები.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალები შეიძლება ცოცხალ ბომბებად გამოიყენონ, თუმცა მხოლოდ განზრახვის გამო ვერ დავაკავებთ, ეს კანონს ეწინააღმდეგება - განუცხადეს „ლაიფ-ნიუსს“ ძალოვან სტრუქტურებში. გამომძიებლები არკვევენ, არიან თუ არა ამ ბაზაზე მყოფი ვაჰაბიტები შეიხის სიკვდილთან კავშირში.