ცხინვალში კოკოითის მომხრე ჩინოვნიკის ბინა ააფეთქეს
08:52:15     14-09-2012
გაზეთ“იზვესტიას“ ცნობით, ცხინვალში მარინეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იბრაგიმ გასიევის ბინა ააფეთქეს.
ე.წ. გენპროკურორის, მერაბ ჩიგოევის განცხადებით, გასიევის ბინის აფეთქება ცალსახად კვალიფიცირდება როგორც ტერაქტი.
„აფეთქება მოხდა 13 სექტემბერს ღამის 3 საათსა და 10 წუთზე. აფეთქებიდან სულ მალე შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობდნენ პროკურატურისა და შესაბამისი საქმის სპეციალისტები. შემთხვევის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ასაფეთებელი მოწყობილობა გასაევის ბინის კარის სახელურზე იყო ჩამოკიდებული გარედან. 300–400 გრამი ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრის მოწყობილობა, სავარაუდოდ, გარსის გარეშე იყო. თუმცა, მისი სიმძლავრე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა გამოენგრია რკინის კარი, რომლის ნამსხვრევებსაც შეიძლებოდა ბინაში მცხოვრებლები გაენადგურებინა“, – განუცხდა „იზვესტიას“ ჩიგოევმა.
თუმცა, იმავე ჩიგოევის თქმით, საშიში ნამსხვრევების დიდი ნაწილი მოხვდა კარის მოპირდაპირე მხარეს მდგარ ტელევიზორს და არავინ ბინის მცხოვრებლებიდან არ დაზიანებულა. ტერაქტის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ თავად იბრაგიმ გასიევი, დედამისი და ქალიშვილი.
აფეთქების ტალღამ დააზიანა მეზობლების ბინების კარები და სადარბაზოს რამდენიმე სართულზე ჩაიმსხვრა მინები, მაგრამ არც მეზობლებიდან დაზარალებულა ვინმე.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთებელი მოწყობილობა აღჭურვილი იყო დისტანციური დეტონატორით, რომელიც ბოროტმოქმედებმა გააქტიურეს სადარბაზოდან უსაფრთხო მანძილზე გასვლის შემდეგ. უფრო ზუსტად ასაფეთებელი მოწყობილობის ხასიათისა და ტიპის დადგენა სპეციალისტებს მოუწევეთ, რომლებმაც მისი ნამსხვრევები ადგილზე მოაგროვეს.
„გენპროკურორის“ ინფორმაციით, გამოძიება აფეთქების რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის, „მაღალკვალიფიცირებული სამხედრო სპეციალისტის გასანადგურებლად მიმართულ ტერორისტულ აქტს“. „პროკურატურამ“ საქმე აღძრა „თანამდებობის პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიებას, ჯერჯერობით, ეჭვმიტანილები არ ჰყავს.
რაც შეეხება თავად იბრაგიმ გასიევს, იგი 2004 წლიდან მუშაობს მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტროს აპარატში. გასიევი რამდენიმე თვის მანძილზე „მინისტრის“ მოვალეობასაც კი ასრულებდა. გასულ წელს „საპრეზიდენტო“ არჩვენების წინ იგი გამოვიდა ინიციატივით, კოკოითისთვის მესამე ვადით კენჭისყრის უფლება მიეცათ და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით მან ხელმოწერებიც კი შეაგროვა. თუმცა, „უმაღლემა სასამაღლომ“ ეს ინიციატივა არ მიიღო.
გამომდინარე აქედან, გამორიცხული არ არის იბრაგიმ გასიევის აფეთქების მოსურნე სწორედ კოკოითის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ყოფილიყო.