გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა
08:48:47     14-09-2012
1 (ახალი სტილით 14) სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღნიშნება დაწყება ინდიქტიონისა - ეკლესიურის ახლისა წელიწადისა.
დღესვე აღინიშნება კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (+864).
ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს (ლუკა, 4. 16-19) წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები:
„16. და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ.
17. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:
18. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა,
19. და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული“.
საეკლესიო ტრადიციით ახალი წელი იწყება და იდღესასწაულება 1 (ახალი სტილით 14) სექტემბერს.
მორწმუნეები შესთხოვენ ღმერთს „აკურთხოს გვირგვინი ამის წელიწადისა“.
ტროპარი:
ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
კონდაკი:
რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.