ო. ჰენრი - „მოგვთა საჩუქრები“
08:39:59     14-09-2012
1862 წლის 11 სექტემბერს დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი ო.ჰენრი (O. Henry).
ო. ჰენრი მისი ლიტერატურული ფსევდონიმია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია უილიამ სიდნეი პორტერი (William Sydney Porter).
მომავალი მწერალი დაიბადა გრინსბოროში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალგერნოლ სიდნეი პორტერის ოჯახში. სამი წლის იყო დედა რომ ჭლექით გარდაეცვალა. ზრდიდა მამიდა. სკოლის მერე ფარმაცევტობას სწავლობდა, მუშაობდა აფთიაქში. შემდეგ ტეხასში გაემგზავრა და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა ქალაქ ოსტინში. მუშაობდა ბანკში.
1880-იანი წლებიდან წერდა. 1894 წელს დაიწყო გამოცემა ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალისა Rolling Stone (მგორავი ქვები), რომელსაც თითქმის თვითონ ავსებდა სახუმარო ამბებით, ლექსებით, ნახატებით. ერთი წლის მერე ჟურნალი დაიხურა.
ბანკში დანაკლისი აღმოჩნდა და მას დააბრალეს, თუმცა ახლობლებმა თანხა აანაზღაურეს, მაინც აღიძრა საქმე მის წინააღმდეგ, გაფლანგვის მუხლით. წელიწადნახევარი სხვადასხვა გვარით იმალებოდა ამერიკის ქალაქებში,შემდეგ სამხრეთ ამერიკაში. ცოლის ავდმყოფობა შეიტყო თუ არა, მყის დაბრუნდა შტატებში. ცოლის გარდაცვალების მერე გაასამართლეს და 5 წლით ჩასვეს კოლუმბუს ციხეში, ოჰაიოს შტატში. 3 წელიწადში გამოვიდა ციხიდან.
ნოველების წერა ციხეში დაიწყო. ამიერიდან წერდა ო.ჰენრის ფსევდონიმით. მანამდე სხვადასხვა ფსევდონიმებს იყენებდა.
ო. ჰენრისთვის დამახასიათებელია დახვეწილი იუმორი და მოულოდნელი კვანძის გახსნა. თავშეკავებულად გადმოცემული თავშეუკავებლად სასაცილო ფრაზები და ორიგინალური სიუჟეტები. თუ გულიანად სიცილი მოგენატრათ, წაიკითხეთ ო. ჰენრის იუმორისტული მოთხრობები. ალბათ ყველას ახსოვს მისი გენიალური „წითელკანიანთა ბელადის დახსნა“...
დიდი მწერალი ო. ჰენრი გარდაიცვალა 1910 წლის 5 ივნისს.
მკითხველს ვთავაზობთ დიდი მწერლის მოთხრობას შესანიშნავ მოთხრობას „მოგვთა საჩუქრები“, რომელიც თარგმნა ნინო ტეფნაძემ (წინამდებარე მოთხრობა სხვებსაც აქვთ ქართულად თარგმნილი და სხვა დროს წაროგიდგენთ).
მოთხრობა ძალიან გულისამაჩუყებელია. მწერალი გვიამბობს ახალგაზრდა, ღარიბი წყვილის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ, მიუხედავად სიღარიბისა, რომელსაც მათ კარზე წარწერაც კი გაუცვეთია და უნდათ ერთმანეთს საშობაოდ რაიმე აჩუქონ...
როგორც ყოველთვის, ო.ჰენრი ძალიან თბილია და რთულ სიტუაციაშიც გაგვაცინებს. ის შესანიშნავად უსვამს ხაზს ყველა დეტალს, რომლებსაც მის მოთხრობაში დიდი როლი აკისრიათ...
მოგვთა საჩუქრები
(თარგმნა ნინო ტეფნაძე)
დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან, ბოსტნეულის გამყიდველებთან თუ ყასბებთან გაუთავებელი ვაჭრობით დაზოგილ ერთპენიანებს შეედგინათ.
საქონლის ზუსტ ფასზე ატეხილი დავები დელას უკვე ისე სძულდა, რომ სიმწრისგან ყურებიც კი უწითლებოდა. სამჯერ გადათვალა ფული. მხოლოდ დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი ჰქონდა. მეორე დღეს კი შობა დგებოდა.
ისღა დარჩენოდა, პატარა, გაცვეთილ ტახტზე დამხობილიყო და აქვითინებულიყო. ასეც მოიქცა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცხოვრება ტირილის, სლუკუნისა და ღიმილისაგან შედგება. ამათ შორის კი სლუკუნი ჭარბობს.
სანამ დიასახლისი ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდოდეს, ჩვენ სახლს მოვავლოთ თვალი. ავეჯით გაწყობილი ბინა კვირაში 8 დოლარად დაექირავებინათ.
ოთახი მთლად მათხოვრული არ იყო, მაგრამ დიდი-დიდი მაწანწალათა გუნდის საცხოვრებლად გამომდგარიყო. ქვემოთ, შესასვლელის კარზე საფოსტო ყუთი მიეჭედებინათ, რომლის ჭრილშიც ვერც ერთი წერილი ვერ შეცურდებოდა. იქვე იყო ელექტროზარის ღილაკიც, რომელსაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ გამოაცემინებდა ხმას. კარზე მიკრულ პატარა დაფაზე კი ,,მისტერ ჯეიმს დილინგემ უმცროსი" ეწერა. სიტყვა ,,დილინგემი" ლამაზად გამოეყვანათ დაფაზე იმ კეთილ დროს, როცა მის მფლობელს კვირაში 30 დოლარს უხდიდნენ. მას შემდეგ კი, რაც შემოსავალი 20 დოლარამდე შემცირებულიყო, სიტყვა ,,დილინგემის " ასოებიც აღარ ჩანდა კარგად, თითქოს ისინი ღრმად ჩაფიქრებულიყვნენ, მხოლოდ ერთ ასომდე, მოკრძალებულ დ-მდე ხომ არ შევმცირდეთო. მიუხედავად ამისა, შინ დაბრუნებულ მისტერ ჯეიმსს ყოველთვის ,,ჯიმის" ძახილითა და თბილი ჩახუტებით ხვდებოდა მისის ჯეიმს დილინგემი, ჩვენთვის უკვე დელად ცნობილი, ეს კი ძალიან კარგი იყო.
დელამ ქვითინი დაასრულა და ცრემლიან ლოყებზე პუდრი გადაისვა.
შემდეგ ფანჯარასთან დადგა და ერთხანს უყურებდა, როგორ სეირნობდა ნაცრისფერი კატა ნაცრისფერი ეზოს ნაცრისფერ ღობეზე. მეორე დღეს შობა იყო, მას კი ჯიმისთვის საჩუქრის საყიდლად მხოლოდ დოლარი და 87 ცენტი ჰქონდა. ყველა პენის აგროვებდა თვეების განმავლობაში და აი, სულ ეს იყო მისი დანაზოგი. კვირაში 20 დოლარი, აბა, რას უნდა ჰყოფნოდა. ხარჯები გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მას ჰქონდა გამოთვლილი. ეს ხომ ყოველთვის ასეა. მხოლოდ 1 დოლარი და 87 ცენტი ჰქონდა ჯიმისთვის. რამდენი ბედნიერი საათი გაუტარებია იმაზე ფიქრში, თუ როგორი საჩუქარი უნდა ეყიდა მისთვის - ეს აუცილებლად რაიმე მშვენიერი, იშვიათი და ძვირფასი უნდა ყოფილიყო - რამე ისეთი, რომ ჯიმისნაირი პატრონი დაემსახურებინა.
ფანჯრებს შორის კედელთან ტრიუმო იდგა.
ალბათ, გინახავთ ტრიუმო რვადოლარიან ბინაში. ზოლებით დაფარული სარკის ზედაპირი მიახლოებით თუ ასახავდა გამოსახულებას. სარკის ვიწრო გვერდებში საკუთარი გარეგნობა რომ შეგეთვალიერებინა, ძალიან გამხდარი და მოქნილი უნდა ყოფილიყავი. ტანწერწეტა დელა ამაში დახელოვნებული იყო.
დელა უეცრად მოშორდა ფანჯარას და სარკესთან დადგა. თვალები საოცრად უბრწყინავდა, მაგრამ სახე ოციოდე წამში გაუფითრდა. სწრაფად გამოიძრო სარჭები თმიდან და თმაც მთელ სიგრძეზე დაეშვა.
დილინგემებს ორი რამ ჰქონდათ, რითაც ამაყობდნენ. ერთი - ჯიმის ოქროს საათი იყო, რომელიც მანამდე ჯიმის მამას და უფრო ადრე კი, მის პაპას ეკუთვნოდა.
მეორე - დელას თმა. შებას დედოფალს მოპირდაპირე ბინაში რომ ეცხოვრა, ერთ დღესაც დელა აუცილებლად გადმოფენდა ფანჯრიდან თმას გასაშრობად და მისი უდიდებულესობის ძვირფასეულობასა და საჩუქრებს დაჩრდილავდა; სოლომონ მეფეს კი ამავე სახლში შვეიცარად რომ ემუშავა და ქვაფენილზე მთელი თავისი სიმდიდრე ჰქონოდა დახვავებული, ჯიმი მის წინ ყოველი გავლისას ამოიღებდა თავის საათს, რომ შურისგან გაცოფებულ სოლომონს წვერი დაეგლიჯა.
ასე რომ, დელას მბრწყინავი თმა ყავისფერ ტალღებად ჩამოიშალა. თმა მუხლებამდე სწვდებოდა და მისთვის თითქმის სამოსივით იყო. აღელვებულმა დელამ თმა ისევ აიკეცა და იდგა, სანამ ერთი-ორი ცრემლი არ დაეწვეთა გაცვეთილ წითელ ხალიჩას.
მერე ძველი ყავისფერი ჟაკეტი შემოიცვა, ძველი ყავისფერი ქუდი დაიხურა და ქვედაბოლოს ფრიალით დაეშვა კიბეებზე.
დელა ერთ შენობასთან შეჩერდა, რომელსაც ასე ეწერა: ,,მადამ სოფრონი, თმის ნაკეთობები". სულ ზედა სართულზე აიჭრა და იქ მოითქვა სული. ზორბა, გაფითრებული, გულცივი ქალბატონი, პირდაპირ მას რომ უყურებდა, ნამდვილად არ ჰგავდა ვინმე სოფრონის.
- იყიდით ჩემს თმას? - ჰკითხა დელამ.
- საერთოდ, მე თმას ვყიდულობ, - უპასუხა ქალბატონმა, - მოიხადეთ ქუდი, ერთი თვალი შევავლო.
დელამ ქუდი მოიხადა და თმა ისევ ტალღებად დაეშვა. ქალბატონმა თმა გაწაფული ხელით ასწია და თქვა, - 20 დოლარი.
- ახლავე მომეცით, - მიუგო დელამ.
შემდეგი ორი საათი ვარდისფერი ფრთებით გაფრინდა (მომიტევეთ გაცვეთილი მეტაფორისთვის), დელა ჯიმისთვის საჩუქრის შესარჩევად მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდა.
ბოლოს კი იპოვა - თითქოს საგანგებოდ ჯიმისთვის იყო შექმნილი.
სხვა მაღაზიებში მსგავსიც არაფერი უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამორჩენია. ეს იყო პლატინის ძეწკვი ჯიბის საათისათვის, მარტივი და მოკრძალებული, რაც ცხადყოფდა, რომ მისი ღირებულება მხოლოდ შინაარსით იყო განპირობებული და არა მოჩვენებითი გაფორმებით, - სწორედ ასეთი უნდა იყოს ყველა კარგი ნივთი. ეს ძეწკვი საათს ნამდვილად შეეფერებოდა და დელამ როგორც კი დაინახა, მაშინვე იფიქრა, რომ სწორედ ეს უნდა ეჩუქებინა ჯიმისათვის. ძეწკვი ჯიმის ჰგავდა: ჯიმიც მასავით სადა და ძვირფასი იყო. დელამ 21 დოლარი გადაიხადა და მხოლოდ 87 ცენტით დაბრუნდა შინ. საათს ამ ძეწკვს რომ გამოაბამდა, ჯიმის საზოგადოებაში ციფერბლატზე დახედვისა აღარ მოერიდებოდა. აქამდე კი, საათს არც აჩენდა ხოლმე, ტყავის იმ ძველი თასმის გამო, რომელიც ძეწკვის მაგივრობას უწევდა.
სახლში რომ მივიდა, დელას აღელვება კეთილგონიერებამ შეცვალა.
თმის დასახუჭუჭებელი მაშები გამოიღო, გაზი აანთო და იმ საბედისწერო ქმედების გამოსწორებას შეუდგა, რომელიც დიდსულოვნებისა და სიყვარულის სახელით ჩაიდინა - ეს კი ყოველთვის ძნელი საქმეა, ძვირფასო მეგობრებო, აუტანელი.
ორმოციოდე წუთში დელას თავი თხელი, ხშირი კულულებით დაიფარა. ახლა სკოლიდან გამოპარულ ბიჭუნას ჰგავდა. დელა დიდხანს უყურებდა საკუთარ გამოსახულებას დაკვირვებით, კრიტიკულად.
- ჯიმი თუ მაშინვე არ მომკლავს და წამით მაინც დამაკვირდება, ალბათ, მეტყვის, რომ კონის კუნძულების მომღერალი გუნდის გოგონას ვგავარ, - დაასკვნა დელამ, - მაგრამ რა უნდა მექნა მხოლოდ დოლარითა და 87 ცენტით?
7 საათისთვის ყავა მზად იყო, გაზზე კი ტაფა კატლეტების შესაწვავად ცხელდებოდა.
ჯიმი არასდროს იგვიანებდა.
დელამ ხელში გადაიჯვარედინა ძეწკვი და მაგიდის კუთხეში, იმ კართან დაჯდა, საიდანაც ჯიმი შემოდიოდა ხოლმე. კიბეებზე ფეხის ხმა გაისმა და დელას სახე გაუფითრდა. მას ჩვევად ჰქონდა ყოველდღიური წვრილმანების გამო პატარა ლოცვის წარმოთქმა. ახლაც ასე წაიჩურჩულა: გევედრები, ღმერთო, დააჯერე, რომ ძველებურად მშვენიერი ვარ.
ჯიმი შემოვიდა და კარი მიხურა.
ძალიან გამხდარი და სერიოზული ჩანდა. საბრალო ყმაწვილი, მხოლოდ ოცდაორი წლის იყო და უკვე ოჯახის რჩენა ევალებოდა. ახალი პალტო სჭირდებოდა და ხელთათმანებიც არ ჰქონდა. კართანვე გახევდა, როგორც სეტერი, რომელმაც მწყერის სუნი იკრა. მისი მზერა დელას მიეჯაჭვა. მის გამომეტყველებაში იყო რაღაც ისეთი, რისი წაკითხვაც დელას არ შეეძლო. ეს არც ბრაზი იყო, არც გაოცება, არც უკმაყოფილება, არც შეძრწუნება - არაფერი, რასაც დელა ელოდა.
ჯიმი, უბრალოდ, უცნაურად მიშტერებოდა ცოლს. დელა სკამიდან წამოხტა და ქმართან მივიდა.
- ჯიმ, ძვირფასო, - მიმართა მან, - ნუ მიყურებ ასე. თმა შევიჭერი და გავყიდე, რადგან ამ შობას ვერ გადავიტანდი, შენთვის რაიმე რომ არ მეჩუქებინა. ისევ გაიზრდება, შენ არ იდარდო. აბა რა მექნა.. შობა მომილოცე, ჯიმ. გამხიარულდი. შენ ხომ არც იცი, რა მშვენიერი საჩუქარი გელის.
- თმა შეიჭერი? - მძიმედ ჰკითხა ჯიმმა. ჩანდა, გონებისათვის ძალდატანების მიუხედავად, ვერა და ვერ იჯერებდა.
- შევიჭერი და გავყიდე, - მიუგო დელამ, - ისე ძალიან აღარ მოგწონვარ? ეს ხომ ისევ მე ვარ, გრძელი თმის გარეშეც, ასე არაა?
ჯიმმა უცნაურად მოათვალიერა ოთახი.
- შენ ამბობ, რომ თმა აღარ გაქვს? - თითქმის იდიოტის გამომეტყველებით იკითხა.
- რაღას ეძებ, - უთხრა დელამ, - ხომ გითხარი, გავყიდე-მეთქი. დღეს შობის წინა დღეა. ნუ გამიბრაზდები, ძვირფასო. შენთვის მოვიქეცი ასე. ჩემი თმის ყოველი ბეწვის გაზომვა შეიძლება, ჩემი შენდამი სიყვარულისა კი - არა, - დელას ხმაში მოულოდნელი სინაზე შეეპარა, - აბა, დავაწყო კატლეტები, საყვარელო?
ჯიმი, თითქოს ახლაღა გამოერკვაო, დელას მოეხვია. ათიოდე წამით ჩვენი მრავლისმხედველი თვალი სხვა რამისკენ მივმართოთ - რა განსხვავებაა კვირაში რვა დოლარსა და წელიწადში მილიონს შორის? ამ შეკითხვას მათემატიკოსი ან ბრძენი არასწორად უპასუხებდა.
მოგვებმა ძვირფასი საჩუქრები შეარჩიეს, მაგრამ მათ ღირებულებას სულ სხვა რამ სძენდა. ამ გაურკვეველ განსჯას შემდეგ მოვფენთ ნათელს.
ჯიმმა ქურთუკის ჯიბიდან პატარა ფუთა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.
- სწორად გამიგე, დელ, - თქვა მან, - არა მგონია, ისეთი ვარცხნილობა არსებობდეს, ჩემი გოგო რომ გადამაყვაროს, მაგრამ ამ ფუთას თუ გახსნი, მიხვდები, რამაც გამაოგნა.
დელას თეთრმა თითებმა სწრაფი მოძრაობით შეხსნეს თასმები, შემდეგ ქაღალდიც შემოაძვრეს შეკვრას. დელას ჯერ აღტაცების შეძახილი აღმოხდა, მერე კი ცრემლები წასკდა, რამაც ბინის პატრონს მანუგეშებელი ძალების მოკრება აიძულა.
შეკვრაში თმის სამაგრები იყო, მთელი ნაკრები - უამრავი პატარა სავარცხელი გრძელი თმის გვერდზე და უკან დასამაგრებლად. ეს სწორედ ის სამაგრები იყო, რომლებიც დელამ ბროდვეიზე ვიტრინაში ნახა - კუს ბაკნისაგან დამზადებული და ძვირფასი თვლებით შემკული სავარცხლები. დელას ჯერ გაგიჟებით მოუნდა მათი ყიდვა, მერე კი ვიტრინას ცრემლებით გამოეთხოვა. სულ მცირე იმედიც კი არ ჰქონდა, რომ ოდესმე მათი მფლობელი გახდებოდა. ახლა სავარცხლები მას ეკუთვნოდა, მაგრამ აღარსად იყო ის დალალები, ამ საუცხოო მოსართავებს რომ უნდა დაემშვენებინათ.
დელამ საჩუქარი გულზე მიიკრა.
მერე დაბინდული თვალებით ამოიხედა და ქმარს ღიმილით მიმართა: თმა ისე სწრაფად მეზრდება, ჯიმ!
ამის თქმა იყო და ელდანაკრავივით წამოხტა. გაახსენდა, რომ ჯიმისათვის საჩუქარი ჯერაც არ ეჩუქებინა. ხელი გაშალა და გაუწოდა. ძვირფასი მეტალი დელას ხელისგულიდან მისსავე ნათელსა და მხურვალე სულს ირეკლავდა.
- საუცხოოა, არა, ჯიმ? მთელი ქალაქი მოვიარე, რომ მეპოვა. ახლა შეგიძლია დღეში ასჯერაც დახედო საათს დროის გასაგებად. მომეცი შენი საათი. ვნახოთ, როგორ მოუხდება...
დათანხმების ნაცვლად, ჯიმი ტახტზე მიწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და გაიღიმა:
- ძვირფასო, მოდი, ჩვენი საშობაო საჩუქრები გვერდზე გადავდოთ. ჩვენთვის ზედმეტად ძვირფასებია. მე ხომ საათი გავყიდე, რომ შენთვის სავარცხლები მეჩუქებინა. სჯობს, კატლეტები დააწყო, დელ.
მოგვები, როგორც იცით, ის ბრძენკაცები იყვნენ, რომლებმაც პატარა იესოს ბაგაში მიართვეს საჩუქრები. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი საშობაო საჩუქრების მირთმევის ხელოვნებას. მათი საჩუქრებიც უდავოდ მათსავით ბრძნული იყო. მე თქვენ იმ ორი სულელი ბავშვის ამბავი მოგითხრეთ, რომლებმაც უჭკუოდ გაიღეს ერთმანეთისათვის სახლის ყველაზე დიდი ძვირფასეულობები. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ, მათ შორის, ვინც კი საჩუქრებს გასცემს, ისინი ყველაზე გონიერნი აღმოჩნდნენ.
ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან.