სოსო ცინცაძე: ივანიშვილი წაგებას უკვე შეგუებულია...

  15:06:38     13-09-2012

ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალოს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, თუ კოალიცია საპარლამენტო ფრაქციებად დაიშლება, ეს ივანიშვილისთვის პოლიტიკური კრახი იქნება. მისი თქმით, ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ივანიშვილი ნელ–ნელა ღრუბლებიდან ჩამოვიდა, ორი ფეხით მიწაზე დადგა და ნახა, რომ მისი განცხადებები მხოლოდ ილუზიები იყო. პოლიტოლოგის მოსაზრებით, ივანიშვილი ხედავს, რომ ოცნება ქრება, რის გამოც, ის ბრძოლის უნარსაც კარგავს. „ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით, პრესა.ჯი სოსო ცინცაძეს ესაუბრა:

– როგორ შეაფასებთ ივანიშვილის განცხადებას კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით?

– როგორც რეალისტურს, რადგან კოალიცია ასი პროცენტით დაიშლება. მართალია, ეს ცუდია და არა კარგი, მაგრამ კოალიციის ფრაქციებად დაშლა მოსალოდნელია. არა მგონია, ჩვენს პარლამენტში ბევრმა ცდუნებას გაუძლოს. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელს აქვს კაბინეტი, მანქანა, ხელფასი და ჰყავს მდივანი. მთელ მსოფლიოში საპარლამენტო პრაქტიკაში დაკანონებულია, რომ მმართველი პარტია კოალიციების ფრაქციებად დაშლას ამ პირობებით ცდილობს. მსოფლიო პარლამენტარიზმში ეს ყველაფერი უკვე კლასიკად იქცა. ეს პარტიები ისეთ ფრაქციებად დაიშლებიან, რომელთაც „მაისის ღამის სიზმარშიც“ კი ვერ ნახავენ.  

– თუმცა, აქამდე, კოალიციის ლიდერები აქცენტს ერთობაზე აკეთებდნენ. შესაბამისად, მათთან გარიგება და ა.შ. რამდენად შესაძლებელი იქნება?

– რა განცხადებებს აკეთებდნენ ამას აზრი არ აქვს, რადგან წლების განმავლობაში, მათ განცხადებებს მივეჩვიეთ. ამ განცხადებების ფასი კი რა არის? ერთი თვის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ რაც არ უნდა მოხდეს მაინც გავიმარჯვებთ და უმრავლესობით მოვალთო, მაგრამ ორი კვირის შემდეგ, ივანიშვილმა ექვპუნქტიანი მიმართვა დიპლომატებს გაუგზავნა – არიქა მიშველეთ არჩევნები შეიძლება გაყალბდესო. ასეთი განცხადებები ერთ ყურში უნდა შევუშვათ და მეორედან გამოვუშვათ.  ფაქტია, რომ კოალიცია ფრაქციებად აუცილებლად დაიშლება, ეს შეიძლება ერთ თვეში არ მოხდეს,  მაგრამ მისი ლიდერები ერთად დიდხანს ვერ მოძოვენ. ადრე, ივანიშვილი სხვა რაღაცეებს ღაღადებდა, მაგრამ ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა მას უმცირესობის შექმნაზე ეზრუნა. პარლამენტში თვითონაც შესულიყო და უმცირესობის რეალური ლიდერი გამხდარიყო. ამ შემთხვევაში, უმცირესობას სულ სხვა პოლიტიკური წონა ექნებოდა. ალბათ, „ოცნება“ 30 ადგილამდე აიღებს, დანარჩენებს 7–8 ადგილი ექნებათ, რაც მათთვის საჩუქარი იქნება. ფაქტია, რომ ივანიშვილის რეალური გავლენა უკვე მცირდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ კოალიციისთვის  კეთილდღეობისაკენ სწრაფვა გამოცდა იქნება.

– გაერთიენების ლიდერები  ამ ცდუნებას გაუძლებენ?

– მეეჭვება. რატომ იცით? ჩვენი ოპოზიციის დაბადებიდან დამღა ის არის, რომ მათ არ იციან – რა არის უმრავლესობაში ყოფნა. ესენი მმართველი ძალა  არასოდეს ყოფილან და ამის ხიბლი ძალზედ ძლიერია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ტეტჩერები არ გვყავს. პარლამენტის სპიკერს თავსატეხი ის ექნება, რომ ამდენ ფრაქციას სად უშოვოს – მანქანები, კაბინეტები, „ტუალეტები“ და მაყვალა მდივნები. 

– კოალიციის შესაძლო დაშლაზე საუბარი, წინაასრჩევნოდ წამგებიანი არ არის, მაშინ, როდესაც, NDI–ის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში თუ ვის მისცემს ხმას?

– რა თქმა უნდა, წამგებიანია, მაგრამ ეტყობა ივანიშვილი შინაგანად წაგებას შეგუებულია.  საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია მან პირველმა დაიწყო და ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ უმრავლესობისთ მოვიდოდა და მისთვის 40 პროცენტი არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეტყობა, ივანიშვილი ნელ–ნელა ღრუბლებიდან ჩამოვიდა, ორი ფეხით მიწზე დადგა  და ნახა, რომ ეს ყველაფერი ილუზიები იყო. ის ბიზნესმენია და ამჟამად, რეალისტურად დაინახა, რომ ოცნება ხელსა და  თვალს შუა ქრება და ბრძოლის უნარს კარგავს. ყველა ოცნება არ სრულდება, მაგრამ ცხოვრება არ მთავრდება და ივანიშვილი არჩევნების შემდგომ პერიოდზე უნდა ფიქრობდეს, რომ კოალიცია რეალურ ძალად იქცეს და არ პირიქით, ქართული რეალობა გამართლდეს. იცით, რომ დილით პოლიტიკური გაერთიანებები იქმნებოდა, რომელიც შუადღეს იშლებოდა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ამით ეს ყველაფერი დამთავრდება და შემდეგ, ნურავის დააბრალებენ იმას, რომ 40 წელი ერთი მმართველი პარტია იქნება, რომელიც ოპოზიციას ანგარიშს არ გაუწევს. მსოფლიოში ყველა მმართველი ძალა ცდილობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს და არც „ნაციონალური მოძრაობაა“ გამონაკლისი.  

– პოლიტიკური წრეები და ზოგიერთი ექსპერტი არჩევნების შემდგომ  არეულობასა და დაძაბულობას პროგნოზირებენ. თქვენ როგორ გესახებათ 1–ელი ოქტომბრის შემდგომ პოლიტიკური პროცესები?  

– არავითარი არეულობა არ იქნება, იმიტომ, რომ ხალხი რომ გამოვიდეს მათ რწმენა უნდა ჰქონდეთ თუ რისთვის გამოდიან. ეგვიპტეში გამოსვლები იყო იმის გამო, რომ მათ სიმართლის რწმენა ჰქონდათ. ივანიშვილის ამომრჩეველთა რაოდენობა კი, დღითიდღე მცირდება. აქციებზე ხალხი შოუს სანახავად მიდის. მას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ  არა ფანატიკოსები.  

– გუშინ, ორგანიზაციამ – forsa კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ რეიტინგებში ლიდერობს, მაგრამ ამ კვლევებს მმართველი გუნდი არ ენდობა და აცხადებს, რომ კვლევები ივანიშვილის მიერ დაფინანსებულია. თავის მხრივ, ივანიშვილის გუნდი NDI-სა და IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს არ ენდობა. ნეიტრალურმა ამომრჩეველმა რომელ კვლევას უნდა ენდოს?

– ნეიტრალური ამომრჩეველი პირად განწყობას უნდა ენდოს. ივანიშვილი ბევრს ტრაბახობდა, მაგრამ მან ბევრი შეცდომა დაუშვა. მასთან უკანასკენელ ხანებში, მედროვეები და ხელმოცარული პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. ადამიანები, რომლებიც გამსახურდიადან მოყოლებული ყველგან იყვნენ. ივანიშვილმა საზოგადოებას იმედები ჩაუნერგა და ახლა ის, ამ განცხადებების ტყვეა. თუ  ჭკუით მოიქცევა, კრახამდე არ მივა, მაგრამ თუ კოალიცია ფრაქციებად დაიშლება, ეს პოლიტიკური კრახი იქნება.