აშშ ლიბიაში საზღვაო ქვეითთა ანტიტერორისტულ დანაყოფს გზავნის

  08:04:29     13-09-2012

ბენღაზიში აშშ-ის ელჩის მკვლელობის შემდეგ, შეერთებული შტატები ლიბიაში საზღვაო ქვეითთა ანტიტერორისტულ დანაყოფს გზავნის. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ბრძანება აშშ-ის წარმომადგენლობების უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით გუშინ ბარაკ ობამამ გასცა.

ბენღაზისა და ქაიროს შემდეგ, სადაც აშშ-ის შენობასთან დემონსტრანტებმა „ალ-ქაედას“ დროშა აღმართეს,  წუხელ, ანალოგიური მოვლენები განვითარდა ტუნისშიც, სადაც აშშ-ის საელჩოსთან 200-მდე აგრესიულად განწყობილი ადამიანი მივიდა, რომლებმაც შენობას ქვები დაუშინეს და აშშ-ის დროშა დაწვეს. მოვლენების გართულების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რათა მოვლენები არ დასრულებულიყო ისევე ტრაგიკულად, როგორც ეს ლიბიაში მოხდა.

ცნობილი გახდა ამ თავდასხმის ზოგიერთი დეტალიც. კერძოდ, ელჩმა, კრისტოფერ სტივენსმა, როგორც ირკვევა, თანამშრომლები არ მიატოვა და სწორედ მაშინ დაიღუპა, როცა მათ ცეცხლმოკიდებული შენობიდან ევაკუაციაში ეხმარებოდა.

სტივენსი თავდასხმის დაწყებისას საელჩოში არ იმყოფებოდა და იქ მაშინვე მივიდა, როცა ამის შესახებ შეიტყო. ის ცდილობდა დროულად მოეხდინა თანამშრომელთა ევაკუაცია, თუმცა ამ პროცესს თავად ემსხვერპლა. ექიმების დასკვნით, ის ხანძრის შედეგად დაგროვილი კვამლით გაიგუდა.

ექსტრემისტებმა ჯერ დაცხრილეს საკონსულო, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მოწმეები ამბობენ, რომ ტერორისტებმა შეძლეს ელჩის ცხედარი მისი ავტომანქანიდან გადმოეტანათ და ფოტოები გადაეღოთ, შემდეგ კი ის მიწაზე დააგდეს.

იმავდროულად, ცნობილი გახდა, რომ ამ ტრაგიკული მოვლენების მთავარი გმირი, რეჟისორი ფილმისა ისლამის შესახებ, რომელმაც ისლამისტების ასეთი რეაქცია გამოიწვია, იმალება. სემ ბეისილი შიშობს, რომ შესაძლოა მოკლან.

ამასთან, ის ამბობს, რომ არის ისრაელის მოქალაქე, ფილმი კი ეგვიპტელი ქრისტიანების მხარდაჭერით შექმნა. როგორც „ასოშეითედ პრესი“ იუწყება, ბეისილმა სატელეფონო ინტერვიუში გაიმეორა, რომ ისლამს „კიბოდ“ თვლის, თავის ფილმს კი რელიგიის შესახებ  „პოლიტიკური განაცხადი“ უწოდა. მანვე მწუხარება გამოთქვა ამერიკელი დიპლომატების დაღუპვის თაობაზე და დასძინა, რომ ცუდი არ იქნება, თუკი აშშ თავისი საელჩოების დაცვას გააძლიერებს.