ხვალ საღამოს, გორან ბრეგოვიჩი რიყეზე კონცერტს გამართავს...
14:08:38     12-09-2012
ხვალ, საღამოს 20:00 საათზე, მეიდანზე, ღია ცის ქვეშ ცნობილი ბალკანელი კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება კი, თავისუფალი იქნება.
მუსიკოსი თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა. გორან ბრეგოვიჩთან ერთად ეწვევიან საქართველოს მისი ბენდის „wedding and funeral bend” წევრებიც. ბენდი ცამეტკაციანია.
კონცერტის ორგანიზატორია „არტ ფორუმი“ . როგორც „არტ ფორუმის“ პროდიუსერმა კახა ცისკარიძემ „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გორან ბრეგოვიჩი ქართველ მაყურებელს ძალიან უყვარს, სწორედ ამის გამო გადაწყდა მუსიკოსისთვის შეეთავაზებინათ კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში.
„კონცერტი რიყეზე გაიმართება, მეიდანთან - ღია ცის ქვეშ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი ბრეგოვიჩი. მაშინ ისე მოხდა, რომ მხოლოდ მოსაწვევებით იყო დასწრება შესაძლებელი. მთელი ფილარმონია სავსე იყო. იმის გამო, რომ მაყურებელი გულდაწყვეტილი დარჩა, გადავწყვიტეთ კიდევ ჩამოგვეყვანა. ახლა მას ჰქონდა თავისუფალი დრო და მოვიწვიეთ“-აცხადებს პროდიუსერი.
ცისკარიძის განცხადებით, „არტ ფორუმმა“ მოახერხა ფინანსების მოძიება, რის გამოც ბრეგოვიჩის კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
საათნახევრიანი კონცერტის განმავლობაში, მსმენელი გორან ბრეგოვიჩის როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს მოისმენს. ბრეგოვიჩის ახალი ალბომის სახელწოდებაა „შამპანიური ბოშებს,“. სწორედ ამ ალბომში შესული ჰიტების მოსმენის საშუალება ექნება ქართველ მსმენელს.
ბალკანელი კომპოზიტორი საქართველოში მესამედ ჩამოდის. პირელად ის ქვეყანას 2 000 წელს ეწვია, მოგვიანებით კი, ბრეგოვიჩი ფიჭური კავშირგაბმულობის კომანია „მაგთის“ 10 წლის იუბილეზე იმყოფებოდა.
კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი სარაევოში 1950 წლის 22 მარტს დაიბადა. მუსიკალური განათლება მან ქალაქის კონსერვატორიაში მიიღო, სადაც ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა. პირველი როკ-ჯგუფი 16 წლის ასაკში შექმნა, სადაც თავად ბას-გიტარაზე უკრავდა. მისი მეორე პროექტი, ტრიო „Mica, Goran and Zoran“ იყო, რომელიც 1971 წელს, ორ მუსიკოსთან ერთად ჩამოაყალიბა. რამდენიმე წელიწადში ჯგუფი დაიშალა და გორანმა ახალი პროექტი „Bijelo Dugme“ შექმნა, რომელშიც ბოსნიის სამივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული. როკ-ჯგუფი 1970-1980 წლებში იუგოსლავიელ შემსრულებლებს შორის ყველაზე პოპულარული იყო.
კომპოზიტორს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა კინოსამყაროში შესვლამ. გორან ბრეგოვიჩი ორჯერ გახდა ოქროს პალმის რტოს მფლობელი. პირველად ეს ჯილდო ფილმისთვის „დედოფალი მარგო“ მიიღო, მეორედ კი, „მიწისქვეშეთის” მუსიკის შექმნისათვის. თუმცა პრესისა და საზოგადოების აზრს, რომ საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, მისი თანამოძმის ემირ კუშტურიცას ფილმებს უკავშირდება, კომპოზიტორი არ ეთანხმება. ბრეგოვიჩი ამბობს, რომ კუშტურიცასთან თანამშრომლობამდეც პოპულარული იყო და მისი ალბომები მილიონიანი ტირაჟთ იყიდებოდა.
ბრეგოვიჩის მუსიკით გაფორმდა ფილმები: „ბოშების დრო“, „არიზონას სიზმარი“, „დედოფალი მარგო“, "შავი კატა, თეთრი კატა" „მიწისქვეშეთი“ და სხვა. კომპოზიტორი საქართველოს ხვალვე, კონცერტის დასრულების შემდეგ დატოვებს.