
პარლამენტი მუშაობას ქუთაისში, 2 ოქტომბერს განაახლებს
13:39:09     12-09-2012
ქუთაისის ახალ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას აპარატის თანამშრომლები, სავარაუდოდ, 2 ოქტომბრიდან შეუდგებიან. ვინაიდან, 1–ელი ოქტომბრის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის დაცლაზე აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის, დაცლილია კაბინეტები, არსებული ინვენტარი ქაღალდის ყუთებშია ჩაწყობილი, ავეჯი კი, რიგ ოთახებში ერთად არის მოთავსებული. რაც შეეხება თანამშრომლებს, 600 საჯარო მოხელისგან სამსახურში მხოლოდ რამდენიმე დადის, თუმცა, მათ ვინც საქმიანობის გაგრძელებას ქუთაისში აპირებს, რამდენიმე დღის წინ გამოუცხადეს, რომ 2 ოქტომბერს ახალ საპარლამენტო ქალაქში უნდა იყვნენ და მუშაობას სწორედ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე არსებულ პარლამენტში შეუდგნენ.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1–ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპარლამენტო ცხოვრების ისტორიას ახალ ფურცელს ქუთაისის ახალი პარლამენტი გადაუშლის, რომელიც დეპუტატ აკაკი ბობოხიძის იდეითა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ქუთაისში გადავიდა. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობას, პარლამენტში სხდომათა დარბაზის ნგრევა კვლავ მიმდინარეობს. დარბაზში აღარ არის მაგიდები, სპიკერატში არსებული ტრიბუნები კი, მთლიანად მოშლილია. ამასთან, მიმდინარე კვირის ბოლოს სხდომათა დარბაზის დემონტაჟის პროცესი დასრულდება, რის შემდეგაც პარლამენტში არსებული ბიუროს დარბაზის ნგრევა დაიწყება.