"ქრისტიანული ხელოვნების საგანძური"

  09:11:05     12-09-2012

12 სექტემბერს, 14 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ფოტოგამოფენა "ქრისტიანული ხელოვნების საგანძური", რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი ექსპონატების ფოტოასლები, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, ბედიის ბარძიმი, წილკნის ხვთისმშობლის ხატი და სხვ..

ღონისძიებას დაესწრებიან საპატრიარქოს, ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

გამოფენა მცხეთაში 3 კვირას გასტანს და სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, ადგილობრივ მოსახლეობას, აგრეთვე მცხეთის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ საგანძურს. გამოფენის კურატორები 5 დღის განმავლობაში ჩაატარებენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტოვობებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.

მცხეთიდან გამოფენა გადაინაცვლებს სტეფანწმინდაში და მთლიანობაში 15 ქალაქს მოივლის (სიღნაღი, თელავი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, მესტია, ამბროლაური, რუსთავი, სტეფანწმინდა, ბათუმი, მცხეთა, თბილისი). გამოფენა 2013 წლის 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება.
ფოტოგამოფენა პირველად 2008 წელს მოეწყო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელშეწყობით და მიტროპოლიტ დანიელის ინიციატივით.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი .

წყარო