ილია ჭავჭავაძის „ლოცვა“
09:09:49     12-09-2012
1907 წლის 30 აგვისტოს (ახალი სტილით 12 სექტემბერს), ავაზაკებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძე.
დღეს ჩვენ ახალი სტილით ვცხოვრობთ, მაგრამ 30 აგვისტოს მაინც მივუძღვენით დიდ ილიას პუბლიკაცია, სადაც მკითხველს შევთავაზეთ მიხეილ ჯავახიშვილის სამგლოვიარო წერილი „მოჰკლეს პოეტი”, ავაზაკების მიერ საქართველოს უგვირგვინო მეფის მკვლელობით გამოწვეული.
მაშინ ვწერდით, და ახლაც გავიმეორებთ, ილია ჭავწავაძის გარდაცვალების თარიღი იმდენად ტრაგიკულია, რომ შეიძლება ძველი სტილითაც აღვნიშნოთ და ახლითაც...
ილია ჭავჭავაძის წინაშე მუდამ ვალში ვართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენმა „თანამოქალაქეებმა“ მოკლეს (თუმცა ისინი „ჩვენნი“ არ შეიძლება იყვნენ), არამედ იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძის დამსახურება უზარმაზარია. და რაც დრო გადის, მატულობს მისი იდეოლოგიის მნიშვნელობა.
ეს დღე მუდამ ტკივილიანი იქნება ქართველობისათვის, როგორც ტრაგედიის, დიდი ადამიანის დაკარგვის დღე და როგორც სირცხვილის დღე...
ილია ჭავჭავაძემ, როგორც დიდმა ადამიანმა, გენიოსმა, წინასწარ განჭვრიტა მისი შესაძლო მკვლელობა, და როგორც დიდმა ქრისტიანმა, წინასწარ შეუნდო მკვლელებს.
მისი წინამდებარე ლექსი, „ლოცვა“, არის შესანიშნავი მაგალითი ადამიანის დიდსულოვნებისა, ქრისტიანული მიმტევებლობისა და ბრწყინვალე პოეტური ქმნილებაც გახლავთ.
ილიას ეს ლექსი, როგორც ბევრი სხვა, მართლაც დიდებულია. მან წინასწარ შეუნდო მის მკვლელებს. შესანიშნავია ეს ლექსი, როგორც პოეტური ქმნილებაც.
... მაგრამ ჩვენ ვერ ვაპატიებთ სამშობლოს ღალატს ვერავის... მათი სახელები მუდამ ჰეროსტრატეს სახელივით საწყევარი იქნება, როგორც აკაკი ამბობდა ილიას მკვლელებზე. სხვათა შორის, აკაკიმ ისიც თქვა: „თვით ილიასთვის მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე და საქართველოს კი ძველი აღთქმა, ისტორიული მით გაუახლე“. აქ ლაპარაკია საქართველოს ლაზარესავით მკვდრეთით აღდგენაზე, რომლის საწინდარიც ილია ჭავჭავაძის მოწამეობრივი აღსასრულიც არის, რა თქმა უნდა, მის იდეოლოგიასთან ერთად.
ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!