გარდაიცვალა პოეტი რუსუდან გიგინაშვილი („აღმომაჩინეთ“)
09:01:34     12-09-2012
რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა პოეტი რუსუდან გიგინაშვილი.
რუსუდან გიგინაშვილი დაიბადა 1943 წლის 22 სექტემბერს. მას ძალიან მძიმე და დრამატული ცხოვრება ჰქონდა. 9 თვის იყო დედა რომ გარდაეცვალა. რამდენიმე თვეში მამაც. რუსუდანს და მის ძმას პაპა და ბებია ზრდიდნენ. სიღარიბისა და შიმშილის გამო პატარა რუსუდანს ფილტვები დაუავადდა. 9 წლამდე ლოგინს ყოფილა მიჯაჭვული. ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ სუნთქვდა. მის გამოჯანმრთელებას აღარავინ ელოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ხმის ამოღება შეძლო და საწოლიდანაც წამოდგა. პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგა 9 წლისამ, პირველი სიტყვებიც მაშინ აღმოუთქვამს...
შემდეგ ბებია გარდაეცვალა, პაპას სახლიდან გაუშვია, მისი მოვლა არ შეეძლო. ზესტაფონში დედის ოჯახში წავიდა. ბებია ზრუნავდა მასზე. იქვე დაამთავრა აგროტექნიკუმი და თელავში დაბრუნდა. პაპა ცოცხალი აღარ დახვდა, ძმა გალოთებულიყო...
22 წლისა იძულებული იყო გათხოვილიყო მასზე ბევრად უფროს კაცზე. მერე მისი ქმარი დაიჭირეს მკვლელობის გამო. ვიღაც დაეხმარა და თბილისში ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მოაწყო. იქვე დასახლდა საერთო საცხოვრებელში... მას მერე იქ ცხოვრობდა.
ერთხელ ტრიკოტაჟის ფაბრიკას იოსებ ნონეშვილი სწვევია, რომელსაც წარუდგინეს ფაბრიკის პოეტი მუშა რუსუდან გიგინაშვილი. იოსებ ნონეშვილი აღფრთოვანებულა მისი ლექსებით.
სიყვარულშიც არ გაუმართლა... პოეტის ლექსები პირველად 1983 წელს დაიბეჭდა, „ცისკარში“, მორის ფოცხიშვილის წინასიტყვაობით. შოთა ნიშნიანიძეს მოსწონებია და შეუქია მისი ლექსები. დაეხმარა კიდეც კრებულების გამოცემაში. რუსუდან გიგინაშვილს კი შოთა ნიშნიანიძე შეჰყვარებია, უიმედოდ, შორიდან...
გაუსაძლისი ცხოვრების გამო რამდენჯერმე თავის მოკვლაც გადაუწყვეტია. ერთ დღეს, როცა ოთახში ჩაიკეტა იმედდაცლილი, კარზე დაუკაკუნეს და გააგებინეს, შენი რძალი გარდაიცვალაო. ორი ობოლი გოგონა მისახედი იყო. ჩამოიყვანა თბილისში. საერთო საცხოვრებელში არ მიაყვანინეს, დიღმის ბავშვთა სახლში ჩააბარა და შაბათ-კვირას მიჰყავდა თავისთან. გოგონები დაიზარდნენ და ოჯახებიც შექმნეს, რაც ძალიან უხაროდა მამიდას.
ბოლო ხანს რადიო „ობიექტივში“ მიჰყავდა გადაცემა „დამწყები პოეტები და მწერლები“. პირველად რუსუდან გიგინაშვილი საზოგადოებამ გაიცნო ინტერნეტში, იუთუბიზე გამოქვეყნებული ვიდეოს მეშვეობით, სადაც ახალგაზრდებს ლექსებს უკითხავდა.
ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში... ხანდახან, კეთილი ჟურნალისტების დახმარებით გულმოწყალე ადამიანები ეხმარებოდნენ...
ლექსებს სკოლის ასაკიდან წერდა. საოცრად სევდიანია და კარგი მისი ლექსი „აღმომაჩინე“, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ დღეს. მთელი ცხოვრება უნდოდა, რომ ვინმეს შეემჩნია, მაგრამ არავინ აღმომაჩინაო, ამბობდა...
... არ ვიცი, ახლა თუ მაინც ნამდვილად აღმოვაჩინეთ, ჩვენ, საზოგადოებამ, მშვენიერი პოეტი და ქალბატონი რუსუდან გიგინაშვილი.
აღმომაჩინე
ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი,
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს.
ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.
აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ,
იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა,
იქნებ ვშრიალებ თქვენს წინ ჩინარად,
იქნებ ცრემლი ვარ, ცრემლი შვებისა,
იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი,
ხელი შემახეთ, არ შეგაშინებთ.
ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.
ჩემში ზღვა ბორგავს, ღელავს ზვირთები,
შმაგი ქარშავა ტალღებს აცინებს,
მალე ჯებირებს გადმოვდინდები,
გემუდარებით აღმომაჩინეთ.