
დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი ცოლის მეორე ქმარს დანით მიუვარდა
21:43:47     11-09-2012
„რაც ჩემია, ჩემია“ - ამ პრინციპით დეპუტატობის ყირიმელი კანდიდატი თავის ცოლს ახალი ქმრის ოჯახში მიეჭრა და კონკურენტი დანით დაჭრა. ამ ფორმით ის ოჯახის უკან დაბრუნებას ცდილობს. ოპოზიციური გაერთიანება ბატკივშინას წარმომადგენელი იგორ ლესივი დაკავებულია, მაგრამ მუქარას მაინც აგრძელებს. როგორც მისი ექს-მეუღლე ნატალია ლუკიანცევა ამბობს, თითქმის ყოველდღე ურეკავს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება.
დაზარალებული ქმარი კი მინიმუმ, ერთი წელი ვერ გამომჯობინდება. სწორედ ერთი წლის მერეა შესაძლებელი ოპერაციის გაკეთება, რომელიც კონსტანტინ ახმედოვს სრულფასოვან ჯანმრთელობას დაუბრუნებს. ის ცოლის ექს-ქმარმა სახესა და გულის არეში დანით დაჭრა. ჭრილობები მრავალჯერადი იყო.
დანების ტრიალი პირდაპირ ლესივის 12 წლის ქალიშვილის თვალწინ მოხდა, რომელიც ახლა დედასთან და ახალ მამასთან ერთად ცხოვრობს. გოგონა დღემდე შოკშია იმისგან, რაც ნახა.
მოვლენები უცბად განვითარდა. ლესივი ექს-ცოლის ქმრის სახლში დანით შევარდა, ახმედოვს სახეში თავი ჩაარტყა, მერე კი დანით დაჭრა. ახმედოვი ამბობს, რომ სწორედ ბავშვის გამო შეიკავა თავი, თორემ „ჩავარჭობდი თხის რქას და ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა“. ლუკიანცევა ამბობს, რომ მართალია მისი შვილის მამა ახლა დაკავებულია, მაგრამ ექს-მეუღლეს ტელეფონით ურეკავს და ემუქრება.
„ვფიქრობ, ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება, რადგან სატელეფონო ზარები არ წყდება. არ ვიცი, რატომ უშვებს ამას მილიცია, როცა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, ნებისმიერ დროს დარეკვას და მუქარას ახერხებს. ის ამბობს, რომ ბავშვსაც წამართმევს და სამსახურიდანაც გამაგდებს. ეს ყოველდღიურად გრძელდება. უბრალოდ, ყურმილს აღარ ვიღებ“ - ამბობს ლუკიანცევა.
აღნიშნული ფაქტის გამო მან ყირიმის პროკურატურაში აგვისტოში უკვე ორი განცხადება შეიატანა. „მეშინია, იმიტომ რომ, არ ვიცი როგორ მოიქცევა ამის შემდეგ. თუ თავისუფლებაზე აღმოჩნდება, არ ვიცი, რა მოხდება“ - შიშობს ის. ქალიშვილის წაყვანას კი ფსიქოლოგებთან აპირებს, რადგან 12 წლის გოგონა დღემდე განცდებშია იმისგან, რაც ნახა.
ამასთან, დაზარალებული ცოლ-ქმარი იმასაც ამბობს, რომ ლესივს, როგორც დეპუტატობის კანდიდატს ცოტა ვინმე თუ იცნობს. სამაგიეროდ, კარგად იცნობენ, როგორც თაღლითს, რადგან 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი „გადააგდო“. ახლა ლესივს დეპუტატობა არა, მაგრამ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნამდვილად მოელის. მის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.