
მოსკოვი, საქართველოში „დემოკრატიის მცველად“ და ქუჩის აქციების მხარდამჭერად გამოდის
15:55:13     11-09-2012
კრემლი ღიად გამოხატავს თავის პოზიციას, რომ საქართველოში ქუჩის აქციები მისთვის მისაღები და გამართლებული იქნება. ამ საკითხზე განცხადება თვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა, სადაც ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა საქართველოში ვიზიტად მყოფი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი იმიტომ გააკრიტიკა, რომ მან განცხადება 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ქუჩის შესაძლო აქციების კონტრპროდუქტიულობაზე ისაუბრა.
აღმოჩნდა, რომ კრემლი საქართველოზე ამ თვალსაზრისითაც „ზრუნავს“, კერძოდ, დემოკრატიის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით და ამიტომ ბილდტის განცხადებამ გააღიზიანა.
ლუკაშევიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბილდტს, რომელიც ამ დღეებში მოსკოვში კერძო ვიზიტით მიემგზავრება, საგარეო უწყება საქართველოში გაკეთებული ამ განცხადების გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვს, რადგან მოსკოვს მიაჩნია, რომ საქართველოში, „არაბული გაზაფხული“ და სხვა ტიპის საპროტესტო ტალღა შეუზღუდავად უნდა აგორდეს.
- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადება 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ზღუდავს მოქალაქეთა რეაქციას დემოკრატიის ნორმების დარღვევაზე, თუკი ასეთს ექნება ადგილი და უჩვეულოდ ჟღერს იმ მინისტრის მხრიდან, რომელიც ცნობილია, როგორც მხარდამჭერი „არაბული რევოლუციებისა“ - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
მოსკოვი წუხს იმაზე, რომ ბილდტი, საქართველოში „დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევაზე“ ხალხის რეაქციას ზღუდავს:
„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებაზე. ის ცნობილია თავისი აქტიური მხარდაჭერით „არაბული რევოლუციებისა“ და საპროტესტო აქციების მიმართ სხვა ქვეყნებში. ამიტომ მცდელობა, აპრიორშივე შეზღუდოს რეაქცია დემოკრატიული ნორმების შესაძლო დარღვევაზე საქართველოში არჩევნების დროს, მინიმუმ, შვედეთის მინისტრის არათანმიმდევრულ შეხედულებებზე მეტყველებს“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
ამიტომ, „ჩვენ დავინტერესდებით ადამიანების თვითგამოხატვის უფლების აღქმაზე მისი ამ შერჩევითობით“ - დასძინა კრემლის მაღალჩინოსანმა...