
"ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციაზე, „ქართული ოცნების“ შეფასება, სახელმწიფოებრივი არ იყო"...
15:23:52     11-09-2012
„ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“ წინასარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ბაჩუკი ქარდავა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. „ედპ“-ს პოლიტიკურ გეგმებზე, ტელედებატებსა და „ქართული ოცნების“ არასახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე „პრესა.ჯი“-ს ბაჩუკი ქარდავა ესაუბრა.
- როგორ წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“?
- ჩვენ უარი ვთქვით პომპეზურ ღონისძიებებზე და აქციებზე. დავდივართ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვხდებით მოსახლეობას. ვაცნობთ ჩვენს პროგრამას და გეგმებს. ყველაზე კარგი ის არის, რომ როცა ადამიანებს ვხვდებით სოფლებში და ვესაუბრებით ჩვენ გეგმებზე, ყველაფერს ძალიან სწორად იგებენ. ამჟამადაც ქალაქგარეთ ვარ და ერთ-ერთ ქალაქში ვმართავ შეხვედრებს.
- რამდენიმე დღის წინ ტელედებატები გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დასწრებია. როგორ შეაფასებთ ტელედებატებს და ბიძინა ივანიშვილის უარს ტელედებატებში მონაწილეობაზე?
- ძალიან კარგია, როცა რამდენიმე კანდიდატი ერთდროულად არის ეთერში და ტელეეთერით ესაუბრება ამომრჩეველს.
რაც შეეხება ივანიშვილს, არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება ტელედებატებში მონაწილეობის არმიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თუკი პრეტენზიას გამოთქვამ, რომ გინდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, შენ ხალხს არ უნდა გაურბოდე.
- ამ დრომდე მიმდინარეობს სპეცოპერაცია ლაფანყურში. დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, როგორია თქვენი შეფასება ლანაფყურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
- რუსეთს სურს დაიცვას კავკასიაში თავის გეოპოლიტიკური ფუნქცია და მას ამაში საქართველო ხელს უშლის. ამიტომ რუსეთი ყოველთვის ეცდება ეს პროვოკაციები გამოიყენოს და გადაგვკიდოს ჩვენს ძმებთან - ჩრდილოკავკასიელებთან. ან კიდევ, გამოიყენოს ეს პროცესები და განახორციელოს საქართველოზე დარტყმა. იმდენად რთული ინცინდენტი იყო ეს, რომ ჩვენ თავი შევიკავეთ ზედმეტი შეფასებებისგან. მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს და ექსპერტს, როცა ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, უმჯობესია ხოლმე ამ თემის მიმართ უფრო ფრთხილები ვიყოთ.
- ივანიშვილის კოალიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან შეთანხმებით განახორციელა ეს სპეცოპერაცია...
- თუკი სახელმწიფოებრივად აზროვნებ, ეს არ არის ის თემა, რომ რაიმე პოლიტიკური ქულების დაგროვებაზე იფიქრო. თუ ამ თემით ქულებს იწერ, გამოდის არასახელმწიფოებრივად აზროვნებ. ეს იყო სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეეძლო ჩვენი სახელმწიფოსთვის სერიოზული პრობლემა შეექმნა. ამ დროს ნებისმიერ კომენტარს და განცხადებას შეიძლება სხვა დატვირთვა მიეცეს და მტერმა გამოიყენოს. ამიტომ ჩვენ თავი შევიკავეთ ამ თემის შეფასებებისგან.
- რომ გქონოდათ ტელე-დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რა შენიშვნები და რეპლიკები გექნებოდათ მამრთველი გუნდის ან „ქართული ოცნების“ მიმართ?
- ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვყოფდი იმ სოციალურ პროგრამებს, რომლის წინაშეც დღეს ქართული საზოგადოება დგას. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ რაც ათ წელიწადში ვერ მოგვარდა, ის შესაძლებელია დღეს და ხვალ მოგვარდეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათთან მექნებოდა შეკითხვები საგარეო–პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით და დავინტერესდებოდი, რეალურად არის თუ არა თავისუფალი მათი ფინანსებიდან გამომდინარე თანხის გადამხდელი პირისგან და განსაზღვრავს თუ არა ფინანსების წყარო კოალიციაში პოლიტიკას?
- რაც შეეხება უწმინდესის მოწოდებას, ბაგრატის ტაძრის გახსნაზე სრულიად პოლიტიკური სპექტრისა და მხედრობის ჩასვლასთან დაკავშირებით, რას აპირებს „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“?
- უწმინდესი ყოველთვის მაღლა დგას თავის შეხედულებებით და ამის ნიშანია მისი მოწოდებაც. პოლიტიკაში ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხედოთ არა როგორც მტრებს, არამედ როგორც ოპონენტებს. ჩვენ პატრიარქის კურთხევას აუცილებლად შევასრულებთ და ჩავალთ ბაგრატის ტაძარში.