იოანე ნათლიმსცემლის თავისკვეთა მარკოზის სახარების მიხედვით
10:35:50     11-09-2012
29 აგვისტოს (ახალი სტილით 11 სექტემბემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლიმსცემლის თავის კვეთის დღეს.
იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი გახლდათ, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამასთან იგი იყო უდიდესი წინასწარმეტყველი და ამქვეყნად შობილთა შორის უპირატესი. ამას მაცხოვრის სიტყვები მოწმობს. იგი გახლდათ უფლის ხორციელი ნათესავი და მისი მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი სამსახური იყო. ჯერ კიდევ დედის წიაღში ყოფნიდან ადიდებდა და ემსახურებოდა მაცხოვარს...
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ამბავი გადმოცემული აქვს მათე და მარკოზ მახარებლებს. ოდნავი განსხვავებით. მარკოზ მახარებლის მიხედვით, ჰეროდეს ეწყინა რომ სთხოვეს იოანე ნათლისმცემლისთვის თავი მოეკვეთა, თუმცა, პატივმოყვარეობით ატანილმა, მაინც შეასრულა თავისი დანაპირები, ყველაფერს შევასრულებო... მათე მახარებლის მიხედვით, კი ჰეროდეს სურდა იოანე ნათლისმცემლის მოკვლა და მხოლოდ ხალხის რისხვას ერიდებოდა, თავის დაბადების დღეზე კი საბაბი მოიპოვა - სიტყვა ჰქონდა მიცემული მოცეკვავე ქალისადმი.
ამ განსხვავების ერთ-ერთი ახსნა ასეთია სჯულისმცოდნეთა მიხედვით. კერძოდ, ჰეროდეს წუხილი, მარკოზის სახარების მიხედვით, მხოლოდ გარეგნული ფარსია. მისი პატივისცემა იოანე ნათლისმცემლისადმი, მხოლოდ ნათლისმცემლის გავლენით და ხალხის შიშით არის გამოწვეული. ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში კარგადაა ნაჩვენები, რომ ადამიანმა არ უნდა დადოს ისეთი აღთქმა, რომლის შესრულებაც არ შეუძლია, ან არ უნდა შეასრულოს ისეთი თხოვნა, რომელიც სხვას დააზიანებს. და მთავარი, ადამიანი არ უნდა იყოს პატივმოყვარე...
იოანე ნათლისმცემლის ჩასახვის, მისი დედის წიაღში ყოფნის დროს ღვთისმშობლის სტუმრობის გამო სიხარულის, მისი ობლობის, უდაბნოში ღაღადების, იორდანეზე ნათლისმცემლობის, სული წმინდის გამოცხადების, მაცხოვრის ნათლიღების და მასთან ერთად თავად იოვანეს განათვლის, შემდეგ მისი ტყვეობისა და თავის კვეთის ამბავი, იმდენად გულისშემძვრელია, იმდენად ამაღელვებელია, იმდენად ამაღლებულია, იმდენად შესანიშნავადაა გადმოცემული, რომ ყველა, მორწმუნე თუ ურწმუნო, არ შეიძლება გულდათუთქული, გაოცებული, აღფრთოვანებული არ დარჩეს და დიდი სიყვარულით არ განიმსჭვალოს იოანე ნათლისმცემლისადმი და უდიდესი მოწიწებით მახარებლებისადმი, რომლებმაც ასე ბრწყინვალედ მოგვითხრეს...
იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები, გადმოცემული მახარებლების მიერ არის ადამიანური გენიის ერთ-ერთი უდიდესი გამოხატულება (სახარების სხვა თემებთან ერთად) უბრწყინვალესი შედევრები უკანასკნელი წინასწარმეტყველისა და ქრისტიანობის პირველი მოწამისა, მაცხოვრის წინამორბედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას რომ ასახავს.
ცხოვრება, ისტორია ქმნის უდიდეს ნაწარმოებებს. ალბათ ვერავინ შეედრება მახარებლებს, რომლებმაც იმდენად ოსტატურად გადმოსცეს ახალი ერის დასაწყისი კაცობრიობის ცხოვრებაში, ახალი აღთქმა, ახალი სინამდვილე და ახალი გმირობა ახალი ადამიანებისა, რომ ვერასოდეს, ვერც ერთი დიდოსტატი მწერლობისა ვერ შეძლებს მსგავსი რაიმეს შექმნას. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომაც, რომ სული წმინდა მონაწილეობდა ოთხივე სახარების შექმნაში... და კიდევ იმიტომ, რომ ამგვარი პერსონაჟები, თუკი შეიძლება ასე ითქვას, სხვა ვინ შეიძლება ყოფილიყო...
შემდეგ მაცხოვრის ცხოვრების მოთხრობა, ახალი აღთქმის გადმოცემა, ქრისტეს წამების, გოლგოთის გზისა, ჯვარცმისა, გარდაცვალების, მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების მოთხრობა - ეს ხომ ტიტანური ტვირთი გახლდათ, რომელსაც შეუდგნენ მახარებლები და ბოლომდე ზიდეს. შეასრულეს მათზე დაკისრებული განიალურად, სული წმინდის დახმარებითა და უდიდესი ნიჭის წყალობით.
ახალი აღთქმის თემებს მერეც ბევრი მწერალი მიუბრუნდა, მაგრამ მახარებლების დონისა, თუნდაც ლიტერატურული თვალსაზრისით, ნაკლებად შექმნილა.
ოთხივე სახარება არის ადამიანური შემოქმედების უმაღლესი მწევერვალი.
და სახარების მაღალ დონეზე თარგმნა მხოლოდ ასევე დიდ შემოქმედებს შეეძლოთ. დღეს გავიხსენოთ იოანე მახარებლის თავის კვეთის ამბავი მარკოზის სახარებიდან (ქართული კანონიკური სახარება - გიორგი მთაწმინდელის რედაქცია).
სახარებაჲ მარკოზის თავი
6, 17-29
17. რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად.
18. რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი.
19. ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა.
20. რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა.
21. და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა,
22. და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ.
23. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა.
24. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
25. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.
26. და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის.
27. და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი.
28. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.
29. და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა.