„28 თვე სმოლენსკის შემდეგ“: კაჩინსკის თვითმფრინავი არა უამინდობამ, არამედ აფეთქებებმა იმსხვერპლა

  08:09:22     11-09-2012

პოლონეთის საპარლამენტო კომისიამ, რომელიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავიაკატასტროფაში დაღუპვის მიზეზბს იკვლევს, თავისი მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სმოლენსკის კატასტროფა საპრეზიდენტო ბორტზე აფეთქებებმა გამოიწვია.

კომისია, ოპოზიციონერი ანტონი მაცარევიჩის ხელმძღვანელობითა და ასევე ოპოზიციური წევრებიტაა დაკომპლექტებული. მისი ვერსია ოფიციალურ ვერსიისგან სრულიად განსხვავებულია.

მოხსენება, სახელწოდებით „28 თვე სმოლენსკის შემდეგ“, საპარლამენტო ჯგუფის საიტზე გამოქვეყნდა. 169-გვერდიან დოკუმენტში კატასტროფის მიზეზად დასახელებულია არა უამინდობა და მფრინავების შეცდომა, არამედ აფეთქებები ბორტზე, რაც, კომისიის წევრთა თქმით, ექსპერიმენტებით დადასტურდა.

„ტრაგედიის ყველაზე სავარაუდო მიზეზი იყო აფეთქებები, რომლებმაც თვითმფრინავი ჰაერშივე გაანადგურა და მაშასადამე, უშუალო პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე ეკისრებათ არა პილოტებს ან ატმოსფერულ პირობებს, არამედ დღემდე დაუდგენელ პირებს“ - ნათქვამია მოხსენებაში.

მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ავიაკატასტროფა მოხდა პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ურთიერთწინააღმდეგობის ფონზე.  დოკუმენტის ავტორები პოლონურ მხარეს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მთავრობამ გამოძიების ჩატარების უფლება მთლიანად რუსეთს გადააბარა. მოხსენების ერთ-ერთი თავი სწორედ გამოძიების კრიტიკას ეძღვნება, რომელიც სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა და პოლონურმა კომისიამ ჩაატარა.

საპარლამენტო გამოძიებაში ჩართული იყო ორი ექსპერტი - პოლონური წარმოშობის ამერიკელები - ვესლავ ბინენდი და კაზიმეჟ ნოვაჩიკი. მათი აზრით, თვითმფრინავის შეჯახება ხესთან ვერ გამოიწვევდა ფრთის მორღვევას, პარამეტრულმა რეგისტრატორმა კი, მათი თქმით, ბორტზე ორი „ძლიერი რყევა“ დააფიქსირა.

„აფეთქება თვითმფრინავის შიგნით, რომელიც ჰაერში იყო, ერთადერთი ლოგიკური ახსნაა იმ შედეგებისა, რომლებიც ნაწილობრივ ფოტოებზეც ჩანს“ - ამბობს მესამე ექსპერტი გჟეგოშ შულაძინსკი. მისი აზრით, ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს თვითმფრინავის მიმობნეული ნაწილები, მგზავრთა დაზიანებების ხასიათი და მოწმეთა ჩვენებები.

იმავდროულად, ოფიციალური გამოძიება, რომელსაც პოლონეთის პროკურატურა ატარებს, არ სცნობს ამ დოკუმენტში მოყვანილ ვერსიებს, განსაკუთრებით აფეთქებებთან დაკავშირებით და არ თვლის ამ დასკვნებს „დამატებით მასალად“, რომლის გამოც გამოძიება უნდა ჩატარდეს.