რუსეთის არმია ჩრდილოეთ კავკასიაში საომრად ემზადება

  15:00:03     10-09-2012

ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში სპეცსამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყენებით კონტრტერორისტული ოპერციები მიმდინარეობს. თუმცა ეს ღონისძება ნაკლებად ეფექტური გამოდგა და ამიტომაც ახლა მასში არმიის ქვედანაყოფების ჩართვას გეგმავენ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის, თავდაცვის სამინისტროში რომ მსგავსი გეგმა განიხილება თავად ამ უწყების წყაროებიდან გახდა ცნობილი. 

თავდაცვის სამინისტროდან წყაროს ცნობით, ყოველივე ეს განპირობებულია იმ დიდი დანაკარგებით, რასაც რეგიონში მყოფი ძალოვანი სტრუქტურები, მათ შორის არმიის ქვედანაყოფები, განიცდიან. მახოლოდ აგვისტოს ბოლო კვკირას ჩრდილოეთ კავკასიაში დაიღუპა 15 და დაიჭრა 11 სამართალდაცველი ორგანოებისა და თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცი და ოფიცერი. ასეთი დანაკარგები რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს ჩრდილოეთ კავკასიაში არ ჰქონიაც მაშინაც კი, როცა აქ აქტიური საომარი ქმედებებისთვის იქ ჯარის ნაწილები შეიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა უკვე მომზადებულია, ბოევიკთა გასანადგურებლად ჯარის ნაწილების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს რომელი ქვედანაყოფები იქნებიან ჩრდილოეთ კავკასიაში საომარ ოპერაციებში  ჩართულნი, ჯერ დადგენილი არაა. მაგრამ გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, საუბარია „გრუს“ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებზე, რომლებიც სწორედ მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად არიან მომზადებულნი.

ამ მოსაზრებას იზიარებს ქართელებისთვის ჯერ კიდევ აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდიდან კარგად ნაცნობი გენერალ–ლეიტენანტი, იური ნეტკაჩოვიც, რომელიც თავის დროზე რუსეთის არმიას მეთაურობდა სამხრეთ კავკასიაში ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის მოადგილის რანგში.

როგორც ცნობილია,1999 წლის აგვისტოდან, როცა საველე მეთაურების, შამილ ბასაევისა და ხატაბის რაზმები დაღესტანში შეიჭრნენ, კონტრტერორისტული ოპერაციების დრო ბოევიკთა განადგურების მიზნით ძირითადი ფუნქციები სწორედ არმიის ქვედანაყოფებმა განახორციელეს.

დაწყებული 2006 წლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო–ბალყარეთში კონტრტერორისული ოპერაციების ჩასატარებლად რეგულარულად შეჰყავთ არმიის ქვედანაყოფები. ხანდახან ბოევიკთა მსხვილი დაჯგუფებების გასანადგურებლად საომარ ქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ თავდაცვის სამინისტროს საავიაციო, არტილერისტული და სატანკო ქვედანაყოფებიც. თავად ჩეჩნეთში მუდმივად იბრძოდა მხოლოდ „გრუს“ არმიული სპეცდანიშულების ნაწილების „ზაპადისა“ და „ვოსტოკის“ ქვედანაყოფები, რომლებიც თითქმის მთლიანად ჩეჩნებით იყვნენ დაკომპლექტებულნი. 2009 წლის დასაწყისისთვის ეს ფორმირებები დაშალეს. თუმცა, ფაქტია, რომ სამი წლის შემდეგ მოსკოვს კვლავ დასჭირდა ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკთა გასანადგურებლად საომარი ოპერაციების ჩასატარებლად არმიის გამოყენება.