შუშანიკ დედოფალი

  08:37:28     10-09-2012

28 აგვისტოს (ახალი სტილით 10 სექტემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა შუშანიკ დედოფლის ხსენების დღეს, რომელიც ეწამა მისი ქმრის, ქვემო ქართლის პიტიახშის ვარქსენის მიერ (წმინდა დედოფალი გარდაიცვალა დაახლოებით 475 წელს).

შუსანიკ დედოფალი დაიბადა დაახლოებით 440 წელს. შუშანიკ დედოფლის ცხოვრება აღწერილია შესანიშნავი ქართველი მწერლის, სასულიერო პირის, იაკობ ხუცესის მიერ, მისი სიკვდილიდან სულ მალე, მეხუთე საუკუნეში, სანამ ჩვენი სასიქადული წმიდა მეფე, ვახტანგ გორგასალი სიკვდილით დასჯიდა რჯულისა და ქვეყნის მოღალატე ვარსქენს. ვარსქენი კი მოკლეს 482 წელს, ეს ავტორს არ აქვს თზულებაში აღნიშნული, ამიტომ, სავარაუდოდ თხზულება დაიწერა 483 წლამდე.

შუშანიკ დედოფალი გახლდათ სომეხთა სპასპეტის, ვარდან მამიკონიანის ასული. მამიკონიანები, ზოგი მეცნიერის აზრით, ლაზები უნდა ყოფილიყვნენ წარმოშობით.  

ირანის პოლიტიკის მორჩილმა რენეგატმა ვარსქენ პიტიახშმა უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, რათა სპარსეთის შაჰისათვის ესიამოვნებინა. ასევე შეპირდა ჩემს ცოლსა და შვილებსაც მაზდეანობას მივაღებინებო. მაგრამ, მოხდა იმ დროისათვის გაუგონარი რამ, შუშანიკ დედოფალი არ დაემორჩილა ქმარს და დაგმო მისი საქციელი: „მამამან შენმან აღჰმართნა სამარტჳლენი და ეკლესიანი აღაშჱნნა, და შენ მამისა შენისა საქმენი განრჰყუნენ და სხუად გარდააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენმან წმიდანი შემოიხუნა სახიდ თჳსა, ხოლო შენ დევნი შემოიხუენ, მან ღმერთი ცათაჲ და ქუეყანისაჲ აღიარა და ჰრწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უვარ-ჰყავ და ცეცხლსა თაყუანის-ეც, და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ. და, თუ მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა, მე არა ვეზიარო საქმეთა შენთა!“

ვარსქენმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული და ქვეყნის პატრიოტი მეუღლე საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად ტანჯა. „მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერჴითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მჴეცი მძჳნვარჱ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი. მაშინ შუელად აღდგა ჯოჯიკ, ძმაჲ მისი, და იბრძოდეს, ვიდრემდის გუემა იგიცა, და თავსა მისსა მოხეთქა, და ჭირით, ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ჴელთა მისთა. და ვითარცა მკუდარი, იდვა წმიდაჲ შუშანიკ ქუეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლ-ტომსა მისსა და სახლისა მაოჴრებელად სახელ-სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაჲ მისი და ბორკილთა შესხმაჲ ფერჴთა მისთა“.

მოღალატე ქმარმა ვერ შეძლო ქრისტეს ერთგული ცოლის ნებისყოფის გატეხვა და ხალხის უკმაყოფილებაც მიიღო შედეგად. ხოლო დედოფალი თანაგრძნობას იმსახურებდა ქართველთა შორის. „და მივიდოდა წმიდისა მის თან ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაჲ, სიმრავლჱ ურიცხჳ, რამეთუ უკუანა შეუდგეს, ჴმაჲ აღემაღლა და ტიროდეს და იჴაჴდეს ღაწუთა მათთა და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთჳს.

დედოფალი გაუმკლავდა განსაცდელს. იგი ასკეტური წესით ცხოვრობდა საპყრობილეში. „დიდთა მათ მარხვათა აღუსებისათა ერგასისთა მათ დღეთა ექუსთა წელთა შინა, არცა დღისი, არცა ღამე არა დაჯდის ქუე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის, გარნა დღესა ხოლო კჳრიაკესა ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა. და მცირედ ოდენ წუენაკი მსხლისა შექმნული - იგიცა მცირედ - მიიღის, ხოლო პურისა გემო არა იხილის ვიდრე აღუსებადმდე.

და მიერ დღითგან, ვინაჲთგან პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა, სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის, გარნა ალიზაკი ერთი დაიდვის სასთუნალ. და ქუესაგებელად იყო გირჯაკი ერთი ძუელი. და კაცთა თუალსა სასთაულაკი ერთი ხალენისაჲ უცნ სასთუნლით კერძო. და თაყუანის-საცემელად კილიკი ერთი მცირე ქუე წარუგდებიედ“.

დედოფალი ძალიან მძიმე გარემოში იყო: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა.

და ესრეთსა მას ციხესა შინა ექუს წელ პყრობილ იყო და მძიმეთა მათ საკრაველთა შინა ადიდებდა ღმერთსა“.

მეშვიდე წელს, პატიმრობისა და წამების შედეგად დედოფალი შუშანიკ გარდაიცვალა. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში დედოფლის საქციელით აღფრთოვანდნენ ქართველები. დედოფალმა განამტკიცა ქართველნი სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულში.

შუშანიკ დედოფლის ერთგულება მაგალითად იქცა მთელი ქვეყნისათვის. ვახტანგ გორგასალმა არ აპატია სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატი და შუშანიკ დედოფლის წამება მოღალატე ვარსქენს...

წმინდა შუშანიკი დაკრძალულია თბილისის მეტეხის ტაძარში.

რა თქმა უნდა, ეს იყო ეროვნული იდეოლოგია და დიდმა მწერალმა და იდეოლოგმა იაკობ ხუცესმა თაობების აღსაზრდელად აღწერა ღვაწლი შუშანიკ დედოფლისა.

ზოგიერთი თვლიდა, რომ „შუშანიკის წამება“ არის პირველი ნაწარმოები, რომელიც დაიწერა ქართულად. მაგრამ, თვითონ ტექსტზე დაკვირვება უმალ აქრობს ამგვარ ეჭვს, ვინაიდან, შეუძლებელია იაკობ ხუცესს არ ჰყოლოდა წინამორბედები, არ ჰქონოდა გავლილი სალიტერატურო სკოლა, არ წაეკითხა ქართულ ენაზე ნაწარმოებები და ამგვერი შედევრი შეექმნა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი სტილით და მაღალმხატვრულობით. როგორც ჩანს, სამწერლობო-მთარგმნელობითი სკოლა უსათუოდ არსებობდა იმდროინდელ საქართველოში. ტექსტიც გვიმტკიცებსა ამას. მაშინ უკვე არსებულა ევანგელე (სახარება) და სხვა წიგნები („ევანგელჱ თჳსი და წმიდანი იგი წიგნნი მოწამეთანი“). სავარაუდოდ, იაკობ ხუცესს სხვა ნაწარმოებიც უნდა ჰქონოდა დაწერილი. ტექსტიც სრულად არ არის შემორჩენილი.

იმ დროს უკვე გვყავდა ეპისკოპოსები, მივიღეთ ავტოკეფალია და შეუძლებელია არ გვქონოდა სასულიერო ლიტერატურა მშობლიურ ენაზე, მით უმეტეს, ჩვენ ხომ აღმოსავლური ეკლესიის ნაწილი ვიყავით სულ, რომელიც ყველა ერს აძლევდა საშუალებას საკუთარ ენაზე ღმერთი დიდებისა.

ნუ მოვყვებით იმის მტკიცებას, რაც ისედაც ცხადია. ადრეც ვწერდით და ახლაც გავიმეორებთ, რომ ყველაზე ძველ ქართულ ქრისტიანულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს „კოლაელ ყრმათა წამება“ (ბიძინა ჩოლოყაშვილი) და შემდეგ „წმინდა ნინოს წამება“ (როგორც თვლის არა ერთი ქართველი მეცნიერი).
ვულოცავთ ჩვენს მკითხველებს წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს! მისი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს!

ტროპარი:

წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

კონდაკი:

დღეს მოხარული არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო, წმიდაო შუშანიკ, და ღვაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი, ვითხოვთ ქრისტესაგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვიდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.