ირაკლი აბაშიძე - „მცხეთა“
08:29:51     10-09-2012
1909 წლის 10 სექტემბერს, ხონში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე.
მისი ლექსები იბეჭდებოდა 1928 წლიდან.
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ირაკლი აბაშიძის ლექსების პირველი კრებული „რამდენიმე ლექსი“ გამოვიდა 1932 წელს.
იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967).
1960 წელს ირაკლი აბაშიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიაცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ და „პალესტინა, პალესტინა“. ციკლისათვის „მწველ ინდოეთში“ და წიგნისათვის „ინდოეთის გზებზე“ 1972 წელს მიენიჭა ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემია, ხოლო ციკლისათვის „პალესტინა, პალესტინა“ 1966 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია.
1966 წელს, ირაკლი აბაშიძის ინიციატივით მოეწყო რუსთაველის დაბადების 800-წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
აბაშიძე არის რამდენიმე ლირიკული ციკლის („ჰყვავის გურია“, „სიმღერა მკის დროს“, 1950; „მონადირის ღამეები“, 1948 და სხვა), საბავშვო ლექსებისა და პოემების („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 და სხვა) ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების, ასევე წიგნების „პალესტინის დღიური“ (1966) და „ზარები 1930-იანი წლებიდან“ (1992) ავტორი.
ირაკლი აბაშიძეს თარგმნილი აქვს ალექსანდრე პუშკინის, ადამ მიცკევიჩის, ივანე ვაზოვის, ხრისტო ბოტევის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, კორნეი ჩუკოვსკის და სხვატა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.
ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებიტა და მედლებით.
ირაკლი აბაშიძე გარდაიცვალა 1992 წლის 14 იანვარს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ირაკლი აბაშიძის დაბადების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ლექსი „მცხეთა“.
მცხეთა
თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?
რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?
მე დაგანახვებ არმაზის მხარეს -
კედლებს, ნანგრევებს, მკვდარ ნაქალაქევს,
სადაც არაგვის უძლეველ მთავრებს
სძინავთ – ჩვენს ძველთა ძვალშესალაგებს.
და გაგახსენებ იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული გახსნეს თაღები,
და ჩვენს წინ, როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის სარკოფაგები.
ჩვენ აღტაცებით დავცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში მარჯვედ ჩასმულებს:
საოცარ თვლებით მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით ნაჭედ სასმურებს,
სურებს, გვირგვინებს, ლარნაკებს, ხონჩებს,
კვლავ ცოცხლობს რაღაც უცნობ წამალით…
(თუმცა ამაოდ ვეძებდით ჩონჩხებს -
ქვებში არ ჩანდა ძვლის ნატამალიც)
და მე ვფიცავდი თავსა და სინდისს,
ამ უცხოდ ნაჭედ განძის მპოვნელი,
რომ ყველაფერი არ არის ბინდი,
რომ არც სიზმარი არის ყოველი.
რომ იქნებ მათაც,
მიწიდან ახლა
ამ ძვირფას თვლებით რომ შემოგვხედეს,
სიზმრად მიაჩნდათ ყოველი ქვეყნად,
ამ უკვდავ განძის ძველ შემოქმედებს.
ჩვენ კი დღეს სწორედ,
ჩვენ კი დღეს სწორედ,
ათას წელს ქვებში მოწმედ დებულებს,
ათას წლის შემდეგ მაღლა ვწევთ სურებს,
სასმურებს, მათგან მოწოდებულებს.
არა, არ წაგყვეს,
არ წაგყვეს ჯავრი, -
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
რატომ დგას, რატომ, დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი!