
სკანდალი აზერბაიჯანში: დედას, შვილის ცხედარი გულისა და ღვიძლის გარეშე მიუსვენეს
07:53:01     10-09-2012
აზერბაიჯანი მორიგ სკანდალში ეხვევა. 12 სექტემბერს ბაქოში პრესკონფერენციას ჩაატარებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის დედა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის ცხედარი გულისა და ღვიძლის გარეშე მიუტანეს. გარდაცვლილის სხეულში ამ შინაგანი ორგანოების არარსებობა უკვე ექსპერტიზამაც დაადასტურა.
„ჩემი შვილი ისლამ იბაევი ნახიჩევანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 40 დღის წინ ჩემთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მოვიდა და ჩემი შვილის ცხედარი მომიტანა. მითხრა, რომ ტყვიით მოიკლა თავი. ამ ადამიანმა სასწრაფოდ მომთხოვა დამეკრძალა შვილი, რაც გავაკეთეთ კიდეც“ - წერს დაღუპულის დედა ირადა მამედოვა აზერბაიჯანულ გაზეთში „ზერკალო.აზ“.
აზერბაიჯანში სამხედროებთან დაკავშირებით ორგანოების თემაზე სკანდალი პირველი არ არის. ოჯახმა გარდაცვლილი დაკრძალა, მაგრამ დაკრძალვიდან 39 დღის შემდეგ შვილის ცხედრის ექსგუმაცია მოითხოვა. ექსგუმაცია 7 სექტემბერს ჩატარდა. მას ნახიჩევანის სამხედრო პროკურატურის გამომძიებელი რაშად გულიევი ხელმძღვანელობდა.
„მას თავიდან არ სურდა დავეშვი გაკვეთაზე, მაგრამ არ დავუჯერე და დავესწარი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილზე არ იყო გული და ღვიძლი. გამომძიებელი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ეს ორგანოები, უბრალოდ, გაიხრწნა“ - ყვება ჯარისკაცის დედა.
მან ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას, სადაც მისი შვილი მსახურობდა, მომხდარის გახმაურება არ სურს და ამიტომ პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარის თქმა და ფული შესთავაზეს. თუმცა პრესკონფერენცია ბაქოში, 12 სექტემბერს მაინც ჩატარდება, - თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტში. მისი ორგანიზატორია შიარაღებული ძალების დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის ცენტრის დირექტორი ალეკპერ მამედოვი.
ცოტა ხნის წინ იგივე გაზეთი „ზერკალო.აზ“ წერდა ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები რაგიმ ნამაზოვის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ თავის დროზე ნახიჩევანის სამხედრო პროკურორის იაშარ ჰასანოვის მძღოლად მუშაობდა და ნახიჩევანში სამხედროებისათვის შინაგანი ორგაოების ამოცლა მათი გაყიდვის მიზნით ხშირად ხდებოდა.
სხვა დაღუპული სამხედროების მშობლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ შვილებს ორგანოები ამოცლილი ჰქონდათ. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანში ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დედამ საშინელი ისტორია გააჟღერა. კიფაიატ ისკანდერლიმ განაცხადა, რომ მისი შვილისა და კიდევ 7 სამხედროს შინაგანი ორგანოები საზღვარგარეთ გაყიდეს.
აზერბაიჯანულ პრესაში იმავე პერიოდში კიდევ ერთ საშინელებაზე ალაპარაკდნენ: რომ მოკლულ თუ დაღუპულ სამხედროებს ტვინს აცლიან - წერდა გაზეთი „აზადლიგი“.
18 წლის ჯარისკაცის ტაიფურ ბეიოვის ოჯახი აცხადებს, რომ როდესაც შვილის ცხედარი სახლში მიუტანეს, შინაგანი ორგანოები და ტვინი ამოცლილი ჰქონდა, სხეულზე კი მრავალჯერადი დაზიანებები ეტყობოდა.