სტეფან მალარმეს „ზაფხულის სევდა“ (გარდაცვალების დღისადმი)

  13:02:24     08-09-2012

1898 წლის 9 სექტემბერს, პარიზში გარდაიცვალა დიდი ფრანგი პოეტი სიმბოლისტი, თეორეტიკოსი და კრიტიკოსი  სტეფან მალარმე (Stéphane Mallarmé).

მისი ნამდვილის სახელია ეტიენ მალარმე (Étienne Mallarmé). დაიბადა 1842 წლის 18 მარტს, პარიზში.

ხუთი წლის იყო მომავალი პოეტი, როცა დედა გარდაეცვალა. ზრდიდნენ დედის მშობლები. 1852 წლიდან სწავლობდა სასულიერო პანსიონში. 1853 წლიდან ლიცეუმში, სანსში. 1857 წელს გარდაეცვალა 13 წლის და, რამაც ძალიან იმოქმედა მასზე. გაუჭირდა ლიცეუმში ყოფნაც.

1860 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი. მამას უნდოდა ის სახელმწიფო ჩინოვნიკი გამხდარიყო, მას კი პოეზია იტაცებდა. 1862 წელს რამდენიმე თვე გაატარა ლონდონში, ინგლისურის უკეთ შესწავლის მიზნით. 1863 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და ინგლისურ ენას ასწავლიდა ტურნონის ლიცეუმში. მერე ბეზანსონში გადავიდა, იქიდან ავინიონში, 1871 წლიდან პარიზში მოღვაწეობდა.

1866 წელს გამოქვეყნდა მისი 10 ლექსი კრებულში, რომელსაც “თანამედროვე პარნასი” ერქვა. იმდროიდელი ლექსებიდან ლიტერატურათმცოდნეების მიერ აღინიშნება: "გაზაფხულის მობრუნება" (1862 წელი), "ფანჯრები" (1863 წელი), "ლაჟვარდი", "სევდა", "ყვავილები" (სამივე 1864 წელი), "წმინდანი" (1865 წელი), ეკლოგა (“ეკლოგა” - ასახავს ყოფითს სცენებს მწყემსთა, მიწის მუშაკთა ცხოვრებიდან”) "ფავნუსის ნაშუადღევის დასვენება" (1865 წელი, გამოქვეყნდა უფრო გვიან. საფუძვლად დაედო კლოდ დებიუსის სიმფონიურ პრელუდიას), დრამატული პოემა "ჰეროდიადა" (1867–1869 წლები), "მოწყალება" (1862 წელი, საბოლოო ვარიანტი 1887 წელი) და სხვ. პოეტის იმ პერიოდის შემოქმედებაში შეიმჩნეოდა დეკადანტიზმის გავლენა, იმპრესიონიზმი, არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა, ფორმალიზმი, ასევე სინტაქსისადმი “გულგრილი” დამოკიდებულება.

ფორმალიზმი მის შემდეგდროინდელ ნაწაარმოებსაც გაჰყვა. მისი პოეზია მხოლოდ გამორჩეულთათვის, განსაკუთრებულთათვისაა მისაწვდენი. 1970-1980-იანი წლების მალარმეს ლექსებიდან აღსანიშნავია: "პროზა დეზესენტისათვის" (1885), "გედი" (1885), "ლექსები შემთხვევისათვის" (1880–1898; გამოქვეყნდა 1920), სონეტების ტრიპტიქი (1887) და სხვ. ამ ლექსებში ხშირად დარღვეულია გრამატიკული ნორმები, უარყოფილია პუნქტუაცია. აქცენტები კეთდება ლირიკული გმირის ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობაზე.

სტეფან მალარმე აქვეყნებდა სალიტერატურო თეორეტიკულ სტატიებსაც. მის სტატიებში "ლიტერატურის განვითარების თაობაზე" (1891 წელი) "ლექსების კრიზისი" (1895 წელი) "კონფლიქტი" (1895 წელი), "პოეზიის საიდუმლოება" (1896 წელი), ჩანს, რომ მისი შემოქმედება იცვლება.

სიმბოლიზმი ერთგვარი რეაქცია იყო რეალიზმისა და ნატურალიზმის მობეზრების, მიუღებლობისა და უარყოფისა დასავლურ სამყაროს შემოქმედებაში. ის პოზიტივიზმისგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა. სიმბოლოზმისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახეების სიმბოლოებით შეცვლა, ირეალური წარმოსახვითი სახე-ხატები, ზრუნვა სიტყვაზე და მუსიკალურობაზე. სიმბოლიზმი გაურბოდა რეალობას და სამაგიეროდ ძალიან ლირიკული პოეზია მოგვცა. სიმბოლიზმი იშვა XIX საუკუნის დასასრულს საფრანგეთში. საფრანგეთში მისი წარმომადგენლები იყვნენ შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე და სხვა. როგორც მიაჩნიათ ლიტერატურის მკვლევარებს, თავიდან სიმბოლისტური მოძრაობა შარლ ბოდლერის კრებულში “ბოროტების ყვავულები” გამოვლინდა. სიმბოლიზმის ესთეტიკა, განსაკუთრებით, განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-1870-იან წლებში.

სტეფან მალარმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლისტური პოეზიის ისტორიაში. მალარმე პარიზში ხელმძღვანელობდა სიმბოლისტებისა და იმპრესიონისტების, პოეტებისა და მხატვრების ჯგუფს. მისი აზრით, პოეზია კი არ გვიჩვენებს, არამედ შთაგვაგონებს. მან დიდი გავლენა იქონია ნაცნობებზე, თანამედროვეებზე და შემდგომი თაობის სიმბოლისტებზე. "სამყარო იმისთვის არსებობს, რომ წიგნში იქნეს შეტანილი" - წერდა სტეფან მალარმე. სიმბოლისტებისათვის, ერთგვარად, დამახასიათებელია მანიფესტური გამოხატვა პრინციპებისა, ესთეტიკისა და სხვა. მათმა მანიფესტებმა მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო მსოფლიოში.

სიმბოლისტები იყვნენ: ბელგიაში - ემილ ვერჰარნი, მორის მეტერლინკი. გერმანიაში - გერჰარტ ჰაუპტმანი, შტეფან გეორგე; ინგლისში - ოსკარ უაილდი, ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, ავსტრიაში - რაინერ მარია რილკე; რუსეთში - ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი, ვალერი ბრიუსოვი და სხვა.

სიმბოლიზმი ქართულ პოეზიაშიც გამოვლინდა და ძალიან ძლიერად. ეს, ერთგვარად, ჩვენი ხალხის წარმოსახვითი აზროვნების სიმდიდრის, ლირიზმისა და ასევე, ალბათ, სოციალ-პოლიტიკური და ეროვნული მდგომარეობით იყო გამოწვეული.

სტეფან მალარმე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში, უკვე XX საუკუნის დასაწყისიდან. გალაკტიონი აღტაცებული იყო მისით. მისით აღფრთოვანებული იყვნენ ჩვენი “ცისფერყანწელები”, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო, ტიციანი და სხვები. ტიციანი თავის ლექსში “ავტოპორტრეტი” მალარმეს აღტაცებით იხსენიებს: “ვფურცლავ მალარმეს „Divagations“-ს”.  ტიციანი წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქემს აგრძელებსო... აღფრთოვანებით მოიხსენიებს მალარმეს პაოლო იაშვილი: “გაგიჟებულ ფიქრს ოქროს სიტყვით ხიბლავს მალარმე” (სონეტი) და სხვა.

საქართველოში საუკუნის დასაწყისში, და მერეც, მალარმეს ლექსებს თარგმნიდნენ შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ანა კალანდაძე და სხვები. 1919 წელს ქუთაისში "მეოცნებე ნიამორებში" გამოქვეყნდა მალარმეს ლექსები   და პროზაული ნაწარმოებები (სანდრო ცირეკიძის ნათარგმნი).

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში მოგვეპოვება ვალერიან გაფრინდაშვილის ორი შესანიშნავი ესე, რომლებშიც ის აღტაცებით მოიხსენებს მალარმეს: „ბარათაშვილი“ და „სონეტის პრობლემა“. ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ესეში ვალერიანი წერს, რომ ბარათაშვილი: „განიცდის დროს როგორც კოშმარს, მიწაზედ მიჯაჭვული, როგორც მალარმეს თოვლიანი გედი“. სონეტი, ქართველი პოეტებისათვის ლექსის საყვარელი ფორმა გახდა, ქართული სონეტი მათ ძალიან დახვეწეს და უმაღლეს ხარისხზე აიყვანეს. ერთ-ერთი, ვისი სონეტიც ძალიან უყვარდათ ქართველ პოეტებს, იყო მალარმე. ესეში, „სონეტის პრობლემა“ ვალერიან გაფრინდაშვილი წერს: „სტეфან მალარმეს დაუვიწყარი "გედიც" - სონეტია“ (გედი დაიწერა 1885 წელს).

როგორც ვთქვით, სტეფან მალარმე გარდაიცვალა 1898 წლის 9 სექტემბერს, პარიზში, სულ 56 წლისა.

გავიხსენოთ სტეფან მალარმეს რამდენიმე ლექსი, რომლებიც შესანიშნავად თარგმნეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, გივი გეგეჭკორმა და ბადრი თევზაძემ.

გედი

(თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა)

მუდამ ბრწყინვალე, მედიდური და მოთარეშე,
ნუთუ შენ ახლა ვერ დაამსხვრევ ფრთის გაბრაზებით
ტბას ყოფილს, სადაც იქარგება თოვლის ხაზებით
სპეტაკი ყინვა - უზენაეს ფრენის გარეშე.

შენ წარსულ დღეებს, სევდის გედო, ეძვირფასები,
ებრძვი უდაბნოს განათებულ სიმწუხარეში,
შენ ვეღარ ცხოვრობ გამოგონილ უცხო მხარეში,
და აი ბრწყინავს თვით ზამთარი თეთრ დარბაზებით.

რომ გადალახავ მკვდარ სივრცეებს, ტყვილად გგონია,
ეალერსება შენს თეთრ კისერს თვით აგონია,
შენ ფრთებითა ხარ მოჯაჭვული ლაღი, გვიანი.

შენი ჩვენება ამ წყვდიადში კრთის - დარდიანი;
მარტოობაში დაგამშვიდებს მეფური ძილი,
და სიამაყით იმოსება შენი აჩრდილი.

ოხვრა

(თარგმნა გივი გეგეჭკორმა)

ო, ჩემო მშვიდო დაო, მე შენი შუბლი მათრობს,
იქ მოფენილი ჭორფლით თვლემს ოქტომბერი სათნო.
ანგელოსური მზერის დაუსაბამო წიაღს
სული მიელტვის ისე, როგორც შადრევანს მიაქვს
სევდიან ბაღში ოხვრად ლაჟვარდისაკენ ჭავლი!
ლაჟვარდისაკენ, სადაც ჯერ არ გასვლია ყავლი
ოქტომბერს, იმის ციაგს და თრობას ანდამატურს,
მიბნედილობას ცისას, ტბის მკერდზე გადახატულს,
სადაც ფოთოლი მიქრის და სულთმობრძავი ყვინთავს,
სხივადქცეულმა მზეზე რომ იკამკამოს ყვითლად.

ზაფხულის სევდა

(თარგმნა ბადრი თევზაძემ)

მზეო, მთვლემარე მორკინალო, ოქრო მაგ თმების
სილაზე ათბობს აბაზანას მხუთავს და დამდაგს,
რომელიც შთანთქავს მთელ საკმეველს შენი ღაწვების
და ცრემლებს ურევს სიყვარულის უტკბილეს ბადაგს.

თეთრი გიზგიზი მინელების ისე ჩუმია,
შენ გეუბნება (ო, ამბორნო მკრთომარევ შიშით)
“ჩვენ არ ვიქნებით არასოდეს მხოლოდ მუმია
არც პალმათა ქვეშ და არც ქვეშე უდაბნოს ქვიშის”,

მაგრამ მაგ თმათა სასიამო თბილ მდინარეში
სული მდევარი იძირება თრთოლის გარეშე
და შენთვის უცნობ არყოფნას ჭვრეტს, პოვნით გრძნეული.