რეზონანსული მკვლელობის ქრონიკა: რატომ მოკლეს ერაყელი ბიზნესმენი საფრანგეთში?

  12:00:21     08-09-2012

ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა გახსნას საფრანგეთის ალპებში, ანსის ტბის მიდამოებში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა, რომლის მსხვერპლიც პოლიციამ უკვე ამოიცნო. მამაკაცი წარმოშობით ერაყელი, ბრიტანეთში მცხოვრები 50 წლის ბიზნესმენი საად ალ-ჰილია, ორი ქალი - მისი დედა და მეუღლე, ველოსიპედისტი კი, რომელიც იქვე ახლოს ასევე მკვდარი იპოვეს, საფრანგეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, მკვლელობის შემსწრეა, რომლის ლიკვიდაციითაც დამნაშავემ ზედმეტი პრობლემები აიცილა თავიდან.

ცოცხლები დარჩნენ მცირეწლოვანი გოგონები. ერთი დაჭრილია და საავადმყოფოშია და ახლა მთელ საფრანგეთის მისდამი აქვს ყურადღება მიპყრობილი. ლონდონის პოლიციამ ჰილების სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა.

ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოკლულ საად ალ-ჰილს ბრიტანული დაზვერვა - მი-6 უთვალთვალებდა. „დეილი მეილის“ ცნობით, სპეცსამსახურების ყურადღება მან ჯერ კიდევ 20 წლის წინ მიიპყრო, იმ პერიოდიდან, როცა სპარსეთის ყურეში სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

თუმცა მსგავსი ვერსიები პოლიციას ჯერჯერობით არ აქვს. ძირითადი ვერსია, რომელიც სამართალდამცველებმა გაახმაურეს, არის ის, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. მოტივად კი ფული სახელდება. კერძოდ, საფრანგეთის პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ოჯახი ფულის გამო ნათესაურ კონფლიქტს შეეწირა. ეს ვერსია პროკურორმა ერიკ მაიომ გააჟღერა.

„როგორც ჩანს, ორ ძმას შორის ფულის გამო ჩხუბი მოხდა. ამ ინფორმაციას, რომელიც ბრიტანელმა კოლეგებმა მოგვაწოდეს, ძალიან მნიშვნელოვნად ვთვლით. აუცილებელია ყურადღებით მოვისმინოთ ძმის ვერსია“ - განაცხადა მან. ცნობილია, რომ  მოკლულის ძმა ბრიტანეთში  უკვე დაკითხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად მივიდა პოლიციაში და უდანაშაულობის მტკიცება დაიწყო.

ამასთან, გაირკვა ისიც, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე, ლონდონში, თავის მეზობელს ჰილმა დაუბარა, ყურადღება მიექცია ბინისთვის, რადგან რაღაც ეჭვები ჰქონდა. მეზობელმა ამ ეტაპზე უარი თქვა ჰილთან საუბრის დეტალები გაემჟღავნებინა. თუმცა დასძინა, რომ მას ეს ეჭვები პოლიტიკური ხასიათის არ ყოფილა.

სამართალდამცველებისთის ცხადია ერთადერთი რამ, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო, რადგან ის პროფესიონალურადაა შესრულებული. ყველა მსხვერპლს პირდაპირ შუბლში აქვს ტყვია ნასროლი და თანაც, თავის მიზანს ყველა ტყვიამ მიაღწია.