გაქცეული ბელორუსი სერჟანტი: არ მსურს ჩემს ხალხს ვესროლო
11:10:07     08-09-2012
სტეპან ზახარჩენკო ბელორუსის არმიიდან გაიქცა. როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მის სამხედრო ნაწილში მიიტანეს დოკუმენტი და მისგან ხელმოწერა მოითხოვეს. სერჟანტს ამ ხელმოწერით პირობა უნდა დაედო, რომ დემონსტრანტებს, რომელთა დასარბევადაც მას გაიყვანდნენ, - დახოცავდა.
როცა ამაზე უარი თქვა, სცემეს. მერე საავადმყოფოში მოხვდა. როცა გაწერეს და ნაწილში დაბრუნდა, კიდევ ერთხელ სცემეს და დაემუქრნენ. ამიტომაც, ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა.
უკვე კარგა ხანია პაბრადში, დევნილთა რეგისტრაციის ცენტრში იმყოფება. მას ლიტვამ თავშესაფარის მიცემაზე ერთხელ უარი უკვე უთხრა, თუმცა შსს არ ჩქარობს ზახარჩენკოს ბელორუსისთვის გადაცემას. სერჟანტი ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება მისთვის უბედურების მომტანი იქნება.
ზახარჩენკო პირველი სამხედრო არ არის, რომელიც უცხოეთში გაიქცა. მაგალითად, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სერგეი მაკარი შვედეთში გაიქცა, ალექსანდრე ბარანკოვი კი ეკვადორშია.
რას წარმოადგენს დღეს ბელორუსის არმია, დევნილ სერჟანტს ამის გახსენებაც არ სურს.
გარდა იმისა, რომ საკუთარი ხალხის დახვრეტას აიძულებდნენ, მაღალი რანგის სამხედრო პირები ხელქვეითებს მუდმივი შეურაცხყოფის რეჟიმში ამყოფებენ. ოფიცრებს „წრთვნის“ თავისებური მეთოდები აქვთ: ჯარისკაცებს მათრახებით ურტყამენ, სცემენ - მიზეზით თუ უმიზეზოდ. მაგალითად, სტეპანს თირკმელი დაუზიანეს და დაემუქრნენ, რომ დააინვალიდებდნენ.
ლიტვის საზღვარზე გადაიპარა და ვილნიუსში პოლიციას ჩაბარდა, სადაც მიზეზების მოსმენის შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადების დაწერა ურჩიეს, მერე კი დევნილთა სარეგისტრაციო ცენტრში გადაიყვანეს.
მისი ბელორუსში ექსტრადირება, ამბობს, რომ სიკვდილის ტოლფასი იქნება: „თავად განსაჯეთ: უცხოურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ურთიერთობა მტერთან. როგორც ჩვენთან პროპაგანდირებენ, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი - ნატოს წევრი ქვეყნები ჩვენი პოტენციური მტრები არიან...“ - ამბობს ზახარჩენკო.
მაგრამ ირკვევა, რომ ლიტველი ინსპექტორი, რომელიც მისი, როგორც დევნილის საქმეზეა მიმაგრებული, აღფრთოვანებულია ლუკაშენკოთი და ამიტომაც, ბელორუს სერჟანტს თავშესაფრის მიღება უჭირს. ამასთან, გააფრთხილეს, რომ არც ვილნიუსში ჩავიდეს, რადგან თანამემამულეები ეძებენ.
ზახარჩენკო ამბობს, რომ ბელორუსის არმიაში ბევრია ისეთი, რომლებიც მზად არიან დემონსტრანტებს ესროლონ, მით უმეტეს, რომ მათ შთააგონებენ - ოპოზიცია კონსტიტუციურ წესრიგს არღვევს.