ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებელი იზრდება, ოპოზიციის კი მცირდება

  17:35:34     07-09-2012

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 24 დღეა დარჩენილი, თუმცა, ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი არ არის ჩამოყალიბებული თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. ამის თქმის საბაბს ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იძლევა, სადაც კითხვაზე -  „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“? კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 22  პროცენტმა  - არ იცის, ხოლო კითხვას პასუხს 21 პროცენტი არ სცემს, რის გამოც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუის ნავარო პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს საკუთარ გეგმებზე გაცილებით მეტი ისაუბრონ, რადგან მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის თუ ვინ იქნება არჩევნებში მათი რჩეული.

საზოგადოებაში არსებული განწყობის გამორკვევის მიზნით, ორგანიზაციამ საველე სამუშაოები 31 ივლისიდან - 12 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა და  საქართველოს მასშტაბით 2038 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მოქალაქეები გამოკითხა, რომელთა 77 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას აპირებს.

კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% მხარს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, 12 პროცენტი - კოალიციას „ქართული ოცნება“, რომლის რეიტინგიც ივნისთან შედარებით, 6 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3 პროცენტი მხარს - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ უჭერს, 3 პროცენტი კი, არცერთ პარტიას.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ისიც გამოარკვია საზოგადოებაში თუ ვინ სარგებლობს სიმპატიით. კერძოდ, NDI–ს კვლევის თანახმად, კითხვაზე - „მოგწონთ თუ არა ესა თუ ის პიროვნება“ რესპოდენტთა 91 პროცენტი აცხადებს, რომ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსწონთ, 62 პროცენტი ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი მოსწონთ, რომლის რეიტინგმაც წინა კვლევასთან შედარებით 7%–ით მოიმატა. რაც შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, გამოკითხულთა - 61 პროცენტს ის მოსწონს, რომლის მაჩვენებელიც გასულ კვლევასთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების რეიტინგების ზრდის ფონზე, ოპოზიციონერთა რეიტინგებმა იკლო. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა და 39 პროცენტამდე დავიდა, ეკე ბესელიას რეიტინგი 22 პროცენტამდე (40 პროცენტი იყო) შემცირდა, გუბაზ სანიკიძის 22 პროცენტამდე (38% იყო), თინა ხიდაშელის 22 პროცენტამდე (45% იყო), ხოლო ირაკლი ალასანიას რეიტინგი 31 პროცენტამდე (39% იყო). უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში პირველად მოხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია და გამოკითხულთა 24 პროცენტს, ძალოვანი მინისტრი მოსწონს.

აღნიშნული საკითხების გარდა, NDI იმის გარკვევასაც შეეცადა, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ამა თუ იმ პოლიტიკური პირის საქმიანობის შესახებ და გამოკითხულთა 66 პროცენტს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საქმიანობა მოსწონს, 15 პროცენტს -  ვანო მერაბიშვილის (გაიზარდა 3 %-ით), 8 % - გიგი უგულავასი, ხოლო 10 პროცენტს მიხეილ სააკაშვილის. რაც შეეხება მმართველი ძალის კონკურენტი კოალიციის ლიდერის საქმიანობას, გამოკითხულთა 10 პროცენტს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა მოსწონს, მაგრამ ამ მაჩვენებელმა გასულ კვლევასთან შედარებით 2 პროცენტით იკლო.

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ გამოკითხულთა 38% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო  14% - კოალიცია „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება იმას, საქართველოს მოსახლეობა თუ ვის აირჩევდა ქვეყნის პრეზიდენტად, NDI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - „ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად“? გამოკითხულთა 27% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს, 12% ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, 4% კი ისევ მიხეილ სააკაშვილს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი, დღეს კვლევების პრეზენტაციაზე, ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ რესპონდენტებს განემარტათ, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით წილისყრის უფლება არ ჰქონდა, მათ პრეზიდენტად მაინც სააკაშვილი დაასახელეს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, NDI-მ საპარლამენტო არცევნებთან დაკავშირებით ბოლო კვლევა წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ორგანიზაციამ კვლევის შედეგები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინა. კვლევებს კი, აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).