
კანადა ხმაურიანი სასამართლოების მოლოდინშია: მკვლელები მსხვერპლს ანაკუწებდნენ...
17:24:46     07-09-2012
კანადის პოლიციამ განაცხადა, რომ ადამიანის სხეულის ნაწილები, რომლებიც ტორონტოში, ონტარიოს ტბის მახლობლად იპოვეს, ჩინელ ლიუ გუანჰუას ეკუთვნის, რომლის სხეულის კიდევ სხვა ნაწილებიც ტორონტოს შემოგარენში ადრეც აღმოაჩინეს.
41 წლის ქალი 19 აგვისტოს გაუჩინარდა. 16 აგვისტოს კი ქალაქის მახლობლად მისი ტერფები, ხელის მტევნები და თავი იპოვეს. სხეულის დანარჩენი ნაწილებიც რამდენიმე დღეში ტორონტოს აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. პოლიციამ უკვე დააკავა მოკლულის ყოფილი მეგობარი მამაკაცი, 40 წლის ჩუნ ცი ძიანი. მკვლელობაში სწორედ მას ადანაშაულებენ. სასამართლო მოსმენა 10 სექტემბერსაა დაგეგმილი.
ქალი მამაკაცს 4 წელია ხვდებოდა, თუმცა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ლიუ გუანჰუას სამი შვილი დარჩა. ის კანადის მოქალაქე, ლიცენზირებული კოსმეტოლოგი იყო და ბიზნეს-ლედის სახელიც ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ქალი სწორედ ყვითელი პედიკიურით მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა ამოიცნო.
ბოლო პერიოდში კანადის საზოგადოება შოკირებულია კრიმინალური სიახლეებით, რომელთა ხასიათიც ყველანაირ ზღვარს სცდება. მაგალითად, ორიოდე თვის წინ მონრეალის ერთ-ერთ პარკში მოჭრილი თავი იპოვეს, რომელიც ასევე ჩინელ სტუდენტს ცზიუნ ლინს ეკუთვნოდა. პოლიციის ცნობით, ის ცნობილმა პორნო-მსახიობმა ლუკა მანიოტამ მოკლა და აკუწა, რის შემდეგაც მკვლელობისა და სხეულის დანაწევრების ამსახველი კადრები ინტერნეტით თავადვე გაავრცელა.
მორიგი სკანდალი კი კანადაში მაშინ ატყდა, როცა პარლამენტსა და ვანკუვერის ორ სკოლაში თავზარდამცემი საფოსტო გზავნილები მიიღეს, რომლებშიც ადამიანის მოკვეთილი ხელები და ფეხები იდო. მალე სტუდენტის ტანიც ნაგვის გროვაში იპოვეს. ლუკა მანიოტა ბერლინში დააკავეს, რის შემდეგაც მისი მონრეალში ექსტრადირება მოხდა.
წინასწარ განხილვაზე სასამართლოში მას ბრალდებების მთელი სია ჩაუკითხეს. თავად პორნო-მსახიობმა ყველაფერი უარყო. ხმაურიანი პროცესი ლუკა მანიოტას საქმეზე ყველა მტკიცებულების შეგროვების შემდეგ, მომავალი წლის მარტის შემდეგ დაიწყება.