თემურ იაკობაშვილი: ივანიშვილს, თავის ლობისტებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს...

  14:56:28     07-09-2012

„ყველა ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ადგილობრივი მოთხოვნებია, ამ მოთხოვნების შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიანთი საარჩევნო ხმის უფლება და  არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მიიღოს“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა.

იაკობაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი იქნება 2 ადგილას გახსნილი, ესენია: ნიო იორკი და ვაშინგტონი. საკონსულო კი, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა მოქალაქეებმა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ.

„ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით, არ ვაპირებთ, შევუზღუდოთ რომელიმე მოქალაქის არჩევანის გაკეთების საშუალება. მესმის, რომ ვინმე შეიძლება 17:00 საათის მერე მოვიდეს ხმის მისაცემად, თუმცა კანონით როგორც არის დადგენლი ჩვენ ისე ვიმუშავებთ და ყველას ექნება შესაძლებლობა ხმა 17:00 საათის შემდეგაც მისცეს“,- განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეეხება არალეგალებს ამერიკაში, ელჩის განცხადებით, ისინი არ თანამშრომლობენ საკონსულოსთან, თუმცა თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს მიიღონ რაიმე ინფორმაცია, მათ ყველანაირად დაეხმარებიან. „ისინი არიან ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები და სრული უფლება აქვთ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეხეება ოპოზიციურ ძალას „ქართულ ოცნებას“ იაკობაშვილი ამ საკითხზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკაში ბიძინა ივანიშვილი არავის აინტერესებს.

„ივანიშვილზე ამერიკაში არ ფიქრობენ. ისინი თავიანთი არჩევნებით არიან დაკავებული. ივანიშვილის ლობისტების მიერ, კერძოდ კონგრესმენ მაკდერმონტის ინიციტივით, კონგრესში შევიდა რეზოლუცია, თუმცა მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია და ის ახლა საწყობშია მტვერწაყრილი. სექტემბერში კონგრესის მიერ იქნება მიღებული რეზოლუცია, რომელიც ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებს, დეოკუპაციის საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ვფიქრობ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილის ლობისტების ჯგუფის მოქმედება, რომელზეც კოალიციაში გაბერილი წარმოდგენა აქვთ“ – აცხადებს იაკობაშვილი.