ირონიული გი დე მოპასანი („შოპენჰაუერის ღიმილი“)

  08:48:58     07-09-2012

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს გენიალური გი დე მოპასანის შესანიშნავი მოთხრობები: „დუელი“ (თარგმნა იროდიონ ქავჟარაძემ) და „მინდვრებში“ (თარგმნა ნატალია ცაგარელმა). დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ დიდი მწერლის ნაწარმოებს „შოპენჰაუერის ღიმილი“ (ფრანგულიდან შესანშნავად თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა). გი დე მოპასანის ზოგიერთი მოთხრობა შემაძრწუნებელია, თუმცა, მწარე ირონიით სავსე. შეიძლება კაცმა იფიქოს, ადამიანებს დასცინისო. ზოგჯერ მოგეჩვენება კაცს, რომ ის დასცინს ყველას და ყველაფერს (მაგალითად მშობლურ გრძნობას მოთხრობა „მინდვრებში“, წინამდებარეში კი ავტორიტეტს. მაგრამ, უფრო მეტად მწერალი მწარე სინამდვილეს დასცინის, თუ გვაფრთხილებს მის შესახებ...

ისე, როგორც „დუელში“ და წინამდებარე მოთხრობაში ჩანს, გი დე მოპასანი ფრანგია, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით...

დიდი მწერლის სრული სახელია ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (Henry René Albert Guy de Maupassant). იგი დაიბადა 1850 წლის 5 აგვისტოს, საფრანგეთში, ნორმანდიაში, შატო მირომენილში, ქალაქ დიეპთან. მამა ძველი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ისინი ლორენიდან (ლოთარინგიიდან) გადმოსახლებულან ნორმანდიაში, დიდი მწერლის დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე. დედა ლორა დე პუატვენი ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი იყო.

სწავლობდა ივტოს სემინარიაში, საიდანაც დაითხოვეს. შემდეგ რუანის ლიცეუმში გააგრძელებინეს სწავლა, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა მოსწავლემ. გატაცებული იყო პოეზიითა და თეატრით.

1870 წელს დაიწყო პრუსია-საფრანგეთის ომი. ახალგაზრდა გი დე მოპასანი არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მსახურობდა რიგითად. 1871 წელს ომის დამთავრების შემდეგ იგი პარიზში გადავიდა. მათი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო. იძულებული იყო კლერკად ემუშავა საზღვა დეპარტამენტში.
 
დიდი გუსტავ ფრლობერი მისი დედის ახლობელი გახლდათ. პარიზში ფლობერის სახლში მომავალმა მწერალმა არა ერთი დიდი ადამიანი გაიცნო. 1878 წელს ის სახალხო ინსტრუქციის სამინისტროში გადაჰყავთ, სადაც რამდენიმე წამყვანი გაზეთის („ფიგარო“, „ჟილ ბლა“, „გოლუა“ და „ეკო დე პარი“) რედაქტორობდა.

თავისუფალ დროს მოთხრობებსა და ესსეებს წერდა. გატაცებით წერდა და შემდეგ ხევდა თავის ნაწარმოებებს, სანამ ფლობერმა არ მოიწონა მისი ქმნილებანი.

1880 წელს კრებულში „მედანის საღამოები“ დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა „ფუნთუშა“. ამ ნაწარმოებმა პოპულარობა მოუტანა. ამავე წელს გამოქვეყნდა კრებული 'ლექსები', შემდეგ ნოველათა კრებულები 'ტელიეს სახლი' (1881), „მადმუაზელ ფიფი“ (1882), „ვალდშნეპის მოთხრობები“ (1884),  'დღისა და ღამის ზღაპრები' (1885), 'პაწაწა როკი' (1886).

მწერლის დიდი ოსტატობა ჩანს, როგორც მის შესანიშნავ მოთხრობებში, ასევე რომანებში, „წუთისოფელი“ (1883), „ლამაზი მეგობარი“ (1885), 'მანტ-ორიოლი' (1886), 'პიერი და ჟანი', 'სიკვდილივით ძლიერი', „ჩვენი გული“. „წუთისოფელი“ გამოცმის წელსვე 25 000 ტირაჟით გაიყიდა, „ლამაზი მეგობარი“ 4 თვის მანძილზე 37-ჯერ გამოუციათ...

ლიტერატურულმა მოღვაწეობამ კარგი შემოსავალი მოუტანა. ეხმარებოდა დედას და ძმის ოჯახს. თუმცა, დაძაბულმა მუშაობამ ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე... უყვარდა განმარტოება. ბევრი იმოგზაურა ალჟირში, იტალიაში, ინგლისში, ბრეტანში, სიცილიასა და ოვერნში, და ყოველი მოგზაურობიდან ახალი კრებულით ბრუნდებოდა. ის თავისი კერძო იახტით ”ბელ-ამი” მოგზაურობდა, რომელსაც სახელი საკუთარი რომანიდან დაარქვა.

დაავადებული იყო სიფილისით, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ფსიქიკას. ცხოვრების ბოლო წლებში დიდ მწერალს სულიერ ავადმყოფად თვლიდნენ.

დიდი გი დე მოპასანი გარდაიცვალა, როგორც ვთქვით, 1893 წლის 6 ივლისს, ვერ მოსწრო 43 წლის ასაკამდე მიღწევა...

დიდი მწერალი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში.

შოპენჰაუერის ღიმილი

(ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა)

კვდებოდა იმდაგვარად, ვითარც ჭლექით დაავადებულთა ხვედრია. ვხედავდი, რარიგ უჭირდა სკამზე ჩამოჯდომა, ყოველდღე, ორ საათზე, სასტუმროს ფანჯრებს ქვეშ, პირით წყნარი ზღვისკენ. ერთხანს უძრავად რჩებოდა, მზეს მიფიცხებული და გრძნობადაცლილი თვალებს ხმელთაშუა ზღვის ტალღებს უშტერებდა. დროდადრო ნისლით შებურული მთის მწვერვალს გახედავდა ხოლმე. მთა მანტონს ზემოდან დაჰყურებდა. შემდეგ, ნელი მოძრაობით შარვლის ტოტში ძვალივით გაჩხერილ ფეხს ფეხზე გადაიდებდა და წიგნს შლიდა, მუდამ ერთსა და იმავეს. ჰოდა, აღარც ინძრეოდა. კითხულობდა. კითხულობდა თვალით და გონებით, ლანდადქცეული, მომაკვდავი სხეულით და სულიც თითქოს წიგნში ითქვიფებოდა და უჩინარდებოდა. ასე გრძელდებოდა, სანამ ცივი სიო არ დაუბერავდა და ხველებას არ დააწყებინებდა. დგებოდა და სასტუმროში ბრუნდებოდა.

მაღალი, წვერებიანი გერმანელი იყო. უკარება და მარტოსული; ოთახში საუზმობდა და სადილობდა. გარეთ კი ხმას არავის სცემდა.

ცნობისწადილი მიზიდავდა მისკენ. ერთ დღეს გვერდით მივუჯექი და მიუსეს ლექსების კრებული გადავშალე.

"როლას" კითხვა დავიწყე.

უცებ შემომიბრუნდა და გამართული ფრანგულით მკითხა:

- გერმანულზე როგორ ბრძანდებით, ჩემო ბატონო?

- მწყრალად, - ვუპასუხე, - ინჩი-ბინჩი არ გამეგება.

- სამწუხაროა; ვიფიქრე, რაკიღა შემთხვევამ შეგვყარა, ამ უძვირფასეს წიგნს ვათხოვებ-მეთქი.

- ასეთი რა არის?

- ჩემი მასწავლებლის, შოპენჰაუერის ნაშრომია. ხედავთ, მინდორზე მისი ხელით გაკეთებული მინაწერებია.

კრძალვით ჩამოვართვი წიგნი და ჩემთვის არაფრისმთქმელ სიტყვებს დავაკვირდი, რომლებიც ამქვეყნად ოცნებათა ყველაზე დიდი მოძულეს უკვდავ აზრებს მალავდა.

მიუსეს ლექსი გამახსენდა:

"ნუთუ ისევ მშვიდად განისვენებ, ვოლტერ,
ნუთუ შენი ამაზრზენი სიცილი,
დახრულ ძვლებზე ისევ ისე დაქრის?"

ჩემდაუნებურად, ვოლტერის ბავშვური, რელიგიური სარკაზმი გერმანელი ფილოსოფოსის დაუძლეველ ირონიას შევადარე, მოაზროვნესი, რომლის გავლენა ადამიანთა გონებიდან აროდეს წარიხოცება.

გნებავთ - დამეთანხმეთ, გნებავთ - არა, გინდ აღშფოთდით, გინდ აღფრთოვანდით, მე კი ჩემსას ვიტყვი: შოპენჰაუერმა კაცობრიობას საკუთარი ზიზღი და სიძულვილი დაანათლა და ამას აღარაფერი ეშველება. ყველაფრით გაბეზრებულმა მოთამაშემ თავდაყირა დააყენა რწმენა, იმედები, პოეზია, ქიმერები, მოაშთო კეთილი სწრაფვანი, საფუძველი გამოაცალა სულთა ერთობას, მიასიკვდილა სიყვარული, ხელი მოუთავა ქალის გაღმერთებას, გააცამტვერა გულის ილუზიები, ერთი სიტყვით, ბოლომდე გაიტანა ვეებერთელა მცდელობა სკეპტიკოსისა, რომლის მსგავსი კაცობრიობას აქამდე აროდეს მოვლენია. და დღეს, ისიც კი, ვინც ეშმაკივით უფრთხის მის ხსენებას, საკუთარ სულში ატარებს ნაწილს მის მიერ დანთხეული შხამისა.

- თქვენ რა, პირადად იცნობდით შოპენჰაუერს? - დავეკითხე გერმანელს.

სევდიანად გაიღიმა.

- ბოლო წუთამდე მის გვერდით ვიყავი.

ეს იყო და საუბარიც გაიბა. მიამბო, თუ რარიგ მომნუსხველ გავლენას ახდენდა ეს უცნაური პიროვნება ყველაზე, ვისაც კი მასთან სიახლოვე ხვდა წილად. ამ ყოვლის გამქიქებლისა და ვიღაც ფრანგი პოლიტიკოსის ერთი შეხვედრაც გაიხსენა. ფრანგი თავგადაკლული რესპუბლიკელი გახლდათ. ფილოსოფოსთან საუბარი ეწადა და მოიხელთა კიდეც, ერთ ხმაურიან ლუდხანაში, მოწაფეებით გარშემორტყმული, გამხდარი, თითქოს გამომშრალი, ნაოჭებით დაღარული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მართლაც, რომ დაუვიწყარი ქირქილით, მხოლოდ ერთი სიტყვით რომ გაწკეპლავს რა გინდა რა იდეას თუ რწმენას. აი, ისე, ძაღლი თამაშ-თამაშ, კბილის ერთი გაკვრით ძონძებად რომ აქცევს ჩვარს.

ფრანგის ის სიტყვები გამიმეორა, კბილებში რომ გამოცრა მან მაშინ, როდესაც სახეარეულმა და თავზარდაცემულმა, ლუდხანის კარებს მიაშურა: "ასე მგონია, ეშმაკს ველაპარაკე".

გერმანელმა წამით იყუჩა და შემდეგ დაამატა:

"ისეთი საშინელი სიცილი ჰქონდა, ჩემო ბატონო, მისი სიკვდილის შემდეგაც ტანში ჟრუანტელი გვივლიდა. თუ ინებებთ, აქამდე ყველასთვის უცნობ ამბავს გიამბობთ".

დაღლილი ხმით ყვებოდა. ჟამიჟამ ხველებაც ეძალებოდა.

- შოპენჰაუერი ის-ის იყო მიიცვალა. გადავწყვიტეთ, ორ-ორ კაცს, დაკრძალვამდე, ღამე გვეთია მის სარეცელთან. სადად გაწყობილ დიდ საწოლ ოთახში იწვა. ოთახი ვრცელი და ბნელი იყო. სასთუმალთან, მომცრო მაგიდაზე, ორი სანთელი ბჟუტავდა.

შუაღამისას ჩემი რიგი დადგა. ერთი ჩვენთაგანიც შემომიამხანაგდა. მეგობრები, რომლებიც შევცვალეთ, ოთახიდან გავიდნენ და ჩვენ საწოლთან ჩამოვჯექით.

მიცვალებულს არანაირი ცვლილება არ ეტყობოდა. სახე თითქოს უცინოდა. ესოდენ ნაცნობი ნაოჭი ტუჩებთან კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა. იფიქრებდი, სადაცაა შეირხევა, თვალს გაახელს და ენას ამოიდგამსო. მისი აზრები გარს გვეხვეოდა, ყოვლისმომცველი გენიის ატმოსფერო თანდათანობით ჩვენს გარშემო იკრიბებოდა. გვმოსავდა, გვეუფლებოდა. სიკვდილის შემდეგ მისი მეუფება უფრო მეტად საცნაური გახდა. სწორუპოვარი გონების ძლიერებას რაღაც მოუხელთებელი იდუმალებაც ახლდა თან.

დიახ, დიახ, მსგავსი პიროვნებებისა მხოლოდ სხეული ქრება, თვით ისინი კი რჩებიან. და, იმ ღამით, როდესაც გულისცემა წყდება, გარწმუნებთ, კეთილო ბატონო, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელნი გვეჩვენებიან.

ხმადაბლა ვსაუბრობდით, მის სიტყვებს, გამონათქვამებს, სენტენციებსა და გამაოგნებელ მაქსიმებს ვიხსენებდით. ისინი სადღაც ზემოდან გადმოსროლილ სხივებად წარმოგვედგინა, სიბრძნის შუქი იყო თითქოს, ხშირად ერთ სიტყვაში გამჟღავნებული, ესოდენი სიკაშკაშით რომ ანათებდა "უცნობი სიცოცხლის" * წყვდიადს.

- ასე მგონია, ცოტაც და ალაპარაკდება, - მითხრა მეგობარმა. შეშფოთებულნი, ცოტათი დაშინებულებიც, მიცვალებულის უძრავ, ისევ ისე მოცინარ სახეს მივაჩერდით.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო გვეძალებოდა კაეშანისა და უსუსურობის უცნაური შეგრძნება.

- არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ გარწმუნებ, რაღაც სნეულება შემიჯდა, - წავილუღლუღე.

სწორედ იმ წუთას გვეცა სიმყრალის სუნი. ცხედარი ყარდა.

მეგობარმა შემომთავაზა, მეორე ოთახში გავსულიყავით, კარები კი ღიად დაგვეტოვებინა. დავეთანხმე.
ერთ სანთელს დავწვდი, ერთიც მაგიდაზე დავტოვე. მეორე ოთახში გავედით და შორეულ კუთხეში დავსხედით, საიდანაც სანთლის შუქზე მიცვალებულის სახეს კარგად ვხედავდით.

მიცვალებულის სული არა და არ გვეშვებოდა. ჰაერში განფენილი, ყველაფრისგან თავისუფალი, ჩვენს გარშემო დაფარფატებდა. ზოგჯერ სიმყრალის სუნი აღწევდა, თითქოს სხეულში ჯიუტად შემოჭრას ლამობდა, გულისამრევი, შეუცნობელი.

უცებ ხერხემალზე სიცივემ დაგვიარა: მიცვალებულის ოთახიდან რაღაც ხმაური მოისმა, სუსტი და გამოუცნობი. ცხედარს გავხედეთ და დავინახეთ, დიახ, დიახ, ჩემო ბატონო, ცხადლივ დავინახეთ, ერთმაც და მეორემაც, რომ რაღაც თეთრი ჯერ ხალიჩაზე დაეცა, მერე კი სავარძლის ქვეშ შეგორდა.
გაფიქრებაც ვერ მოვასწარით, ისე წამოვხტით. რაღაც სულელურმა შიშმა აგვიტაცა, ლამის თმები ყალყზე დაგვიდგა. ერთმანეთს მივაშტერდით. სახეზე ფერი არ გვედო. გული ძალუმად გვიცემდა, მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. პირველი მე მოვეგე გონს:

- დაინახე?

- დავინახე.

- ცოცხალია?

- რომ იხრწნება?

- როგორ მოვიქცეთ?

მეგობარი შეყოყმანდა:
- წამოდი, ვნახოთ.

სანთელი ავიღე და ოთახში შევაბიჯე. კუთხე-კუნჭულამდე დავზვერე... არაფერი... სიჩუმე და უძრაობა... საწოლს მივადექი და ადგილზე გავქვავდი: შოპენჰაუერი აღარ იცინოდა. სახე საშინლად დაღმეჭოდა, ტუჩები მოეკუმა, ლოყები ჩაცვენოდა.

- არ მომკვდარა, - ძლივს ამოვღერღე.

მაგრამ სიმყრალე ისე მცემდა ცხვირში, ლამის იყო, სული შემეხუთა. ხელ-ფეხი გამიშეშდა, ცხედარს თვალს ვერ ვაშორებდი. რეტი დამესხა, თითქოს მოჩვენება გამომეცხადა.

ჩემი მეგობარი მეორე სანთელს წაეტანა და ცხედარზე დაიხარა. მერე მკლავზე ხელი შემავლო. საითაც მანიშნა, იქით გავიხედე და იატაკზე, სავარძლის გვერდით, მუქ ხალიჩაზე თეთრად მოელვარე, თითქოსდა საკბენად ფართოდ დაღებული კბილების პროთეზს ვკიდე თვალი.

გვამი იხრწნებოდა, ყვრიმალები გაიხსნა და პროთეზი გადმოვარდა.

იმ ღამით მე შიში ვჭამე, ნუ იტყვით, ჩემო ბატონო...

მზე მოელვარე ზღვაში იძირებოდა. გერმანელი წამოდგა, თავი დამიკრა და სასტუმროში შებრუნდა.

------
 
* - ეს სიტყვები არტურ შოპენჰაუერს ეკუთვნის (ავტორის შენიშვნა).