რუსეთი, სამხრეთ კავკასიაში, დიდი პროვოკაციებისთვის ემზადება...
08:03:21     07-09-2012
ბოლო ხანებში ხშირია არაოფიციალური ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებთან რუსეთის ჯარებისა და ტექნიკის კონცენტრაციის შესახებ. ცნობილი ხდება ასევე ცოცხალი ძალისა და ჯავშნტექნიკის მნიშვნელოვანი კონტინგენტის დაღესტნის, ბოლტიხისა და დიდოს რაიონებში გადაადგილების თაობაზე. ასეთ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Turan–ი ავრცელებს. რაც ყველაზე საინტერესოა, რუსეთის ოფიციალური ორგანოები ამ ინფორმაციას არ უარყოფენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარი მხოლოდ რუსეთის ჯარების კონცენტრაციაზე როდია. საქმეში ახლა თეირანიც ჩაერთო, რომელმაც ოფიციალური ბაქო სირიელ ოპოზიციონერთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თანაც ეს იმ მომენტში გააკეთა, როცა იქ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელდარ მამედიაროვი იმყოფებოდა. ირანული სააგენტო Arannews–ის ცნობით, თურქეთმა აზერბაიჯანი დაარწმუნა, სირიელ ოპოზიციონერებს მხარი დაუჭიროს იმ მიზნით, რათა ამით შეეწინააღმდეგოს სირიელ სომეხთა მთიან ყარაბახში გადასახლების პროცესს.
ამის პარალელურად, ისიც ცხადია, კრემლი პერიოდულად ცდილობს ყველას აგრძნობინოს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სხვის ზეგავლენას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ხასავიურტის მეჩეთში შიიტების ამასწინანდელი დახვრეტა სიგნალი გახლდათ ბაქოსთვის, რომ ის ნუ შეეცდება დაღესტანში შიიტებზე საკუთარი ზეგავლენის გავრცელებას.
იმავდროულად ცნობილია, რომ შემოდგომაზე რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ფართომასშტაბიანი სწავლებების ჩატარებას გეგმავს. აქ ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაცია უკვე მიმდინარეობს. ამიტომაც, ექსპერტთა ვარაუდით, საქართელოსა და ზერბაიჯანის საზღვრებზე ხანგრძლივი პერიოდით პროვოკაციები მოსალოდნელია.
აქვე ისიც უნდა დავსძინოთ, რომ აზერბაიჯანის პარლამენტში ახლახან მოულოდნელად დეპუტატ გუდრატ გასანგულიების ინიციატივით დაიწყო დისკუსია ქვეყნის სახელწოდების „ჩრდილოეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკად“ გადაკეთების შესახებ. ამით მათ პირველი ოფიციალური ნაბიჯი გადადგეს დიდ პოლიტიკაში სამხრეთ (ირანის) აზერბაიჯანის პრობლემის დამკვიდრებისკენ.
აქვე საინტერესოა გავიხსენოთ საგარეო საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო მრჩევლის, ვაფა გულუზადეს გამონათქვამი, რომელიც მან სააგენტო Vesti.Az–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი მიზანი აქვთ – შეცვალონ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი, რადანაც იგი ტოტალიტარული და ანტიამერიკულია. გულუზადე ირწმუნება ასევე, რომ „სამხრეთ აზრბაიჯანის ჩრდილოეთთან გაერთიანება ძალზე ძნელი და ხანგრძლივი პროცესი იქნება. მხოლოდ ირანის რეჟიმის დამხობის შემდეგაა შესაძლებელი ამაზე საუბარი, თუ, რა თქმა უნდა, სამხრეთელ აზერბაიჯანლებს ამის სურვილი ექნებათ“.
იმავდროულად გულუზადე იმასაც ამბობს, რომ ირანზე შეტევის შემთხვევაში ოფიციალურ ბაქოს თავის მოსაზრებას არავინ ჰკითხავს. გულუზადე მართალია იმაშიც, რომ აშშ ირანის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, იგი მის დაშლაში დაინტერესებული უნდა იყოს.
თუმცა აქ აზერბაიჯანს სხვა სახის პრობლემა შეიძლება შეექმნას. კერძოდ, პოლიტოლოგმა და პუტინის მარჯვენა ხელმა, მოდესტ კოლეროვმა ამასწინათ ოფიციალურ მოსკოვს ყარაბახის აღიარებისკენ მოუწოდა. მანვე Vesti.Az–თან ინტერვიუში ყარაბახის აღიარება არც აშშ–ის მხრიდან გამორიცხა. ასეთი პერსპექტივა, ბუნებრივია, უკვე თავად აზერბაიჯანს იძულებულს გახდის საომარი ქმედებები წამოიწყოს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამჯერად ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაცია რამილ საფაროვის გამო ისედაც უკიდურესად დაიძაბა და სარგსიანი საომარი მოქმედებების განახლებითაც დაიმუქრა, ასეთი პერსპექტივა ძალზე რეალურია.
ამ შემთხვევაში რუსეთი რომ სომხეთის მხარეს დაიჭერს, ეჭვსგარეშეა, ისევე, როგორც თურქეთი აზერბაიჯანისას.
თუ საომარი ქმედებები დაწყება, ექსპერტთა მოსაზრებით სომხეთი დარტყმებს ნავთობსადენებს მიაყენებს, რითაც აზერბაიჯანს და არამხოლოდ მას, დიდად დააზარალებს. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, რომ მოსკოვი შეეცდება აზერბაიჯანი თავის ჭკუაზე მოაქციოს. ასეა თუ ისე, მსგავსი სცენარი სამხრეთ კავკასიისთვის მისაღები რომ არ იქნება ფაქტია, რადგანაც რუსეთი სომხეთისკენ პირდაპირი გზის გაჭრას შეეცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ომს საქართველოსთანაც გააჩაღებს. გამოდინარე აქედან, რუსეთის სამხრეთ კავკასიაში შეჭრა რომ რეალურ სახეს იღებს, ფაქტია.