ტერენტი გრანელი - „ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია“

  11:38:31     06-09-2012

დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი დაიბადა 1898 წლის 25 ნოემბერს. პოეტის ნამდვილი გვარია კვირკველია. მომავალი გენიოსი დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. ზრდიდა მამა, რომელიც დაქორწინდა მეორედ, დარია მებონიაზე. დედინაცვალს ძალიან ჰყვარებია გერები, ტერენტი და მისი დები, მაშო და ზოზია.

მომავალი პოეტი სწავლობდა ცნობილი პედაგოგის იაკობ შანავას ხელმძღვანელობით, თან მამას ეხმარებოდა და წაღებს კერავდა. მეექვსე კლასში იყო სახლი დაეწვათ... სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. მამა გარდაეცვალა. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ამ სასწავლებელს გიმნაზიის სრული უფლებები ჰქონდა მინიჭებული. სასწავლებელი დაამთავრა 1920 წელს.

აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს „წალენჯიხელის“ ფსევდონიმით, „სახალხო საქმეში“ და „ახალ ნაკადში“. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1919 წელს. ამავე წელს გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და და ჟურნალი  „კრონოსის სარკე“.

1921 წელს გობრონ აგერელთან ერთად გამოსცა წიგნაკი „პანაშვიდები“. მერე გამოვიდა მისი „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წელს გამოვიდა ტერენტი გრანელის კრებული “სულიდან საფლავები“. წიგნს კრიტიკა აღფრთოვანებული შეხვდა.

1924 წელს გამოვიდა პოეტის კრებული MEMENTO MORI (გახსოვდეს სიკვდილი). რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა. 1924 წელსვე, რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

ტერენტი გრანელის ცხოვრებისეული კრედო კარგად ჩანს მის სიტყვებში: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან შესანიშნავ პოეტს და პატრიოტს, ბოლშევიკების მოწინააღმდეგეს და საქართველოს თავისუფლებაზე მეოცნებეს, - რომელსაც უკვე გაზეთები ლექსებსაც აღარ უბეჭდავდნენ და რომელსაც არც სამსახური ჰქონდა, - სულიერი დეპრესია დაეწყო...

დიდი პოეტი ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც გამოიქცა. პოეტი თბილისში, "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს. დაკრძალეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. 1987 წელს მისი ნეშთი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

გავიხსენოთ ტერენტი გრანელის რამდენიმე ლექსი. ამ დიდ შემოქმედზე საუბარი სხვა დროსაც გვექნება.

* * *

აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია.

* * *

არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.

მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.

შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ და მეშინია.

სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!.

* * *

არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი..

* * *

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ
მე ისევ დამრჩა გული პოეტის.
და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და გულმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ
უფრო მწუხარე გამოსალმება.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და ვეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ
ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და თბილისისკენ მივექანები.

* * *
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.

იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდა.

არ მახსოვს, გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული...

* * *

არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.

და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.

აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.

დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.

დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.

და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ...