ნიკოლო მიწიშვილის „სამშობლოს“

  11:35:57     06-09-2012

ნიკოლო მიწიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე) დაიბადა 1896 წლის 8 ნოემბერს.

მომავალი ცისფერყანწელი ქვეყანას მოევლინა ქუთაისის მაზრის სოფელ ჯვარისაში. 1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. მერე დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. მასწავლებლად მოშაობდა სოფლებში – ტობანიერსა და საჩინოში.

მისი პირველი ლექსი "მთებში" დაიბეჭდა 1912 წელს, ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში", მაშინ ნიკოლო 16 წლისა იყო.

1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს "გოლოს სალდატა".

1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდა ცისფერყანწელთა ორდენს. აქტიურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭდვით ორგანოებთან  -"მეოცნებე ნიამორები", "პოეზიის დღე", "ბახტრიონი", "ბარიკადი ", "რუბიკონი".
 
1921 წელს, ნიკოლო მიწიშვილის რედაქტორობით, თბილისში, დაარსდა გაზეთი "ფიგარო". იმავე წელს გამოიცა კრებული "პოეტი გრუზიი", რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი გახლდათ.

1922 წელს, თბილისში გამოიცა ნიკოლო მიწიშვილის პირველი წიგნი "წმინდანიანი". იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ჯერ სტამბოლში იყო, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნი "შავი ვარსკვლავი". 1924 წელს პარიზში ჩამოაყალიბა „ქართველ ხელოვანთა კავშირი", ნიკოლო მიწიშვილი საფრანგეთში თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "ახალ საქართველოსთან."

დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1926-28 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "ქართულ მწერლობას", იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ასევე ხელმძღვანელობდა სახელგამს. ბოლო წლებში რედაქტორობდა "ზარია ვოსტოკას".

ნიკოლო მიწიშვილი1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს. მაშინ სულ 41 წლისა იყო...

ნიკოლოზ მიწიშვილის ვაჟი, ილამაზ მიწიშვილი იხსენებდა: „ისეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც მაშინდელი საქართველო იყო, ყელაფერს ერთი ადამიანი წყვეტდა. ეს იყო ბერია. ერთ-ერთი წვეულების დროს ითქვა ბერიას სადღეგრძელო. ნიკოლომ დემონსტრაციულად უარი თქვა დალევაზე. ეს გაიგო ბერიამ და დაემუქრა, ციხეში ამოგალპობო. 1937 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს, 13 ივლისს კი დახვრიტეს.“ ილამაზ მიწიშვილის ვარაუდით, მამამისი, სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად, სოღანლუღთან ახლოს, ტრიალ მინდორში, დახვრიტეს.

იმ დღეებში დაიკარგა, უფრო სწორად, განადგურდა ნიკოლო მიწიშვილის არქივის დიდი ნაწილი, გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები და სხვა...

საქართველოს მზიან სერებზე 
 
დაჰბერავს ქარი საქართველოდან
და მოგონებას გავყვები ჩქარა -
ასეთი ბედი რად მომელოდა,
რად ავეკიდე კარიდან კარა.

გადამეშლება წარსული დღენი,
პოეზია და ცივი თითები.
გადამიარენ ვით ამორძლები
ამბები, ზღვებით განადიდები.

მაშინ გავიწევ ცისკენ ცერებზე,
გავიმართები, გულს გავაქორებ
და საქართველოს მზიან სერებზე
ცრემლიან თვალებს გადავაგორებ...

სამშობლოს 

ო, საქართველოვ, წიგნო, ჩუმად გადასაშლელო,
გულისცემაში ჩასრესილო, სიკეთევ წმინდა.
შენი წყლულებით მინდა გული მეც ავაჭრელო,
შენი სახელით გახარება ათასჯერ მინდა.

დიდი ტრფიალის მეც დამადგი მძიმე უღელი,
გასწონე გული სიყვარულის მწივანა ისრით-
მე, თავმოჭრილი, წამებაში შეწუხებული,
გეამბორები, სახსოვარო, სისხლიან კისრით.

სიყვარულს

ეგვიპტიდან მოტანილი ყალამუს,
ატირება დავრდომილი რითმების.
ვიცი - ბედი ჩემზე არ დაითმების,
არც ნაღველი ეღირსება მალამოს.

დამავიწყდა ქვეყანაზე რაც არი -
მეგობრები, სიხარული, სიამე.
ჭრილობანი გულზე დამესია მე,
რაც ავაგე შენი ტრფობის ტაძარი.

შენ გნახულობ კარის ეკლესიაში,
სადაც სწირავს დეკანოზი დიანოს,
განმიკითხე შენს მონათა სიაში,
ან მივიღებ რჯულს სამაჰმადიანოს.

უშენობით ვინ მიხილოს მცინარი,
შენს გადაღმა ქვეყნად რა დამრჩენია -
შენ გეძახი ფხიზელი თუ მძინარი,
საფლავშიაც ჩემი გული შენია.

გეძახი და კი ვერ გაგემხილები,
მემატება საწყენი საწყენზედა.
მესიზმრება შენი ოქროს ღილები -
ღვთისმშობელო მიმინოთი ცხენზედა.