
სკანდალი მოლდოვაში: ფსიქიატრიულ კლინიკაში, პაციენტებზე სამედიცინო ცდებს ატარებენ
22:07:48     05-09-2012
მოლდავურ ექსპერიმენტში კი რუმინეთიც არის ჩართული. ის კიშინიოვში პრეპარატს სცდის.
როგორც გაზეთი „ნოვი რეგიონი“ წერს, მოლდოვას რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტებზე უკანონო ექსპერიმენტები ტარდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი ასოციაცია „ჩემი მოლდოვას“ ხელმძღვანელმა ფედორ გელიჩმა განაცხადა. ინფორმაციას მოლდავური სააგენტო „მოლდნიუსიც“ აქვეყნებს. ამ ინფორმაციების თანახმად, ქვეყანაში ტარდება ექსპერიმენტი ავადმყოფებზე და ეს ყოველგვარი ნორმებისა და წესების დარღვევით ტარდება.
უკვე ცნობილია ერთ-ერთი ისტორიის დეტალები, რომლის მასალებსაც „ჩემი მოლდოვა“ გენპროკურატურისთვის გადასაცემად ამზადებს.
„ძალიან გაგვიჭირდა ინფორმაციის მოძიება იმ პირებზე, რომლებზეც ექსპერიმენტს ატარებდნენ, ასევე ექიმებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ქვეყანაში ხდება. თავის მხრივ, ჩვენმა წყაროებმა გვთხოვეს, ამ ადამიანების ვინაობის გამხელისგან თავი შეგვეკავებინა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური კლინიკის პაციენტებზე სამედიცინო პრეპარატებს სცდიდნენ. ბოლო წლებში მოლდოვაში, მედიცინაში, გლობალური მასობრივი ბიზნესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოლდოველებზე სამედიცინო პრეპარატებს სცდიან“ - განაცხადა გელიჩმა.
მისი თქმით, ამ ექსპერიმენტისთვის თელ-ავიველმა პროფესორმა ერთ-ერთ რუმინულ კომპანიას მიმართა. კომპანიამ კი პასუხისმგებლობა აიღო ექსპერიმენტის არა რუმინეთში, არამედ მოლდოვაში ჩატარებაზე. 5 თვის განმავლობაში ექსპერიმენტში ფსიქიატრიული კლინიკის 220-მა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა.
არსებული ინფორმაციის თანახმად, რუმინული კომპანია მოლდოვას კლინიკას ერთ პაციენტში 50 დოლარს უხდის. კონტრაქტი ფორმდება სამედიცინო პერსონალთან, ექთნებთანაც კი, რომელთათვისაც, თითო პაციენტში, რომელიც წამალს იღებდა, 70 დოლარია გათვალისწინებული.
ამ ყველაფრისათვის სპეციალური სქემა იყო მოფიქრებული, რისგანაც სამედიცინო დაზღვევის ფონდიც დაზარალდა. იხდიდნენ მხოლოდ კლინიკაში ყოფნის ერთი თვის ხარჯებს, ერთი თვის შემდეგ კი ფონდი დაფინანსებას წყვეტდა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი პაციენტს ეუბნებოდნენ, რომ ახალი დაავადება აღმოუჩინეს და ასე გრძელდებოდა მთელი კურსის მანძილზე, ვიდრე პრეპარატის გამოცდას არ დაასრულებდნენ, დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაში.
გელიჩის თქმით, ეს ძალიან საშიში ექსპერიმენტია ფსიქიურად დაავადებულ პირებზე, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძთ. ასოციაციამ „ჩემი მოლდოვა“ სამი შემთხვევის შესახებ მოამზადა მასალები, თუმცა ამბობენ, რომ ამ დროისათვის, ქვეყანაში, უკანონო ექსპერიმენტის დაახლოებით 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.