რატომ დააკავეს და გაუშვეს დედ ჰასანი – სოჭის ოლიმპადის კიდევ ერთი სკანდალი

  15:13:07     05-09-2012

როგორც რუსული მედია იუწყება, სამართალდამცველებმა რუსეთში ცნობილი კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი, იგივე დედ ჰასანი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასაუბროდ დააკავეს. გასაუბრების შემდეგ კი ისევ გაუშვეს. საქმე, რომელზე სასაუბროდაც დედ ჰასანი ადლერში შეაყოვნეს, სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების დატაცებას შეეხება - იუწყება „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. თუმცა ოფიციალური წყაროები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მედია წერს, რომ ეს, ბოლო პერიოდში 75 წლის უსოიანის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც სამართალდამცავები დედ ჰასანისგან კონსულტაციებს იღებენ, ის წარმატებულად ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ აღიძრა, როცა საოლიმპიადო ხარჯების დიდი ოდენობით დატაცების შესახებ გახდა ცნობილი.

ამ საქმის თანახმად ეჭვმიტანილები არიან კომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ორი ობიექტის მშენებლობის ხარჯებს ზრდიდნენ და საბოლოო ჯამში, 8 მილიარდი რუბლი მიითვისეს.

რა კავშირშია რუსული კრიმინალური სამყაროს ლიდერი დედ ჰასანი ამ საქმესთან, არ კონკრეტდება. არც ის, თუ რა იყო სამართალდამცველთა ინტერესის საგანი და გასაუბრების თემა უსოიანთან, რომელიც 1980-იანი წლებიდან რუსეთის მაფიოზური დაჯგუფებების კონტროლს წარმატებით ახორციელებს.