საქართველო ამბასადორიალს მასპინძლობს...

  12:47:33     05-09-2012

მიმდინარე კვირას, საქართველო მაღალი რანგის შეხვედრებს უმასპინძლებს. ქვეყანას, 6 სექტემბერს, ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი, რამდენიმე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და ამერიკელ სენატორთა ჯგუფი ეწვევიან, რომლებიც ამბასადორიალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 5-7 სექტემბერს გაიმართება. ამბასადორიალზე განიხილება  - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის,  ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები. ამასთან, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით ნატოს გენერალურ მდივანიც მიმართავს. ოფიციალური თბილისი კი, ამბასადორიალის  მასპინძლობისთვის მზად არის.

როგორც პრესა.ჯი–ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ანდრეს ფოგ რასმუსენის სტუმრობა მნიშვნელოვანია და ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის სტუმრობა იმას ნიშნავს, რომ საქართველო ყველა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს, რომელიც დემოკრატიის განვითარებას ეხება.

მინაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ნატოს დღის წესრიგში მუდმივად ფიგურირებს.  „ნატო განსაკუთრებულ ყურადაღებას  ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დემოკრატიულ პროცესებზე ამახვილებს“, – აცხადებს კანონმდებელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თემების გარდა, მაღალი რანგის შეხვედრებზე საუბარი რუსეთის მიერ დაგეგმილ წვრთნებსაც – „კავკაზ 2012“ დაეთმობა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე ამ წვრთნების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის რანგში საქართველოში მესამედ ჩამოდის. რასმუსენის გარდა კი, ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების პარალელურად ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. კერძოდ, ელჩები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს შეხვდებიან.