
აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, საქმიანობას ხვალიდან შეუდგება
11:59:27     05-09-2012
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი საქართველოში საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. ნორლანდი, საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა. რიჩარდ ნორლანდი დღეს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, შემდეგ კი, აშშ-ს ახალ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან.
ნორლანდმა, აშშ-ს წარმომადგენელი ჯონ ბასი, ელჩის პოსტზე საქართველოში ოფიციალურად 27 ივლისს შეცვალა, თუმცა ეს პერიოდი ტექნიკური დეტალების დაზუსტებას დასჭირდა.
აშშ-ს ელჩმა, პირველი კომენტარი თბილისის აეროპორტშივე გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული ინსტიტუტების აგების თვალსაზრისით, თუმცა იგი კვლავ აწყდება გამოწვევებს ამ მიღწევების კონსოლიდირების საკითხში.
„ჩემთვის, როგორც აშშ-ს ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება გავერკვე ამ პროცესებში დეტალურად და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. საქართველოში და საერთოდ კავკასიაში“-განაცხადა ელჩმა.
რიჩარდ ნორლანდის დიპლომატიური საქმიანობა 1984 წლიდან იწყება. ნორლანდი აშშ-ს წარმომადგენელი იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ნორლანდი მუშაობდა იმ ქვეყნების პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში იყვნენ.
ის ასრულებდა მისიებს ავღანეთში, ყველაზე რთულ პერიოდში. რაც შეეხება დიპლომატიურ მისიას, ნორლანდი საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლამდე, უზბეკეთში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი იყო.