პუტინი რუსეთში ახალ მონსტრ სპეცსამსახურს ქმნის
08:35:06     05-09-2012
რუსეთის ხელისუფლების ზედა ეშელონებში კვლავ ალაპარაკდნენ საგარეო დაზვერვის სამსახურისა (სდს) და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (უფს „ფეესბე“) შერწყმის თაობაზე. სავარაუდოდ, ყოველივე ეს რამდენიმე ეტაპად მოხდება და საბოლოო სახეს უკვე 2013 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
„სდს–სა და „ფეებეს“ შერყმის საკითხი ზედა ეშელონებში რამდენჯერმე გავიხილეს. თუმცა, მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ნატოს სხვა ქვეყნები ამის წინააღმდეგნი იყვნენ.თუმცა, ახლა, როცა პუტინი კვლავ მობრუნდა კრემლში ამ საკითხზე მუშაობა უკვე სასწრაფოდ დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ სპეცსამსახურები თავის დროზე ხომ ბორის ელცინმა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ქვეყნების მოთხოვნით დაყო, რამაც ორივე სტრუქტურა დაასუსტა. ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა“, – განუცხადა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ამ უწყებათაგან ერთ–ერთის მაღალი თანამდებობის მოქმედმა ოფიცერმა.
მისივე თქმით, „სდს–ს სადაზვერვო პოზიციები ბოლო ათი წლის მანძილზე მკვეთრად შეირყა. მისგან მოსული სადაზვერვო ინფორმაციის დონე ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკურ ხელისუფლებას ვერ აკმაყოფილებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მედვედევის სრული თანხმობით თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვის მიერ ჩატარებული სამხედრო რეფორმის შედეგად განადგურდა მთავარი სადაზვერვო სამმართველო, სიტუაცია ძალზე ცუდია“.
შეკითხვაზე, თუ რა მოელის სდს–ს შეფს, მიხაილ ფრადკოვს, ოფიცერმა აღნიშნა, რომ „მას დიდი ხანია საგარეო საქმეთა სამინისტროში კარგ თანამდებობაზე გადასვლა სურდა. ახლა, ეტყობა, ამ თხოვნას დაუკმაყოფილებენ“.
ოფიცრის მოსაზრებით, კრემლში ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს იმის შეუძლებლობა, რომ სრულფასოვანი აგენტურული მუშაობა დამყარდეს იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც „არაბულმა გაზაფხულმა“გადაუარა. ასევე ნატოს ქვეყნებშიც.
„სდს–მა ვერ შეძლო ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების რეზოლუციისთვის ნატოს პოზიციის შეცვლაზე წინმსწრები შეფასება მიეცა, ვერ მოახერხა აღმოეჩინა ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის ჩასახვა. შედეგად ჩვენი ქვეყნის (რუსეთის) ხელმძღვანელობა იძულებულია უბრალოდ რეაგირება მოახდინოს ჩვენი პარტნიორების ქმედებებზე და არა თავს მოახვიოს მათ თამაშის საკუთარი წესები“, – აცხადებს წყარო.
ყოველივე რომ ასე მოხდება და ეს ორი უწყება გაერთიანდება, ეს დასტურდება დუმის ფრაციებიდან და კომიტეტებიდან გამოსული ინფორმაციითაც.
ცნობისათვის, ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელსაც პოლიტიკურ ყნოსვას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ასევე საუბრობდა ამ ორი უწყების შერწყმის შესახებ.