მარინა ცვეტაევას ერთი ლექსის ქართული თარგმანის ხუთი ვარიანტი
08:32:07     05-09-2012
დიდი რუსი პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი მარინა ივანეს ასული ცვეტაევა დაიბადა 1892 წლის 26 სექტემბერს (ახალი სტილით 8 ოქტომბერს).
მომავალი პოეტი დაიბადა მოსკოვში, პროფესორის, ფილოლოგისა და ხელოვნებათმცოდნის, ივანე ვლადიმერის ძე ცვეტაევის და პიანისტის, მარია ალექსანდრეს ასულ მეინ-ცვეტაევას ოჯახში. ბავშვობის წლები მან მოსკოვში და ტარუსაში (კალუგა) გაატარა. ლექსების წერა ექვსი წლის ასაკში დაიწყო. ბავშვობიდანვე წერდა არა მარტო რუსულ არამედ ფრანგულად და გერმანულად.
1906 წელს გარდაეცვალა დედა. მარინას და მის უმცროს დას, მომავალ მწერალს, ანასტასიას, მამა ზრდიდა. მარინა სწავლობდა მოსკოვში, შემდეგ შვეიცარიისა და გერმანიის პანსიონებში.
1912 წელს მარინა ცვეტაევა ცოლად გაჰყვა სერგეი ეფრონს. მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი, არიადნა (ალია).1917 წელს შეეძინათ ქალიშვილი - ირინა, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვთა სახლში აღმოჩდა, სადაც 3 წლის ასაკში შიმშილისგან გარდაიცვალა. ქმარი რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, "თეთრების" მხარეზე იბრძოდა და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ, იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში.
1922 წელს მარინა ცვეტაევა არიადნასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ჯერ ბერლინში, მერე პრაღაში ცხოვრობდა. 1925 წელს ვაჟიშვილი შეეძინათ. საფრანგეთში ცხოვრობდნენ, სიღატაკეში. ქმარი ავად იყო და არ შეეძლო მუშაობა, ვაჟი პატარა იყო, არიადნა შლიაპებს კერავდა, მარინა წერდა...
როგორც ადრე მოვუთხრეთ ჩვენს მკითხველს, მარინა ცვეტაევას ჰქონდა მიმოწერა დიდ ავსტრიელ, გერმანელ პოეტთან, რაინერ მარია რილკესთან...
1937 წელს რუსეთში დაბრუნდნენ არიადნა და მამამისი. 1939 წელს დაბრუნდა პოეტიც. სერგეი ეფრონი მალე დახვრიტეს ბოლშევიკებმა. არიადნა 1955 წლამდე ციხეში იჯდა.
გამწარებულმა და დაავადებულმა მარინა ცვეტაევამ თავი მოიკლა 1941 წლის 31 აგვისტოს.
ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მარინა ცვეტაევას ერთი შესანიშნავი ლექსის, „მე მომწონს, რომ თქვენ არ ხართ ავად ჩემით“, ქართულად თარმანის ხუთ ვარიანტს, ბესო ხომერიკის, ვასილ გულეურის, ქეთი თუთბერიძის, ანი კოპალიანის, კესო მუშკუდიანის მიერ თარგმნილთ.
* * *
(თარგმნა ბესო ხომერიკმა)
მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით,
მომწონს, რომ თქვენით არა ვარ ავად
და ის, რომ მძიმე სფერო პლანეტის
ფეხქვეშ დარჩება, არსად არ წავა.
მომწონს როცა ვარ თავაშვებული
და არასოდეს რომ არ ვწითლდები,
როს ეხებიან გაშეშებული
სადმე, შემთხვევით, ჩვენი თითები.
მომწონს, როდესაც სულ არ მაოცებს,
სხვას ეფერებით როცა ჩემს გვერდით
და მეც თუ ვინმეს თქვენთან ვაკოცე,
არ მეტყვით, დამწვას გეენამ ცეცხლით.
და რომ სახელებს ჩვენ ერთმანეთის
არ ვიტყვით ნაზად დილა-საღამოს
და არასოდეს სახელით ღმერთის
საყდარში ჯვარს არ დაგვწერს მამაო.
მადლობა თქვენდა ამ გულით, წრფელით,
თქვენ არც კი იცით, გიყვარვართ ისე,
თქვენდამი გრძნობით რომ არ ვარ ხელი,
თქვენზე არ ვფიქრობ ისევ და ისევ.
მასზედ, რომ მზე არ დაგვნათის მწველი
და რომ შევყურებ მთვარეს ეული,
ვაი, რომ ავად არა ვარ თქვენით,
ვაი, რომ ჩემით არ ხართ სნეული.
* * *
(თარგმნა ვასილ გულეურმა)
მომწონს, რომ ჩემით არა ხართ ავად,
მომწონს, რომ ავად თქვენით ვერც მე ვარ.
რომ დედამიწა ჩვენს ფეხქვეშ მყარად
დგას და არასდროს გამოგვეცლება.
მომწონს, რომ ვიყო თავქარიანი –
სიტყვის ძებნისას არ შევფერხდები,
არ გავწითლდები თვალსევდიანი,
სახელოებზე ოდნავ შეხებით.
მომწონს ისიც, რომ ჩემს გვერდით მშვიდად
სხვას ეხვევით და სხვის ალერსს ლამობთ.
რომ არ მაგზავნით ჯოჯოხეთს შიდა,
თქვენ რომ არ გკოცნით, ამისდა გამო.
რომ სახელს ჩემსას არ აიჩემებთ
დღისით თუ ღამით, ისე სრულიად...
რომ არასოდეს ტაძრის სიჩუმეს
არ გაჰკვეთს ჩვენი: ალილუია!
მადლობას გიხდით გულით და სულით,
რომ თქვენ – ისე, რომ არ უწყით თავად! –
ასე გიყვარვართ: სიმშვიდე სრული
მაქვს ღამით, სწორედ თქვენ გმადლობთ ამად,
რომ მთვარის შუქზე ერთად არ ვრჩებით,
მზე არ გვინათებს ზეცის კამარას, –
რომ – ვწუხვარ – ავად არა ხართ ჩემით,
რომ – ვწუხვარ – ავად თქვენით არა ვარ.
* * *
(თარგმნა ქეთი თუთბერიძემ)
მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,
მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,
რომ დედამიწის მძიმე სამყარო
არ მოგვერთმევა არავის ხელით.
მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,
აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,
და სიყვარულის ტკბილი ალმური
არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.
მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ
როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,
ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით
თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.
მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,
არ გესახებით ცხოვრების ლანდად,
და ეკლესიის საკურთხეველთან
ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.
მადლობელი ვარ მთელი არსებით,
ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,
შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,
ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,
რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე
აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,
გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით
და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული..
* * *
(თარგმნა ანი კოპალიანმა)
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,
რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,
ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.
მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,
თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები.
და კიდევ კარგი, რომ არ მესხმის იმდენჯერ რეტი,
რამდენჯერ თქვენს ხელს ხელით ოდნავ წამოვედები.
მე ისიც მომწონს, რომ ჩემს თვალწინ, ჩემი თანხლებით,
თქვენ ასე მშვიდად სხვას ეხვევით თავდავიწყებით.
და კიდევ კარგი არ მრისხანებთ და არ გახელებთ,
რო მეც სხვას ვკოცნი. . . და არ მწყევლით და არ მიწყრებით.
რომ ჩემს ნაზ სახელს, უნაზესო, უძილო ღამეს
არ იმეორებთ უნაზესი ბორგვით ღელვილი.
და არ დაარღვევს ტაძრის წმინდა დუმილის წამებს
,,ალლელუია” ღვთისგან ჩვენს თავს გარდმოვლენილი.
მადლობელი ვარ - სულით, გულით, მთელი არსებით,
ასე გულგრილად რომ მიანდეთ ბედის იალქნებს
ჩემი გრძნობები: რომ ყოველღამ მშვიდად მასვენებთ,
რომ თქვენი ხილვით იშვიათად მაფორიაქებთ.
რომ ბნელში ერთად არ ვუყურებთ მთვარის ავსებას
და დღისით თავზე არ გვეღვრება მზე – შარავანდი.
რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ, ვითარცა სნება;
და რომ თქვენც ჩემით, სამწუხაროდ, არ დაავადდით..
* * *
(თარგმნა კესო მუშკუდიანმა)
მე მომწონს ის, რომ სნეული ხართ თქვენ არა ჩემით,
მე მომწონს ის, რომ სნეული ვარ არა თქვენს გამო,
რომ დედამიწის მძიმე ბურთ ჩვენს ფეხთა ქვევით
არ იძვრის არსად და გამოცლას არასდროს ლამობს.
მე მომწონს, რომ ვარ ამნაირი თავაშვებული,
სასაცილო და არცა ვცდილობ სიტყვებით თამაშს;
რომ არ ვკრთები და არ ვწითლდები სუნთქვაშეკრული
სახელოებით ერთმანეთთან შეხებისაგან.
მე მომწონს ისიც, ჩვეულებრივ, ჩემს სიახლოვეს
სხვას რომ ეხვევით თქვენ ასეთი თავდაჯერებით
და არ მაგზავნით ჯოჯოხეთის ალმურში ხოლმე,
იმის გამო რომ არ გკოცნით და არ გეფერებით.
რომ ჩემს სახელსაც, ჩემო კარგო, ნატიფს და ფაქიზს
თქვენ არ ახსენებთ არც დღისით და არც ღამით - სულ არ...
რომ ეკლესიის სიჩუმეში თავდახრილთათვის -
ჩვენთვის - არასდროს გაიჟღერებს: ალილუია!
მადლობა თქვენს გულს და თქვენს ხელებს, მადლობა თქვენდა
იმისთვის, რომ მე - თქვენ თვითონ რომ არ იცით, ისე -
გიყვარვართ! გმადლობთ სიმშვიდისთვის ჩემთა ღამეთა,
ასე იშვიათ შეხვედრისთვის საღამოსპირზე;
იმისთვის რომ არ დავსეირნობთ მთვარიან გზებით,
მზისთვის, რომელიც არ დაგვნათის ჩვენ თავზე ამოდ.
იმისთვის, რომ თქვენ სნეული ხართ -ო! - არა ჩემით,
იმისთვის, რომ მე სნეული ვარ არა თქვენს გამო.